ცილოვანი დიეტების დადებითი და უარყოფითი მხარეები - უახლესი კვლევები

დუკანი იქნება ეს, ატკინსი, პალეო, საუთ-ბიჩი თუ სხვა, ჭარბი წონის მოსაცილებლად, ადამიანები ხშირად მიმართავენ ე.წ. ცილოვან დიეტებს.

კვების ამგვარ რაციონში, როგორც წესი ჭარბობს ცილით მდიდარი პროდუქტები და იზღუდება ნახშირწყლების მიღება.

 

ცილოვანი დიეტით ადამიანები წონაში შედარებით იოლად იკლებენ და ის ეფექტურია როგორც ახალგაზრდა, ისე ასაკოვან ინდივიდებში. ამერიკელი მეცნიერების მიერ უეიქ ფორესტის უნივერსიტეტში ახლახან დასრულებული ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ამ ტიპის დიეტით ადამიანები წონაში ისე იკლებენ, რომ ძვლოვან და კუნთოვან მასას ინარჩუნებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულთა ჯანმრთელობისთვის და მათი მობილურობის შენარჩუნებისთვის.

 

კვლევაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, საკონტროლო ჯგუფის მონაწილეებმა წონაში 6 თვის მანძილზე, დაახლოებით 8.1 კგ დაიკლეს. აღმოჩნდა, რომ დაკლებული წონის 87% შუატანის ცხიმზე მოდიოდა. ცილის მიღების დღიური ნორმა ექსპერიმენტის მონაწილეებს ექიმებმა ასე განუსაზღვრეს: სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე - 8 გრამი ცილა.

 

თუმცა, მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ კვების დროს უმეტესად აუცილებელია ბალანსის და მრავალფეროვნების დაცვა. როცა ერთი ტიპის საკვებს მეორეს შემცირების ხარჯზე გაზრდი, იზრდება ჯანმრთელობის რისკებიც. ე.წ. ცილოვანი დიეტების მიმდევრებს ხშირად აღენიშნებათ კალციუმის და ვიტამინ D-ს ნაკლებობა, მაღალი ქოლესერინი, მცენარეული ბოჭკოს მიღების სიმცირით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. რისკებს შორის სახელდება ნაწლავის კიბოებიც. რისკების გათვალისწინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ხანია რაციონში წითელი ხორცის შემცირების რეკომენდაციით გამოდის.

 

გასულ კვირაშივე გამოვიდა ავსტრალიელ მეცნიერთა კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ცილის დიდი რაოდენობით მიღებაზე დაფუძნებული დიეტები ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს და სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ამცირებს. კვლევა სამხრეთ ავსტრალიის ჯანდაცვის და სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარდა. ნაშრომის ავტორები ამტკიცებენ, რომ ორგანიზმს ნახშირწყლებიც სჭირდება და ამ უკანასკნელის დრამატულად შემცირება ჯანმრთელობას ვნებს.

 

ავსტრალიელი მეცნიერები ამბობენ, რომ ცილების ჭარბად მიღების შემთხვევაში, უჯრედში ცილების სინთეზის პროცესი ჩქარდება. სწრაფ სინთეზთან ერთად, იზრდება ჯანმრთელობის რისკებიც. ეს დაახლოებით ისევე ხდება, როგორც მანქანის ტარების დროს, რაც უფრო მაღალი სიჩქარით მივდივართ, მით მეტია შეცდომის დაშვების რისკი და ამ შეცდომით გამოწვეული შედეგის მასშტაბი - განმარტავენ მკვლევარები.

 

“ნახშირწყლებზე ბევრი ცუდი იწერება, განსაკუთრებით როცა საქმე დიეტას ეხება. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთავარი საიდუმლო ბალანსშია და იმის ცოდნაში, თუ რა განსხვავებაა “კარგ” და “ცუდ” ნახშირწყლებს შორის” - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი ქრისტოფერ პროდი.

 

ის გახდომის მსურველებს ურჩევს ნახშირწყლები ხილით, ბოსტნეულით და გადაუმუშავებელი ბურღულეულით მიიღონ. გასახდომად და გაჯანსაღებისთვის კი ხმელთაშუა ზღვის დიეტაზე დაფუძნებული რაციონი არჩიონ, რომელსაც წონაში კლების დადასტურებული ეფექტი აქვს და თან არც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს.

 

გახდომის ყველაზე ჯანმრთელ გზად, უკუჩვენებათა არქონის შემთხვევაში, ისევ მაქსიმალურად დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვება რჩება, დღიური კალორიების 10-20 პროცენტამდე შემცირებაზე დაფუძნებული. მაქსიმალური ეფექტურობისთვის და დაკლებული წონის შესანარჩუნებლად, კვების ახალი რეჟიმი თვეების მანძილზე უნდა გაგრძელდეს.

 

სასურველია ვარჯიშიც, ან თუ უკვე ვარჯიშობთ - ფიზიკური აქტივობის სიხშირის და ინტენსივობის გაზრდა. ნებისმიერ შემთხვევაში, კვების რეჟიმის შეცვლამდე და ახალი დიეტის დაწყებამდე, სპეციალისტები კონსულტაციის გავლას კვალიფიციურ ექიმთან გვირჩევენ, ისეთთან, რომელმაც თქვენი ჯანმრთელობის ისტორია იცის.

 

წყარო: amerikiskhma.com

წაკითხვა 66 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 26 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.