April 26, 2024

ენგურზე, გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებმა, რომლებმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ვერ შეძლეს ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

 

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად განახორცილებს.

 

"ეს შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა. სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება", - განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებზე იმისათვის, რომ ამ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება შეფერხების გარეშე შეეძლოთ.

 

"აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში, რაც უზრუნველყოფილი იქნება 2019-2020 აკადემიური წლის დასაწყისისთვის. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ წელს პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, რომლის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 100-ზე მეტი ახალგაზრდისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ დაფინანსებას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ. აღნიშნული პროგრამა მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

წაკითხვა 701 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.