რა იწვევს კლიმატის ცვლილებას და როგორ უნდა შევაჩეროთ ის? - გამოკითხვა ქუთაისში

დღესდღეობით კლიმატის ცვლილება აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. მთავარი მიზეზი, რის გამოც დღესდღეობით კაცობრიობა ამ პრობლემის წინაშე დგას არის ადამიანის აქტიური საწარმოო საქმიანობა, მანქანების გამონაბოლქვი, ადამიანების მიერ გარემოს აქტიური დაბინძურება.

კლიმატის შეცვლის შედეგად იცვლება ბუნება, ეკოსისტემები, რომელთაგან მრავალი ვერ ასწრებს ადაპტაციას და გადაგვარდება; იზრდება ადამიანთა დაავადების რისკი, მათ შორის, ეპიდემიების გავრცელებისაც.

 

პრობლემის მოსაგვარებლად კი აუცილებელია დროული ქმედებები, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ზიანს და ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.

 

რა იწვევს კლიმატის ცვლილებას და როგორ უნდა შევაჩეროთ ის? - ამ საკითხზე Firstnews.ge-მ  ქუთაისის მოსახლეობა გამოკითხა (რესპონდენტების თხოვნით მათ სახელსა და გვარს არ ვასაჯაროვებთ ) :

 

- კლიმატის ცვლილებას გაუმართავი ტრანსპორტის მოძრაობა იწვევს და ურბანული დაგეგმარების არასწორი წარმართვა. ასევე, კარგი იქნება, თუ გამწვანების კუთხით იქნება გააქტიურებული პოლიტიკა და შესაბამისად გამწვანდება ქალაქი, კონტროლი მოხდება იმ დანადგარებისა და საწარმოების, რომლებიც აბინძურებენ გარემოს. იმისთვის, რომ გარემოს დაბინძურება შეჩერდეს აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა მოხდეს. ეს გამოიხატოს მათ მიერ აქტიური ქმედებებით, ასევე, გრანტის გაცემით, რომელიც წაახალისებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობის ჩართულობას. ევროკავშირთანაც გვაქვს ვალდებულები და შესაბამისად უნდა ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რაც მწვანე ჯანსაღ გარემოს აქვს.

 

 

- სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გარდა კლიმატის ცვლილებას იწვევს, მოქალაქეების უპასუხისმგებლობაც. მაგალითად, ნაგვის შემთხვევაში, თუ, როგორ არ ხდება მისი გადამუშავება. გვგონია რომ დედამიწის რესურსი ამოუწურვადია, სინამდვილეში კი - ამოწურვადია. ამას თუ არ გამოვასწორებთ ინდივიდუალურ დონეზე, ისე არაფერი გამოვა. მაგალითად, უნდა დავიწყოთ ნაგვით. ნაგავი უნდა ჩავყაროთ ურნაში, რომელიც შესაბამისმა ორგანომ უნდა გადაამუშაოს. ეს ერთ-ერთი წინაპირობაა. საქართველოს მაგალითზე დიდი ხანი არაა, რაც ნაგვის ურნაში ჩაყრის კულტურა გვაქვს. მძღოლები მანქანიდან ყრიან,  მოსახლეობა კი - კორპუსებიდან. როგორ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს - ამის შესახებ სკოლებში უფრო მეტი უნდა ისწავლებოდეს. ძალიან ბევრი აქტივობის გაკეთება შეიძლება სკოლებში. ასევე, ძალიან დიდი უნდა იყოს სახელმწიფოს ჩართულობაც. ნაგვის გადამუშავება აუცილებლად უნდა დავიწყოთ.

 

 

- კლიმატის ცვლილება დამოკიდებულია ძირითადად ჩვენზე - ადამიანებზე, რადგან ჩვენ ბუნებას არ ვექცევით ისე, როგორც თვითონ გვექცევა. ბუნება გვპატიობს ბევრ რამეს. ვიტყვი იმას, რომ დასუფთავებას უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. ნარჩენებს ადამიანი ბუნებაში ყრის და აბინძურებს - თუნდაც მდინარეში. საუკეთესო მაგალითი იყო - წელს შევესწარი, ქობულეთის სანაპირო სავსე იყო ნაგვის ნარჩენებით. რამდენიმე დღე ვერ ჩავდიოდით სანაპიროზე დასასვენებლად, თუმცა ამაშიც ჩვენ ვართ დამნაშავე. იცვლება ბუნების დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ. რატომ უნდა ჩავყაროთ სასმელ წყალში ნაგავი, რომელსაც საბოლოოდ ჩვენ ვსვამთ და მერე გვიკვირს რატომაა ამდენი ინფექცია და დაავადება. ჩვენ უნდა შევეცადოთ ამ პრობლემის მოგვარებას და ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებიც უნდა ჩაერთვნენ და შესაბამის ღონისძიებებს ატარებდნენ. უნდა დახარისხდეს ნარჩენები და გადამუშავდეს. კიდევ პოლიეთილენის პარკი იქნებ ამოვიღოთ ხმარებიდან და გადავიდეთ ნაჭრის პარკებზე, რომლებიც გადამუშავდება და ხელახლა გამოვიყენებთ. ასევე, მივესალმები იმას, რომ ნარჩენები ქილის სახით იქნება თუ მეტალის, დახარისხდეს.  ამისთვის შესაბამისი კანონიც უნდა არსებობდეს, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვიცხოვროთ.

 

- ჩემი აზრით, კლიმატის ცვლილებას იწვევს ბევრი მანქანა და ქარხნები, რომლებსაც ბევრი გამონაბოლქვი აქვს და ჰაერის დაბინძურება ხდება. ასევე საზოგადოება, რომელიც ბუნებაში ყრის ნაგავს და ამით გარემოს აბინძურებს. გამოსავალი ისაა, რომ  ელექტრო მანქანებზე უნდა გადავიდეთ და უფრო ნაკლები გამონაბოლქვი იქნება, ასევე ქუჩაში უნდა მოვერიდოთ ნაგვის დაყრას, რაც ისევ ჩვენი კულტურის ბრალია და ეს უნდა გამოვასწოროთ.

 

სტატია მომზადდა პროექტის „კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში"ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოსთან თანამშრომლობით და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ, კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებში.

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 515 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 21 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.