“ფრთხილად - მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!”

“ივანიშვილმა აირჩია ის გზა, რაც ყველაზე უკეთესად გამოსდის - ქველმოქმედება.

 

თუ ის განახორციელებს ამ პროექტებს, ქვეყნისთვის მხოლოდ კარგი იქნება, მიუხედავად ოპონენტების კრიტიკისა. ამასთან, აუცილებელია მთავრობის ეფექტიანი მუშაობაც, რისი გაკონტროლებაც მართებს მას, როგორც პარტიის ხელმძღვანელს. ეს ინტერვიუები, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ, შეიძლება ითქვას, პრელუდიაა, მე მისგან გაცილებით დიდ აქტივობას ველი. რაც შეეხება შედეგს, ცალკეული პროექტები ვითარებას ვერ შეცვლის, თუ მთავრობას არ ექნება სტრატეგიული გეგმა და არ იქნება სისტემური ცვლილებები, არჩევნებში შეიძლება გაიმარჯვონ კიდეც, მაგრამ ქვეყნის განვითარებაზე ეს არ აისახება”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ფრთხილად - მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!” / “რუსეთისთვის ეკლესიაში განხეთქილება საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებაში კიდევ ერთი დაპირისპირების კერის გაჩენისა, ამიტომაც გვმართებს დიდი სიფრთხილე”.

 

 

“ეკონომიკის, საფინანსო სფეროსა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა საჭირო. ინოვაციებია საჭირო სოციალური ვითარების შესაცვლელად. ჩვენი პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, სხვის გაშავებაზე, სხვის გაკრიტიკებაზე არიან გადართული. მიდგომა ასეთია - რაც უნდა გააკეთოს მეორე მხარემ, შეფასება ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიური იქნება. საზოგადოებაში არის მოთხოვნა სახელმწიფო იდეოლოგიის, ხედვის, რას ვაკეთებთ, რა გვინდა, რას ვთხოვთ მსოფლიოს და რას ვაძლევთ?.. იდეოლოგიის არარსებობა ფიტავს სახელმწიფო სხეულს. პოლიტიკური ცხოვრება დეგრადირებულია საქართველოში, ეს დაბალი პოლიტიკური კულტურისა და იდეების სიმცირის შედეგია. საჭიროა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი თაობის შემოსვლა. ასე რომ, თუ თვითონ არ გადახედავენ პოლიტიკური პარტიები საკუთარ დღის წესრიგს, საზოგადოების დაკვეთების სწორად შესრულებას არ დაიწყებენ, სულ ასეთ მდგომარეობაში იქნებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

 

 

"ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის პირველი დღე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა, რომელიც არავის გახსენებია. სამწუხარო სწორედ ის არის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თარიღები თუ ამბები ამ გაუთავებელი დაპირისპირებით იჩქმალება, რაც ჩვენს საზოგადოებას უფრო ანაწევრებს და ათითოკაცებს. რაც შეეხება ფილმს და მის გამო აჟიოტაჟს, ძალიან არაჯანსაღია ის ვითარება, რაც ლგბტ თემის გარშემოა შექმნილი. ეს განპირობებულია იმით, რომ ორივე მხარის მიერ ხდება საკითხის პოლიტიზება. როგორც ლგბტ თემის დამცველები, ისე მისი მოწინააღმდეგეები რადიკალური ხერხებით ცდილობენ საკუთარი პოზიციის გამოხატვას. მე ვნახე ეს ფილმი, მოგეხსენებათ, ჩემი პირველი პროფესია რეჟისურაა და სწორედ ამ თვალსაზრისით თუ შევაფასებ, მიმაჩნია, რომ როგორც ხელოვნების ნიმუში საშუალოზე დაბალი დონისაა, მიუხედავად მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდის სამსახიობო ოსტატობისა. რომ არა ასეთი პროვოკაციული და აგრესიული საპროტესტო აქციები, ვფიქრობ, ეს ფილმი ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩებოდა. სამწუხაროდ, ძალები, რომლებიც ზნეობის სახელით გამოდიან ქუჩაში, ძირითადად, პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მათ შორის ნამდვილად არიან გულწრფელად შეშფოთებული მოქალაქეებიც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“ეკლესიაში ნამდვილად არის პრობლემები, რაც შეიძლება ბევრი რამით იყოს განპირობებული. გავიხსენოთ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის სტილი, როგორ ცდილობდნენ და დიდწილად ახერხებდნენ კიდეც გავლენის მოსაპოვებლად მღვდელმსახურების, მათ შორის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელთა მოსყიდვას. ამის თაობაზე თვითონ “ნაციონალურ მოძრაობაში” იყო აზრთა სხვადასხვაობა, ნაწილი ამას აპროტესტებდა კიდეც. რას ვიზამთ, ეკლესიის წიაღშიც ადამიანები არიან და ბევრზე იმოქმედა “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკამ - უხეშად რომ ვთქვათ, ბევრი მიეყიდა. გავიხსენოთ იგივე მეუფე პეტრე, რომელიც შეიძლება ითქვას, დოტაციაზე ჰყავდათ - ის დიდ თანხებს იღებდა ხელისუფლებისგან, გვახსოვს ჯიპების ჩამორიგების ამბავიც... გარდა ამისა, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არაერთი ადამიანი ჰყავდა კა-გე-ბეს ჩანერგილი ეკლესიის წიაღში. თქვენ რა გგონიათ, ჩვენს ხელისუფლებებს არ ჰყავდათ და ჰყავთ იქ აგენტები?! ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, თავისი ქნა... ამას დაერთო ისიც, რომ პატრიარქი ასაკშია და ეკლესიაში ტახტისთვის ბრძოლა გაჩაღდა”, - ამბობს ექსპერტი.

 

 

“იმ მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის რამხელა ძალა აქვს ეკლესიის მხარდაჭერას და იმის შიშით, მოახლოებულ არჩევნებში შესაძლოა ეს ვეღარ მიიღოს სახელისუფლებო პარტიამ და შესაძლებელია საზოგადოებაზე ეკლესიის გავლენის შესუსტებას ცდილობდნენ, ვერ გავიზიარებ... რა სარგებელი შეიძლება მიიღოს “ქართულმა ოცნებამ", თუ ქართული ეკლესია დაიშალა? ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ შფოთისა და არეულობის საფუძველი, რაც მთელ სახელმწიფოს და მასთან ერთად ხელისუფლებასაც დააზიანებს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, თორემ მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კვლავ წინ იყოს. როცა ლაპარაკია ეკლესიისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე, ეს იდეალური იქნებოდა, მაგრამ წარმოუდგენელია. ნუ მოვიტყუებთ თავს - მომავალში ეკლესიაც შეეცდება პოლიტიკაზე ზეგავლენას და პოლიტიკაც ეკლესიის საქმეებში ჩაურევლად არ გაჩერდება. რაც შეეხება ეკლესიის რეფორმირებას, ვფიქრობ, აუცილებელია. ეს ცოცხალი ორგანიზმია, ცვლილებები მუდმივად საჭიროა, საჭიროა თაობათა ცვლა, მიდგომების შეცვლა. ამ ცვლილებებს ეკლესიურად განწმენდა ჰქვია, ეკლესია არაერთი მანკიერებისგან არის გასათავისუფლებელი და რაც მალე დაიწყებენ, მით უკეთესი. ქართული ეკლესია ტრადიციულად საგანმანათლებლო და ინტელექტუალური ცენტრი გახლდათ. ის მაშინ იყო ძლიერი და ავტორიტეტული, როდესაც ეს მიმართულება იყო წინ წამოწეული. როდესაც ეს არ ხდებოდა, ეკლესიის ავტორიტეტიც ეცემოდა. ახლა ქართული ეკლესიის მესვეურების ამოცანაა, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური რესურსი აღადგინონ”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

 

 

წაკითხვა 133 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.