"ყოველი ადამიანი თავისი ქვეყნის სახეა...“ - მარინა გოგუას წარმატების გზა

“თავიდან ბოლომდე ქართველი ვარ, არანორმალური ქართველი. ვგიჟდები ჩემს სამშობლოზე. როდესაც საქართველოს ვახსენებ, თვალები ცრემლებით მევსება.

ეს რაღაც არანორმალური მონატრებაა,” – ამ სიტყვებს ისეთი ემოციით ამბობს, რომ უბრალოდ გულგრილად ვერ ხვდები, უეცრად ტანში ჟრუანტელი გივლის და გბურძგლავს. მისი ცხოვრების გზა აფხაზეთში დაიწყო, ბედნიერი ბავშვობით და სკოლის უამრავი წარმატებით. ხელოვნებისა და ხატვის სიყვარულმა კი ის ცნობილ დიზაინერად აქცია. „დედის დაჭრილი ფარდები, სუფრები, ყვავილებისგან დამზადებული კაბები,“ - ამბობს, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. დღეს სწორედ ის ადამიანია, ვის შექმნაზეც წლები იმუშავა და იწვალა. სწორედ ეს არის მისი წარმატების ფორმულაც - „დაუღალავი შრომა“.


დიზაინერი მარინა გოგუა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებისთვს სამოსს ქმნის, რომლითაც ისინი ოლიმპიადებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოდიან. მუშაობს ესპანელებთან, იტალიელებთან, აცმევს აშშ-ს, იაპონიის, ისრაელის მხატვრული ტანვარჯიშის გუნდებს.

 


საკუთარ ცხოვრებისეულ გზაზე, იმ პატარა დეტალებზე, რომლებმაც მისი მომავალი საფუძვლიანად შეცვალა და მსოფილო მასშტაბის წარმატება მოუტანა Firstnews.ge- ს დიზაინერი მარინა გოგუა ესაუბრა.

 

გზა აფხაზეთიდან დღემდე


აფხაზეთის ულამაზესი კუთხის, ოჩამჩირის რაიონ სოფელ კოჩარაში დავიბადე და გავიზარდე. აფხაზეთის ომის შემდეგ ძალიან მძიმე, რთული და შრომატევადი გზა დაიწყო. წარმოიდგინეთ თვალები ახვეული გაქვთ, მიდიხართ და წინ ღმერთი მიგიძღვით! უბრალოდ მიდიხართ ამ გზაზე. მაშინ ცუდზე არ ვფიქრობდი, არაფრის მეშინოდა, რადგან ყველანი ცოცხლები ვიყავით. დღევანდელი გადასახედიდან კი ვფიქრობ, რომ საშინელი გზა ყოფილა. იყო თავდაუზოგავი ბრძოლა და სურვილი ახალი, უკეთესი ცხოვრების.

 

ჩემი მეუღლე მურთაზ გოგუა 19 წლის იყო, მე 14-ის, როცა ერთმანეთი გავიცანით. შეყვარებულები ვიყავით და 21 წლის ასაკში ოჯახი შევქმენით. 27 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთიდან წავედი, მყავდა ოთხი წლის გიორგი. მარიამი მოსკოვში დაიბადა. როცა უცხო ქვეყანაში მოხვდები იცი, რომ სულ სხვა პასუხისმგებლობით უნდა იცხოვრო. ყოველი ადამიანი თავისი ქვეყნის სახეა და თუ აქ, ცუდად მოიქცევი, მთელი საქართველოს სირცხვილი იქნება. არასწორად გადადგმული თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვნად დააზიანებს შენი ქვეყნის იმიჯს. ყოველთვის ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, რომ საქართველო არ შევარცხვინო.

 

1111ddd 1982377285393852 3310857449442902016 n

 

გზა განათლებიდან წარმატების მიღწევამდე


კოჩარის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა დავამთავრე, რომელიც მაღალკვალიფიციური პედაგოგებით იყო დაკომპლექტებული. ამას მოწმობს ის, რომ ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი აღიზარდა ამ სკოლაში. ყველა მასწავლებელი მიყვარდა, განსაკუთრებით გამოვყოფდი რუსულის მასწავლებელს - ლიდა ჭკადუას და ხატვის მასწავლებელს - ნელი ჯომიდავას, რომელმაც ხატვა შემაყვარა. მან ჩაუყარა საფუძველი ჩემს დიდ მომავალს. სკოლის პერიოდში, ხატვის კონკურსებზე დავყავდი. აფხაზეთში ყოველთვის პირველ ადგილზე გავდიოდი, რაც ჩვენი სკოლის უდიდესი დამსახურებაა.

პროფესიით რესტავრატორი ვარ. მაშინ დიზაინერობა მოდაში არ იყო. მშობლებს ძალიან გაუკვირდათ, როდესაც ვუთხარი, დიზაინერი მინდა გავხდე-მეთქი. არ უნდოდათ ამ პროფესიას გავყოლოდი. ბავშვობაში თოჯინებით არ ვთამაშობდი, გავიდოდი გარეთ, ტოტებისგან ჩხირებს მოვაგროვებდი, ყვავილებს დავკრეფდი და ამ ყველაფრისგან კაბას ვქმნიდი. მქონდა ყვავილებისგან გაკეთებული უამრავი კაბა. ფარდები, ხალათები, სუფრები-ყველაფერი დავუჭერი დედაჩემს, რასაც ლამაზს და კარგს ვნახავდი, ყველაფერს ვჭრიდი. მინდოდა ჩემებურად გადამეკეთებინა. მართალია დედისგან ამის გამო ბევრი მხვდებოდა, მაგრამ მიღირდა. ამ ყველაფერს არანორმალური შრომის ფასად მივაღწიე. დღეს მიცნობენ, როგორც წარმატებულ დიზაინერს. ჩემ გვერდით ყოველთვის ძალიან ნიჭიერი ხალხი იდგა, რომლებიც წარმატების მიღწევაში მეხმარებოდნენ. მათ სჯეროდათ ჩემი და ამის დამსახურებაა, რომ დღეს ვარ ის, ვინც ვარ.

 

მხატვრული ტანვარჯიშის ახალი ტექნოლოგია და მსოფლიო მასშტაბის აღიარება


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის ვქმნი სამოსს, რომლითაც ოლიმპიადებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოდიან. ვმუშაობ ესპანელებთან, იტალიელებთან, ვაცმევ აშშ-ს, იაპონიის, ისრაელის მხატვრული ტანვარჯიშის გუნდებს. 10 წელზე მეტია, რაც მხატვრულ ტაბვარჯიშში, მსოფლიოში აღიარებულ ქართველ სპორტსმენს - სალომე ფაჟავას ვუქმნი შესაბამის სამოს. საზღვარგარეთ უფრო მიცნობენ, ვიდრე საქართველოში. აქ რამდენიმე პიროვნება მუშაობს: ქორეოგრაფი, მწვრთნელი, მუსიკოსი და ა. შ. ამ დროს შენ ხარ მხატვარი და შენ მიერ შექმნილ კოსტიუმში ყველაფერი უნდა იყოს ასახული. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მხატვრულ ტანვარჯიშში ყველაფერს ჩემსას ვაკეთებ, არასდროს ვხელმძღვანელობ სხვისი ნამუშევრებით. არ მიყვარს გადაკოპირება, რასაც ხშირად აკეთებენ დიზაინერები. ეს ჩემთვის მიუღებელია. მხატვრული ტანვარჯიშის ტექნოლოგია მე თვითონ მოვიგონე და ამით მთელი მსოფლიო სარგებლობს. ვცდილობ შევქმნა რაღაც ახალი. ჩემი ნამუშევრები რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ ისინი არასდროს მეორდება. ყოველთვის მაქვს განცდა, რომ ზემოთ არის რაღაც ენერგეტიკა, რომელიც შემოქმედებით ძალას მაძლევს. არასდროს ვძაბავ ჩემს თავს, მოვუსმენ მუსიკას, მოვუსმენ მწვრთნელისა და სპორტსმენის სურვილს და ვხატავ იმ წუთშივე. არ შემიძლია ვიფიქრო ძალიან ბევრი. პირველი ვარიანტი ყოველთვის გენიალურია. მეორე, მესამე უკვე წვალებაა. ჩემი მუშაობა არანორმალური შრომაა, ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. მოვდივარ დილით და საღამოს 12 საათზე ვბრუნდები სახლში. ასე მხოლოდ მაშინ მუშაობენ, როდესაც ძალიან უყვართ თავიანთი საქმე. სპორტსმენები ხშირად არც მეკითხებიან როგორ კოსტიუმს შევქმნი მათთვის, მეუბნებიან, რომ გავაკეთო ისე, როგორც თავად მსურს, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. ისინი მენდობიან და ბედნიერი ვარ ამით.


არასდროს მქონია პრეტენზია ვყოფილიყავი ცნობილი, უბრალოდ მინდოდა მეხატა. ამაზე ოცნებას ვერც გავბდევადი.

 

kkkk276332 2830059994076938240 n

 

ოჯახი, შვილები და ქართული ტრადიციები

ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ქართველს არ ვგავარ, თავიდან ბოლომდე ქართველი ვარ, არანორმალური ქართველი. ვგიჟდები ჩემს სამშობლოზე. როდესაც საქართველოს ვახსენებ, თვალები ცრემლებით მევსება. ეს რაღაც არანორმალური მონატრებაა. გავიზარდე არაჩვეულებრივ ოჯახში. მშობლებმა დიდი სითბოთი და სიყვარულით გამზარდეს. რუსეთში ქართული რესტორანი მაქვს, რომელსაც ჩემი მშობლების სახელები დავარქვი. იქ ყველა ქართულ ტრადიციას ვიცავთ. გვაქვს ქართული სამზარეულო, ქართული სიმღერები, ცეკვები, თამადა და ქართული სადღეგრძელოები.


ვცდილობ ქართული ტრადიციები გადავცე არა მარტო ჩემს შვილებს, არამედ მთელს რუსეთს. ქართველებს უნიკალური ტრადიციები გვაქვს, ვამაყობ ამით, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ საქართველო და მისი ტრადიციები. ჩემმა უფროსმა ბიჭმა მითხრა, რომ ძალიან უნდოდა ენახა საქართველო და გაეგო როგორი იყო ქართველი ხალხი. მთხოვა საქართველოში საცხოვრებლად გამეშვა. თავიდან ჩემთვის ეს შოკი იყო, ერთი მხრივ გამიხარდა, მაგრამ მეორე მხრივ, რთული გადასატანი იყო. დღეს, ზუგდიდის რაიონში  ერთი ჰექტარი მიწა აქვს და ცხოვრობს, როგორც ქართველი.

 

1111 dfd8440477293536608256 n

 

მოდა და ქართველი დიზაინერები


როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ და მაღაზიებში შევდივარ, ყოველთვის მაოცებს ქართველი დიზაინერების ფანტაზია. ამ ფანტაზიას დასასრული არ აქვს. არაჩვეულებრივი მხატვრები და დიზაინერები გვყავს. ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ ლამაზად ჩაცმის ნიჭი. ჩემზე ამბობენ, რომ ყოველთვის ელეგანტურ ტანსაცმელს ვქმნი. ეს გენში მაქვს. ქართველები ძალიან ელეგანტური ხალხი ვართ. აღტაცებული ვარ ქართველი ხალხის ფანტაზიით, ამ სფეროში ძალიან ნიჭიერები ვართ. ყველაზე ლამაზი გოგონები საქართველოში არიან და ყველაზე ლამაზადაც საქართველოში აცვიათ.

 

სამომავლო გეგმები


ეს გეგმები მუდმივად მეორდება. ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელება მქონდა, მერე ევროპის ჩემპიონატის. უკვე აღარც ვგეგმავ, ისინი მგეგმავენ. ვერ წარმოიდგენთ როგორ მინდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ რაც 25 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში გავაკეთე, რასაც ჩემი მოღვაწეობის შედეგად მივაღწიე, ამ ყველაფრის დათმობა ძალიან რთულია. აქ ბევრი მეგობარი მყავს. ვიცი, რომ ოდესმე დავბრუნდები საქართველოში, ოღონდ ჯერ ვერა.

 

რას უსურვებდით ქართველ ხალხს...

ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ, ყველაფერი გადაჭარბებულად ვიცით, ეს ისეთი მიწა-წყალია, ღმერთისგან ბოძებული, რომ მხოლოდ სიყვარულით და მიტევებით უნდა იცხოვრო. ვისურვებდი, რომ საქართველოში მუდამ სიყვარული, სტუმართმოყვარეობა და არანორმალური პატივისცემა ყოფილიყოს. არსად, არცერთ ქვეყანაში, არ არის ისეთი თვალები, როგორიც საქართველოში. აი, ამას ნუ დაკარგავენ, ეს შევინარჩუნოთ. მინდა ამ ლამაზ თვალებში მუდამ სიყვარულის სხივი კიაფობდეს. მე, როგორც აფხაზეთის მიწა-წყალზე გაზრდილი ქართველი, ვისურვებდი ეკონომიურად ძლიერ საქართველოს, რომელიც თავის ტრადიციებს ბოლომდე შეინარჩუნებს.

 

 

წაკითხვა 8448 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 27 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.