“დიდი საეკლესიო კრების მოწვევაა საჭირო... საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია”

“ჭირმა თავი არ დამალა. საქართველოს საპატრიარქოში სისტემური კრიზისია.

 

ეს სინოდი და ეს ეპისკოპატი არ არის შემძლე, რომ ამ კრიზისს გაუმკლავდეს. საჭიროა საეკლესიო ცხოვრების განახლება. ასეთი კრიზისების დროს დიდი კრების მოწვევა ხდება. მაგალითად, 1917 წელს დიდი საეკლესიო კრება მოიწვიეს, სადაც სასულიერო პირებიც იყვნენ და საერო, მრევლის წარმომადგენლებიც. სწორედ მათ აირჩიეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად კირიონი. მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ აქამდე მივიდეს საქმე და დიდი საეკლესიო კრების მოწვევა გახდეს საჭირო, მით უფრო, ეს ინიციატივა უკვე გაჟღერებულია”, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია” / დავით ბერძენიშვილი: “დიდი საეკლესიო კრების მოწვევაა საჭირო”.

 

 

“არაფერი დამანგრეველი ქვეყნისთვის არ ხდება, უბრალოდ,, დროს ასცდა და ჩამორჩა საპატრიარქო. 40 წელზე მეტია, რაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის ილია მეორე, რომელსაც აქვს დამსახურებებიც და შეცდომებიც. შევარდნაძე-ილია მეორის ეპოქა, საბჭოთა-პოსტსაბჭოთა ეპოქა ერთიანად დასრულდა. შევარდნაძე ცოცხალი აღარ არის, ილია მეორე ცოცხალია და ღმერთმა დიდხან ამყოფოს. ხელისუფლებასთან შეზრდილი საპატრიარქოს ურთიერთობები აღარ არის თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროსი ურთიერთობების მისაღები ფორმა. რაც შეეხება დანარჩენს, რომელ მღვდელმთავარს რა ცოდვა აღმოაჩნდა და თუ არ აღმოაჩნდა და აბრალებენ. ეს ჩემთვის საინტერესო აღარ არის. როდესაც ადამიანები ამ ტიპის ბრალდებების გამოდიან ერთმანეთის მიმართ, არ ვარგა, მაგრამ როდესაც ტაბურეტით ხელში გამოდიხარ და ადამიანს ჩაგრავ, მორალური კვარცხლბეკიდან ვეღარ იყურები და იქიდან ჩამოდიხარ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე არ მაქვს განცდა, რომ ვიღუპებით, რომ ქვეყანა იქცევა, რომ პატრიარქო გადასარჩენია. ეს სადღეგრძელოს ნაწილი მგონია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.

 

 

“სინოდი უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებამდე ვერც და არც მივიდა. ეს ცუდია. საქართველოს ეკლესიაში რუსული ძალის მოძლიერება ხდება. მოსაყდრე შიოც ამის ნაწილი მგონია. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ხელისუფლების გარეშე. თავის დროზე შევარდნაძემ თქვა - ჩვენ ილია მეორე შევარჩიეთ და გაამართლა კიდეცო. რასაკვირველია, ხელისუფლება ძალიან აფათურებს ხოლმე ხელს საპატრიარტო ტახტის მემკვიდრის შერჩევაში. მოსაყდრე შიოც ხელისუფლების გარეშე არ არის არის შერჩეული. მაგრამ ერთია შერჩევა, და ის, რომ ის ჯერ კიდევ არ არის პატრიარქი”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის გაუქმებაზე საუბრობენ. როგორია თქვენი პოზიცია?” - პასუხობს:

 

 

“ეს საკითხი არ არის აქტუალური. უფრო სწორად ვერ იქნება, რადგან მის გაუქმებას პარლამენტში დეპუტატების სამი მეოთხედის მხარდაჭერა სჭირდება. კონკორდატი არავითარ როლს არ თამაშობს, რადგან არ სრულდება იქ გაწერილი მუხლების დიდი უმრავლესობა. პუნქტების დიდი უმრავლესობა სადღეგრძელოებია. კანკორდატით არ იმართება დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა.... ეს პროცესი რაც უფრო ღრმად მივა ფსკერამდე, მით უფრო მეტი იქნება კათარზისი. დადგა გაჯანსაღების პერიოდი. საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია, ამიტომ ის თანამედროვე ფორმით უნდა შეიცვალოს”.

 

 

 

წაკითხვა 55 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.