პირის მიმართ, რომელიც გაუმართავი გაზის მოწყობილობის შეცვლაზე უარს იტყვის, სანქციები ამოქმედდება

მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი და პირველი ნოემბრიდან გაზის მოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში, თუ პირი არ დაემორჩილება ინსპექტორებს და უარს იტყვის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი და გაუმართავი დანადგარის მოხსნაზე, ინსპექტორებს პოლიციის გამოძახების ვალდებულება ექნებათ.

 

ამასთან, კანონპროექტი, რომელიც უწყებათაშორისი დამუშავების პროცესშია და საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ შესულა, საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს.

 

კერძოდ, ჯარიმების ნაწილი 2021 წლიდან ამოქმედდება და ბუნებრივი გაზის მოხმარება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით, ბუნებრივი გაზის დანადგარის მოხმარება განთავსების ან/და საექსპლუატაციო პირობებთან შეუსაბამოდ, ასევე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობა სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის ექსპლუატაციის პირობების დარღვევით გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, იურიდიული პირები და საჯარო დაწესებულები კი 100 ლარით დაჯარიმდებიან.

 

იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელ ადგილას ბუნებრივი გაზის ისეთი დანადგარით ხდება სარგებლობა, რომლის განთავსება ამ ადგილას დაუშვებელია; თვითნაკეთი ან შესაბამისობის სერტიფიკატის/დეკლარაციის არმქონე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობა; ბუნებრივი გაზის მოხმარებაში ისეთი მილგაყვნილობის მეშვეობით, რომელიც არ არის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის გატარებისათვის; ბუნებრივი გაზის დანადგარის გამონაბოლქვისთვის ისეთი არხის გამოყენებაში, რომელიც არ არის საამისოდ განკუთვნილი ან ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაციაში სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის გარეშე, ფიზიკური პირი 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირები და საჯარო დაწესებულები კი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.

 

ჩამოთლილი დარღვევის გამეორება, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების გამო გამორთული მომხმარებლის გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა ან ბუნებრივი გაზის შიდა ქსელზე ისეთი ხელსაწყოს გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა, რომელიც გაუმართაობის გამო იყო ჩახსნილი/გამორთული გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო იურიდიული და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით.

 

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილება, რის გამოც კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილება.

 

ამასთან, განმარტებით ბარათში 2018 წლის სტატისტიკაა მოყვანილი და აღნიშნულია, რომ 1,035,823 გეგმური და არაგეგმიური შემოწმების შედეგად გამოვლინდა 124,945 დარღვევის ფაქტი. აქედან 123,633 დარღვევა გამოვლინდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლთან მიმართებაში, ხოლო 1,312 დარღვევა – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში. აღნიშნული დარღვევებიდან 105,848 მომხმარებელს გაეთიშა/დაელუქა გაზდანადგარი. დარღვევების გამო, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 26,085 მომხმარებელს.

 

გარდა ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომელიც ბუნებრივი აირის დეტექტორების გამოყენების ვერსიასაც მოიცავს.

წაკითხვა 107 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 11 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.