ჭიათურაში სასწავლო პროცესი შეწყდა - სკოლის მოსწავლეები მაღაროელების აქციაზე გავიდნენ
მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში, საყოველთაო სახალხო გამოსვლაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც გაფიცულმა მუშებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაღაროელების ქალაქი მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. სასწავლო პროცესი შეწყდა, ქუჩებში სკოლის მოსწავლეებიც გავიდნენ.
ქუჩაში მაღაროელებთან ერთად რიგითი მოქალაქეები მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებიან. ისინი მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ჭიათურიდან კომპანიის გაძევებას ითხოვენ.
„უსამართლობაა, ხალხი იხრჩობა მტვერში, ნაგავში, არაფერი შემოსავალი არ აქვთ. გამოვედი ჩემი შვილებიანად და ვდგავარ ქუჩაში. გაიფიცა ყველაფერი, იმედია დაგვეხმარებიან,“-ამბობს აქციის მონაწილე.
პარალელურად, გაფიცული მუშების ერთი ნაწილი მე-11 დღეა შიმშილობს. მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული. ნაწილმა რამდენიმე დღის წინ პირი ამოიკერა.
ისინი მთავრობის წევრებს მოუწოდებენ ჩავიდნენ ჭიათურაში და დაიცვან გაფიცული მაღაროელების უფლებები. მოშიმშილეები ამბობენ, რომ კომპანია დათმობაზე არ მიდის.
„სათავისოდ გვთავაზობენ ისევ, ზღაპრებს. ცდილობენ დაგვიყოლიონ, მერე ვიცით რაც მოხდება, წავა რეპრესიები თანამშრომლებზე. ვერ ასრულებთ?-მიბრძანდით, დაგვანებეთ თავი,“-ამბობს აქციის მონაწილე ფრიდონ შერგილაშვილი.
გაფიცული მეშახტეები ამბობენ, რომ პროტესტი ქალაქის ქუჩებში კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. დღეს ჭიათურაში თითქმის ყველა მაღაზია დაიკეტა.
ავტორი:რუსუდან ჯაბანაშვილი
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
