როგორი იქნება პარლამენტი ოპოზიციის გარეშე

როგორ პარლამენტს მივიღებთ, თუკი საპარლამენტო ოპოზიცია უარს იტყვის შესვლაზე და საკანონდებლო ორგანო მხოლოდ „ქართული ოცნების” 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი?

საქართველო, კონსტიტუციის უკანასკნელი ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, პარლამენტის გამართული ფუნქციონირება საკვანძო მნიშვნელობისაა ქვეყნის განვითარებისათვის. პარლამენტი ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა, ის საქართველოს მოსახლეობის არჩევანსა და მის ნებას უნდა გამოხატავდეს. ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი  ვერ  მიიღებს  ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო.

 

ოთხმოცდაათი წევრით წარმოდგენილი პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებასაც 100 ან 113 ხმა ჭირდება და ძალიან გართულდება 90 ხმის მობილიზებაც.  ასეთი გადაწყვეტილება კი არაერთია.

 

კანონები, რომლებსაც პარლამენტი ვერ მიიღებს

პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით (100 ხმა) იღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე  კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ.

პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) იღებს კონსტიტუციურ კანონს ერთი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში.

 

გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარლამენტი ვერ მიიღებს

პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით (90 ხმა)  ირჩევს სახალხო დამცველს, ამტკიცებს საკონსტიტუციო შეთანხმებას, ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უნდობლობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.

პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით(100 ხმა) ახორციელებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით  (113 ხმა) ახორციელებს იმ ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას.

 

თანამდებობის პირები, რომელთა ადგილები ვაკანტური დარჩება:

  • ნდობის ჯგუფი 5 წევრის ნაცვლად, 3 წევრით იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან ოპოზიციის კვოტას, რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობა ვერ შეავსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სექტორის კონტროლი, რომელიც ტრადიციულად სუსტია,  ფაქტიურად ვერ განხორციელდება;
  • პარლამენტის თავმჯდომარეს 4 მოადგილის ნაცვლად, 2 მოადგილე ეყოლება, რადგან 2 მოადგილე ოპოზიციური ფრაქციებიდან უნდა იყოს არჩეული;
  • ვაკანტური დარჩება კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის თანამდებობაც, რადგან  კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილიდან 1 ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს;
  • საპროკურორო საბჭოში პარლამენტს 2 წევრის ნაცვლად, 1 წევრი ეყოლება, ვინაიდან ერთი წევრი აუცილებლად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საკონკურსო კომისიის შექმნის საჭიროების შემთხვევაში, მასში 9 წევრის ნაცვლად, 6 წევრი იქნება წარმოდგენილი, რადგან ოპოზიციის უფლებაა 3 წევრი წარუდგინოს პარლამენტს;
  • საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევ კომისიაში პარლამენტს 3-ის ნაცვლად, 2 წევრი ეყოლება, რადგან ოპოზიცია ვერ წარადგენს წევრს მისი შემადგენლობიდან. 

 

ვერ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია

დროებითი საგამოძიებო კომისია საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმია. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლები დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა მინიმუმ ნახევარს უნდა შეადგენდნენ. შესაბამისად, პარლამენტში, სადაც ოპოზიცია არ არსებობს, დროებითი საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება.

 

ვერ შეიქმნება ეთიკის საბჭო

პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის ამოქმედებისათვის პარლამენტში უნდა შეიქმნას ეთიკის საბჭო, რომელიც განიხილავს ეთიკის კოდექსის დარღვევებს და მოახდენს დარღვევებზე რეაგირებას. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.

 

პარლამენტში დებატები აზრს დაკარგავს

რეგლამენტის თანახმად, დებატებისთვის გამოყოფილი დრო ფრაქციებზე ნაწილდება .ფრაქციას სიტყვისთვის მაქსიმუმ 15 წუთი ეძლევა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდება დებატების დრო და ის  მხოლოდ უმრავლესობის მიერ აზრის გამოხატვის ფორმას შეიძენს.

 

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები მხოლოდ უმრავლესობის წევრებით დაკომპლექტდება და ამ დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციები არ დაამტკიცებენ

 

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით. ოპოზიციის არ არსებობის შემთხვევაში საპარლამენტო დელეგაცია მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის დელეგაციად იქცევა.

 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სავალდებულოდ მოითხოვენ საპარლამენტო დელეგაციებში ოპოზიციის მონაწილეობას, ისევე, როგორც მაგალითად გენდერულ ბალანსს  (მაგ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი, ნატოს  საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი). ქვეყნის მიერ წარდგენილი მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია კი უფლებამოსილებას მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დამტკიცების შემდეგ იძენს. შესაბამისად, ქვეყანას შესაძლოა ოთხი წელი არ ჰყავდეს დელეგაციები მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში.

 

წყარო

 
წაკითხვა 170 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.