March 28, 2024

“თუ ასეთ ქალს კომენდანტის საათის დროს ქუჩაში ნახავენ, არ დააჯარიმონ” - ოჯახური ძალადობა 6-ჯერ გახშირდა

“საქართველოში არსებული მძიმე ფემიციდის ფონი, უფლებადამცველების თქმით, საგანგებო მდგომარეობის და კომენდატის საათის გამოცახდების შემდეგ კიდევ უფრო საგანგაშოა. მათი ინფორმაციით, იმის გამო, რომ პოტენციურად მოძალადე მამაკაცები მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებიან, ფიზიკურმა, სქსუალურმა და ფსიქოლოგიურმა ძალადობის სტატისტიკამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მოიმატა. ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ სამი კვირის განმავლობაში მათთან 60-მდე ზარია შესული, სადაც ქალები ამბობენ, რომ კარანტინის და კომენდატის სათის გამოცხადების შემდეგ, მათზე ქმრები, ძმები, მამები და შვილები ყოველდღიურად ძალადობენ, მათ კი გარეთ გაქცევის საშუალებაც არ აქვთ და დახმარებას ითხოვენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “თუ ასეთ ქალს კომენდანტის საათის დროს ქუჩაში ნახავენ, არ დააჯარიმონ” - არასამთავრობოების ცნობით, ოჯახური ძალადობა 6-ჯერ გახშირდა.

 

“პატარაიას ინფორმაციით, მათი ორგანიზაციისთვის ეს რიცხვი ბევრია, რადგანაც მხოლოდ სამი იურისტი ჰყავთ და როგორც წესი, ჩვეულებრივ პერიოდში, სამი კვირის განმავლობაში 10-მდე ქალი თუ რეკავდა. თუმცა, არსებობს კიდევ სხვა ორგგანიზაციები, სადაც ამბობენ, რომ სტატისტიკის მატება სხვა კვირებთან შედარებით კიდევ უფრო საგრძნობია და დახმარების თხოვნით ქალების მიერ განხორციელებული ზარები გახშირდა. შს სამინისტროში ამბობენ, რომ მათი სტატისტიკა ასეთი მზარდი არ არის და მკვეთრი ცვლილება არ შეიმჩნევა. ამის საპასუხოდ კი პატარაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ მსხვერპლთა უმეტესობა, ჯერ ერთი, რომ ღიად პოლიციაში ზარის განხორციელებას ვერ ბედავს, რადგანაც ასეთი ოჯახების უმეტესობა პატარა სახლში ცხოვრობს და მოძალადე მას მეთვალყურეობს. მეორეც, არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც მსხვერპლი ქალები პოლიციაში დარეკვისგან თავს იკავებენ, ან არის შემთხვევები, როდესაც მათ სმს შეტყობინებებით სთხოვენ, რომ პოლიციაში დარეკონ, რადგანაც მოძალადე უთვალთვალებს და ვერ რეკავენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამ კვირების განმავლობაში ქალთა ძალადობის კუთხით მიმართვიანობის სტატისტიკა არ შეცვლილა, ჩვენი ორგანიზაციის და სხვა ორგანიზაციების სტატისტიკაც რადიკალურად შეცვლილია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში 60-მდე ქალმა გვთხოვა დახმარება. იზოლაციის და კარანტინის პირობებში, ზოგადად, ცნობილია, რომ ქალზე ძალადობა კიდევ უფრო იზრდება და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანაც არ არის. თუ ქალი პოლიციაში დარეკვისგან თავს იკავებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალადობა გაზრდილი არაა. რატომ არ რეკავენ - ეს კიდევ ცალკე პრობლეემაა. ერთი ის, რომ ქალს მოძალადე მუდმივად მეთვალყურეობს და მას პოლიციაში ასე ღიად დარეკვის საშუალება არ აქვს. ჩვენთან ესემეს შეტყობინებებიც შემოდის და გვთხოვენ, რომ პოლიციას მივმართოთ, ან პირიქით - რომ არ მივმართოთ და ჩვენ დავეხმაროთ. მათ აქვთ შიში, რომ მოძალადე თუკი შეიტყობს, რომ მან პოლიციაში დარეკა, მაშინ შედეგი კიდევ უფრო მძიმე იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბაია პატარაია.

 

“მისივე თქმით, კარანტინის და კომენდატის საათის პირობებში ისინი სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას ელიან. უფლებადამცველი ამბობს, რომ ბევრ ადამიანს იზოლაციაში ყოფნა ისედაც უჭირს, მით უმეტეს იმ პირებს, რომლებსაც მიდრეკილება ძალადობისკენ აქვს, მათთვის ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მაპროვოცირებელია. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეიმუშაოს კრიზისული გეგმა, თუ ასეთ სიტუაციაში რას გააკეთებს. თავშესაფრები უკვე სავსეა, ხოლო თუ თავშესაფრის მსურველ ქალთა რიცხვი კიდევ მოიმატებს, ამ კუთხით სერიოზული პრობლემა გაჩნდება. მით უმეტეს, თავშესაფრებმა კარანტინის და იზოლაციის წესები უნდა დაიცვან და ახალი ბენეფიციალების მიღების ადგილი რომც იყოს, მაინც ვერ მოხდება. ქალთა უფლებადამცველი ანა აბაშიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო ძალადობის მსხვერპლმა ქალმა პოლიციას რომც მიმართონ, გამოძიებას დროულად ვერ ახერხებენ, რაც მტკიცებულებების გაქრობის საფრთხეს ქმნის. ის პოლიცილებს ურჩევს, რომ გაითვალისწინონ არსებული სიტუაცია და ასეთი ქალების მიმართვას გულგრილად ნუ დატოვებენ”, - დასძენს გამოცემა.

 

“შესაძლოა ქალმა მოძალადეს თავი დააღწიოს და გარეთ გაიქცეს. დღეს კი ამას ვეღარ ახერხებენ, გარეთ ვერ გადიან, რადგანაც კომენდატის საათია და მათ პოლიციის დახმარების იმედი არ აქვთ. ვთხოვთ სამართალდამცველებს, რომ თუ კი ასეთ ქალს ქუჩაში ნახავენ, არ დააჯარიმონ. ჩვენი მიზანია, რომ შექმნილ სიტუაციაში ამ ქალებს დახმარება ყველა იმ წესების გათვალსიწინებით გავუწიოთ, როგორც ახლა ქვეყანაშია დადგენილი. იგივეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვთ. მათ სპეციალური ინსტრუქციები უნდა ჰქონდეთ, ასეთ სიტუაციაში როგორ იქცევიან. სტატისტიკა ნამდვილად გაზრდილია და ასევე სახიფათოა, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის ნდობა ნაკლებია. მათ 112-ზე დარეკვის ან ეშინიათ, ან კიდევ არა აქვთ იმედი, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მათ პოლიცია დაეხმარება”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ანა აბაშიძე.

 

“4 აპრილს კი პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების თქმით, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ჯ.ბ. არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, დასთან სტუმრად ყოფნის დროს, მეუღლეს - 1992 წელს დაბადებულ ი.ო.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 616 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 06 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.