აშშ-ს ირანზე საჰაერო დარტყმების შემთხვევაში რა საფრთხე ელის საქართველოს

“აშშ-ირანს შორის მოლაპარაკების დაწყების მცდელობა ამჯერადაც უშედეგოა - ირანი უარს აცხადებს აშშ-სთან რაიმე სახის მოლაპარაკებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ვითარება უკიდურესად დაიძაბება, “არ არის გამორიცხული, რომ საშიშროება სამხრეთ კავკასიას და კონკრეტულად, საქართველოს საჰაერო სივრცესაც დაემუქროს”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. 21 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს ირანთან მოლაპარაკების სურვილი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ირანი ამისათვის მზად არ არის. ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აშშ-სთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს და აღნიშნავს, რომ დღეს არსებული ვითარება არ არის ისეთი, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს: „ჩვენი არჩევანი მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევაა”, - ამბობს რუჰანი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი”სტატიაში სათაურით აშშ-ს ირანზე საჰაერო დარტყმების შემთხვევაში რა საფრთხე ელის საქართველოს / “ირანის ატომური რეაქტორის დაზიანების შემთხვევაში გამოფრქვეული რადიოაქტიული ნივთიერებები შესაძლოა რეგიონის ტერიტორიაზე გაიფანტოს”.

 

“აშშ-ირანის ურთიერთობა 1979 წლის შემდეგ, რაც ირანში რევოლუცია მოხდა, საკმაოდ დაძაბულია. ამ ახალ საუკუნეშიც დაძაბულობა პერმანენტულად რამდენჯერმე მეორდება. შედარებით ნათელი წერტილიც იყო, როდესაც ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მოხდა, ამან დაძაბულობა შედარებით შეამცირა, თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ ამ შეთანხმებიდან გამოვიდა, სიტუაცია კიდევ დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ დამატებით საავაიამზიდო დაჯგუფებას აგზავნის ირანის სანაპიროსთან და ამერიკული ბომბდამშენები ირანის მეზობელ ქვეყნებშია განთავსებული, თანაც თავად ირანიდანაც საომარი რიტორიკა ისმის, მაინც მიმაჩნია, რომ საქმე უშუალოდ საბრძოლო დაპირისპირებამდე არ მივა, - ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს იქნება დამანგრეველი არა მარტო მათთვის, არამედ მეზობელი რეგიონებისთვისაც. ეს, პირველ რიგში, მსოფლიოში ნავთობის ფასზე აისახება. მიმაჩნია, რომ ეს დაძაბულობა შეიძლება სიტყვიერი იყოს და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები არ იქნება. იმედია ყველას ეყოფა ჭკუა, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

 

“ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ეტაპზე ბირთვული ომის რისკის საფრთხე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მაღალია. ამის შესახებ გაერო-ს განიარაღების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი რენატა დვანი აცხადებს. რენატა დვანის განცხადებით, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები ბირთვული მოდერნიზაციის პროგრამებს ახორციელებენ და ნაწილობრივ ჩინეთს და აშშ-ს შორის სტრატეგიული კონკურენციის გამო, შეიარაღების კონტროლის ლანდშაფტი იცვლება. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი ტიპის ომის გამოჩენით, იარაღის კონტროლის ტრადიციული მექანიზმები ინგრევა, რადგან სულ უფრო იზრდება შეიარაღებული ჯგუფების, კერძო სექტორის ძალებისა და ახალი ტექნოლოგიების რაოდენობა, რაც თავდასხმასა და თავდაცვას შორის ხაზს შლის და მისი თქმით, ბირთვული იარაღის საფრთხის საშიშროებას მსოფლიო სერიოზულობით უნდა მოეკიდოს. ალადაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ გააჩნია სერიოზული ბირთვული შეიარაღება, რასაც ირანზე ვერ ვიტყვით. მისი თქმით, ბირთვული ომის წამოწყება აბსოლუტურად ყველასთვის დამღუპველი იქნება”, -აღნიშნავს გამოცემა.

 

“ირანს აქვს ატომური რეაქტორები, სადაც ის ბირთვული იარაღისთვის საჭირო კომპონენტების გარკვეულ მარაგის შევსებას წლების განმავლობაში აპირებდა. შესაძლოა ამას კიდევაც ახორციელებდა, მაგრამ ის, რომ ირანს მოქმედი ბირთვული ან ატომური საბრძოლო მუხტი ჰქონდეს და ამ საბრძოლო მუხტის პარამეტრები რაღაც დროის შემდეგ განთავსდეს, როგორც ბომბის სახით საბრძოლო თვითმფრინავზე ან საბრძოლო ქობინის სახით ბალისტიკურ რაკეტაზე, მას ამის შესაძლებლობა არ აქვს. აშშ-ს დიდი ბირთვული პოტენციალი ჯერ კიდევ 1945 წლიდან აქვს. თუკი მართლაც საბრძოლო მოქმედებამდე მივიდა საქმე, მაშინ სარაკეტო დარტყმის შედეგად ამერიკამ შეიძლება ჩვეულებრივი შეიარაღება გამოიყენოს, რის შედეგადაც ირანული რომელიმე ატომური რეაქტორის დაზიანება მოხდეს და იქიდან გამოფრქვეული რადიაქტიული ნივთიერებები რეგიონის გარკვეულ ტერიტორიაზე გაიფანტოს. არ არის გამორიცხული, რომ საშიშროება სამხრეთ კავკასიას და კონკრეტულად, საქართველოს საჰაერო სივრცეშიც გამოვლინდეს”, - დაასკვნის “არსენალის” მთავარი რედაქტორი.

 

“ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანი “უდიდეს ძალას” შეეჯახება, თუკი იგი ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ ნაბიჯებს გადადგამს. მან ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს სურვილი თეირანთან მოლაპარაკებების, როდესაც ირანი ამისთვის მზად იქნება. თეთრი სახლის ლიდერმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკაშირებით 2015 წელს მიღწეული შეთანხმებიდან გასვლა გასულ წელს გადაწყვიტა. მან ასევე განაახლა თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, რამაც ირანს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 955 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.