რას აკეთებს საქართველო ვაქცინის დროულად მოსაპოვებლად

“დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ოფიციალური ნებართვა გასცა - ქვეყნის მასშტაბით “პფაიზერისა” და “ბიოტექის” ვაქცინა ხელმწისაწვდომი მომავალი კვირიდან იქნება.

რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ამ მხრივ, რა პროცედურების გავლა უწევს და კორონავირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღთან ხელმისაწვდომობა რამდენ ხანში გვექნება?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კოვიდვაქცინის გამოყენებაზე პირველი ნებართვა უკვე გაცემულია! - რას აკეთებს საქართველო ვაქცინის დროულად მოსაპოვებლად.

 

"დღეს მთავრობამ მიიღო მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების დამოუკიდებელი მარეგულირებელი სააგენტოს რეკომენდაცია “ფაიზერ-ბიოტექის” ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დამტკიცების შესახებ”, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასობაში, საქართველოს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სპეციალური ჯგუფია შექმნილი. “შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, საქართველოში ვაქცინის გამოყენების ნებართვას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო გასცემს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ესაა წამლების მარეგულირებელი სპეციალური სააგენტო “სსიპ”-ი და ამ სერთიფიკატს ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, რომ ამ ვაქცინის გამოყენება შესაძლოა. ჯერჯერობით ვაქცინასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ჯერ კონკრეტულად გადაწყვეტილი არაა იმიტომ, რომ სხვა ქვეყნები ჩქარობენ და ჩვენ სიჩქარე არანაირად არ გვაწყობს, იმიტომ, რომ ჯერჯერობით გამოყენება ისე აქტიურად დაწყებული არაა - მარტო ცხოველებზე და რამდენიმე მოხალისეზე რომ კარგი ეფექტია, - ეგრე არაა. საჭიროა, ვიცოდეთ თუ რამდენად ეფექტური იქნება, მერე ვაქცინას რომ გაიკეთებ, ანტისხეული აუცილებლად უნდა გამომუშავდეს, თორემ თუ ანტისხეული არ გამოიმუშავა, ასეთი ვაქცინა რად გვინდა, ეს მომენტები უკვე რომ დალაგდება და ვაქცინის ეფექტურობაც და გამოყენების საშუალება რეალური იქნება, მერე უკვე ჩვენც ვიფიქრებთ მაგაზე. „ჩვენთან ალბათ ვაქცინა უკვე რეალურად იანვარ-თებერვლისკენ იქნება, ორი-სამი თვე სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გაიგო ვაქცინა რამდენად ეფექტურია და უკურეაქცია აქვს თუ არა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

 

“საქართველოში კორონავირუსის დღიური მაჩვენებლისა და გარდაცვლილთა დინამიკა ისევ უარყოფითია, ჯერ ასე მალე რაოდენობის შემცირება არ მოხდება, იმიტომ, რომ ეს ადამიანები, ვინც ურთიერთობენ, შესაძლოა ავტობუსში არ გადაედოს, მაგრამ სახლში მიდის, მეზობელი ან ახლობელი ხვდება, იგივე მაღაზიაში იკრიბებიან და ა.შ. ბევრ მაღაზიაში ვიცი, რომ დისტანციის დაცვა არ ხდება, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით დრო გვჭირდება, რომ მივხვდეთ, ეს შეზღუდვები რამდენად ეფექტური იყო. შეზღუდვებიდან ორიდან სამ კვირაში რაღაცა შემცირება უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, რომ არიქა და ჯაჭვი გაწყდეს, ეს არ მოხდება, გამორიცხულია. ეს პირველ რიგში თავი თვითონ ადამიანებმა უნდა დაიცვან და მერე სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ვილაპარაკოთ. თუმცა წესით უნდა შემცირდეს, ყოველ შემთხვევაში, მესამედით მაინც”, - მიიჩნევს ხმალაძე.

 

“როგორც “რეზონანსთან” ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ამბობს, თუ ვაქცინა საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტოზური საშუალებების კონტროლის სამმართველოსა და რომელიმე ევროპული ქვეყნის მიერაა აღიარებული, ამ შემთხვევაში საქართველოში აღიარების მარტივი მეთოდი მოქმედებს. “ჩვენთან ამ ნებართვას ხარისხის კონტროლის სააგენტო გასცემს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, რომლის ხელმძღვანელიც არის კაპანაძე, მაგრამ თუ ეს ვაქცინა “ეფ-დი-ეი”-ს ან, რომელიმე ევროპული ქვეყნის მიერ აღიარებული, ჩვენთან არის მარტივი აღიარების მეთოდი, პრაქტიკულად საბუთების შემოტანის შემდეგ, 15 დღეში აღიარებული იქნება. აღიარების პრობლემა არაა იმდენად, რამდენადაც შესყიდვის პრობლემაა, რამდენად დროულად შევისყიდით”, - ამბობს სურგულაძე, რომლის თქმით, “მუქთად არავინ მოგვცემს - შეიძლება რაღაც ნაწილი გაჩუქონ, მაგრამ ეს მთლად მუქთად არ იქნება...” - დასძენს გამოცემა.

 

“რიგში უნდა ჩადგე, კონტრაქტები გააფორმო. კონტრაქტების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს და არ მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს, მგონია, რომ არაფერი არ მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა მეშლებოდეს. თუ ასე იმუშავეს, შესაძლოა ამათ ხელში საერთოდ ვერ ვიყიდოთ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა ვერ უზრუნველყვეს დროულად და შესაბამისი რაოდენობით, კორონავირუსთან ბრძოლის მუხლში მხოლოდ 310 მილიონია ჩადებული, როცა ამ წელს 780 მილიონი აიღო, მე არ ვიცი ეს 310 მილიონი რას უნდა ეყოს. თუ მერე ვაქცინების შესყიდვის ცალკე მუხლს გააჩენენ არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ეს მუხლიც არაა ჩაშლილი, ყოველ შემთხვევაში ვერ ვნახე და რა თანხაა გამოყოფილი, ესეც არ ვიცი. ეს ინფორმაცია საჯაროა, ეს საიდუმლო ინფორმაცია არაა, და მე ამის მოპოვება მიჭირს. ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა, თუ ისევე მოიქცევიან, როგორც სეზონური გრიპის ვაქცინის დროს, მაშინ ვაქცინა შესაძლოა ამ წელს საერთოდ არ გვეღირსოს. მაგრამ ღმერთმა არ ქნას, ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება, აქ ერთობლივად უნდა იმუშავოს, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მე არავითარ კლებას არ ველოდები, ხედავთ რა ხდება ქუჩებში და საკომენდანტის საათის დროს საავადმყოფოს აყაჩაღებენ და მე არავითარ კლებას არ ველოდები თუ რა თქმა უნდა ხელოვნურად რიცხვებს არ გადააკეთებენ” - დაასკვნის სურგულაძე.

 

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “სპუტნიკ V” მიაწოდოს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში მხოლოდ ის პრეპარატები მოხვდება, რომლებსაც ჯანმო დაამტკიცებს. “არის ქართული რეგულაცია, რომ საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა, აქამდეც და ამის მერეც, უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. იგივე ეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასაც. ყველამ იცით, რომ ვართ კოვიდის პლატფორმაზე (ჩOVAX), გარდა ამისა მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები ვაქცინის გარკვეულ მწარმოებლებთან, იგივე ევროპული თუ ამერიკული მწარმოებლები არიან, რომ კოვიდის პლატფორმის გარეშეც მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა”, - განაცხადა იმნაძემ. მისივე თქმით, ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინის მისაღებად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და დასძინა, რომ “ჯერჯერობით რუსულ ვაქცინაზე ლაპარაკი არ არის”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 94 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.