შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიაქტიური და ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის საკითხებზე ინტერპოლის წევრი ქვეყნების შეხვედრას უმასპინძლა
საქართველოში ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ ინტერპოლის „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც მიმდინარე წლის 4-5 ივნისს თბილისში ჩატარდა.
ღონისძიება ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა.
„გეიგერის“ (Geiger database) სამუშაო ჯგუფი ინტერპოლის წევრი ქვეყნებისგან შედგება და მის მიზანს წარმოადგენს იმ მეთოდოლოგიის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გაზიარება ბირთვული ან რადიაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდული გასაღების ხელშეწყობაში მხილებული ან ეჭვმიტანილი პირების შესახებ.
სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რადიაქტიური და ბირთვული მასალებით ვაჭრობასთან დაკავშირებული საინფორმაციო ხარვეზების იდენტიფიცირებასა და პრიორიტეტების დასახვაზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნება მონაცემთა გაცვლისა და ინფორმაციის გაზიარების, ასევე, ანალიტიკური ანგარიშების მომზადების საკითხები.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ „გეიგერის“ მონაცემთა ბაზას, რომელიც ინტერპოლის ანალიტიკურ ბაზას წარმოადგენს და მუდმივად განახლებადია. მასში დაცულია ინფორმაცია ბირთვული ან რადიაქტიური ნივთიერებების კონტროლზე, კონტრაბანდული გასაღების მარშრუტებზე, მეთოდებსა და ეჭვმიტანილებზე. ასევე, მონაცემთა ბაზაში თავს იყრის განახლებული ინფორმაცია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შესახებ.
ინტერპოლის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციის გაზიარების, ხარვეზების იდენტიფიცირების და შემდგომში აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფში სამართალდამცავი, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების, ასევე, მარეგულირებელი, საინფორმაციო და უსაფრთხოების სააგენტოების თავმოყრა მოხდება.
სიახლეები
- სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
- ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა
- ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობე აღმართა
- ,,მინდა, ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს – ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს"- ივანე ჩხაიძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს
