ზღვა და სექტემბერი - რჩევები

ბევრი ქალი ზღვაზე დასვენებას სექტემბერში ამჯობინებს, ე.წ. ხავერდოვანი სეზონის დროს.

საამისოდ ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს: ზოგს ამ დროს აქვს შვებულება, ზოგიერთი ჭარბი წონის გამო ერიდება ხალხმრავალ პერიოდს, ბევრს მიაჩნია, რომ  ზღვა სექტემბერში უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა, ზღვის სანაპირო კი გაცილებით მშვიდი. მართალია, სექტემბერია, მაგრამ მზის მცხუნვარება ჯერ კიდევ არ განელებულა. ზღვის სანაპიროზე თუ საცურაო აუზების ირგვლივ კვლავაც უამრავი ხალხია.



თუ მოხდენილი სხეულით თავის მოწონება გსურთ, ყურადღება მიაქციეთ კვებას, დაიცავით დიეტა, ოღონდ ის აუცილებლად ჯანსაღი უნდა იყოს. ამისათვის ახლობლებისა და ნაცნობების რჩევები არ კმარა - უპირველესად გამოცდილ დიეტოლოგთა თვალსაზრისი უნდა გაითვალისწინოთ. ენდოკრინოლოგები მიიჩნევენ, რომ ჭარბი წონის ერთბაშად დაკლება არასასურველია. თავდაპირველად წონის 10%-ის დაკლებაც საკმარისია. ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ჰიპერტონიისა თუ სხვა პათოლოგიების რისკის შემცირებას განაპირობებს. წონის დასაკლებად კი საჭიროა სწორად შერჩეული დიეტა, ფიზიკური დატვირთვა და ნატურალური გასახდომი საშუალებები.




რომელი დიეტა ჯობს?

მოხდენილობის აღსადგენად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჯანსაღი დიეტა უნდა არჩიოთ, რომელიც ორგანული საკვების მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. მისი დაცვა ადვილია, რადგან დღეში შესაძლებელია 5-6-ჯერ ჭამა. ამგვარად შიმშილი ნაკლებად შეგაწუხებთ და საკვების კალორიულობასაც გააკონტროლებთ: დღეში 1500 კილოკალორიაზე ნაკლები არ უნდა მიიღოთ. სასურველია, კერძები მცენარეული ზეთით შეაზავოთ. მარილი უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ. გაითვალისწინეთ, რომ მარილი ორგანიზმში სითხის დაგროვებას, ანუ წონის მომატებას ეხმარება. უამრავი კერძი შეიძლება მომზადდეს ძროხის, ქათმის, ინდაურის მჭლე ხორცისგან, თევზისგან. ისინი არცთუ კალორიულია. სამაგიეროდ, მდიდარია ცილებით, რომლებიც საჭიროა ორგანიზმში სისხლის წარმოქმნისა და ნივთიერებათა ცვლისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ვიტამინებით ამდიდრებს ორგანიზმს და ნაკლებად კალორიულიც არის. დიეტაში აუცილებლად ჩართეთ ხილი და ბოსტნეული. მცენარეული საკვები ეხმარება მონელებას. ძალზე მნიშვნელოვანია, საკვები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. დაძინებამდე 2-3 საათის განმავლობაში ნურაფერს შეჭამთ. თუ ვერ ითმენთ, შეგიძლიათ დალიოთ ჭიქა რძე, მაწონი ან იოგურტი. ასევე სასარგებლოა კვირაში 1-2 განტვირთვის დღე. ეს ნიშნავს, რომ დღეში 5-6-ჯერ ერთგვაროვანი საკვები უნდა მიიღოთ: ვაშლის დღეს - 1,5კგ ვაშლი, ხაჭოს დღეს - 400 გ უცხიმო ხაჭო, ბოსტნეულის დღეს - 1,2-1,5 კგ მცენარეული სალათა, შეზავებული ზეთით, ხორცის დღეს კი - 300 გ მოხარშული უმარილო ხორცი.




მიიღეთ სითხე

ორგანიზმისთვის აუცილებელია დღეში 2 ლ სითხის მიღება. ნაღვლის გადატვირთვას თან სდევს ქოშინი და შეშუპება. ცხიმოვანი სხეული დიდი ოდენობით შეიწოვს სითხეს და ის ორგანიზმში გროვდება, რაც წონის მომატებას იწვევს. ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოსადევნად სასურველია ოხრახუშის ნახარშის მიღება. ამ შემთხვევაში სითხე ისე გამოიდევნება, რომ არ იცვლება კალიუმის მარაგი, რომელიც აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური მუშაობისთვის, გულ-სისხლძარღვთა და შარდგამომყოფი სისტემის ფუნქციობისთვის.




აუცილებელია ვარჯიში


ჭარბი წონის დროს, კვების რეჟიმის დაცვასთან ერთად, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვაც. დღეში 30 წუთი მაინც უნდა დაუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშს - სიარულს, ცურვას, ველოსიპედით სეირნობას. არ არის საჭირო ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიში. 30-წუთიანი სწრაფი სიარულით 60 კილოკალორიას დაწვავთ. რაც უფრო უკეთესად გაქვთ კუნთები განვითარებული, მით მეტი კალორია იხარჯება. მაშინაც კი, როცა ისვენებთ, 0,5 კგ კუნთოვანი ქსოვილი ორგანიზმს ყოველდღიურად 35-45 კილოკალორიას ართმევს.




დაიკელით წონა? შეინარჩუნეთ მიღწეული!



თუ წონის კორექციას უკვე მიაღწიეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია მის შენარჩუნებაზე ზრუნვა. განაგრძეთ ვარჯიში, ერიდეთ ცხოველურ ცხიმს, ტკბილეულს, ფუნთუშეულს და ცომის სხვა ნაწარმს. წონის შესანარჩუნებლად არსებობს სხვადასხვა საშუალება. ერთ-ერთი მათგანია ქიტინი. ის მხოლოდ წონას კი არ აკონტროლებს, ეხმარება არტერიული წნევის მოწესრიგებას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ამაგრებს კბილებსა და ძვლებს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. წონის დაკლების შემდეგ კანი ზოგჯერ ეშვება. გამოიყენეთ კანის სიმკვრივის შესანარჩუნებელი სპეციალური მალამოები თქვენი კანის ტიპის შესატყვისად. 



გოგონები, განსაკუთრებით - სქესობრივი მომწიფების ხანაში, მეტისმეტად განიცდიან ზედმეტ წონას და გადაჭარბებული გულმოდგინებით იცავენ დიეტას, თანაც, როგორც წესი, ექიმთან შეუთანხმებლად. უნდა გვახსოვდეს: ამ ასაკში ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები ხდება. დიეტამ შესაძლოა ახალგაზრდა ორგანიზმს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. დიეტომანიით შეპყრობილ მოზარდებს აუცილებლად სჭირდებათ ექიმისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები. ექიმის დახმარებით შესაძლებელია ისეთი კვების რეჟიმის შემუშავება, რომ არც ორგანიზმი დაზარალდეს და არც ფსიქიკა.

 

https://mkurnali.ge

წაკითხვა 1219 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.