დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი უკანონოს უწოდებს ახალგორში ქართველი მღვდლების ყოფნას

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში, სონია ხუბაევა აცხადებს, რომ 11 წელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანონოდ მოქმედებს „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“.

 

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესი“ აქვეყნებს ხუბაევას კომენტარს, რომელიც მოჰყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილესთვის 17 ნოემბერს გაგზავნილ წერილს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ. ამავე წერილში ილია მეორე უარყოფითად აფასებს რუსეთის საპატრიარქოს განზრახვას, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზებზე სამი წლით მიავლინოს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული მოძღვრები მაშინ, როცა რუსეთის ეკლესია აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას.

 

 

სონია ხუბაევა აცხადებს, რომ „კანონი რელიგიური ირგანიზაციების შესახებ, სამხრეთ ოსეთში ღვთისმსახურების უფლებას იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაცია რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ“.

 

 

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ „ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზეც, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებს უკვე 11 წელია“.

 

 

ხუბაევას უკვირს „ლენინგორის რაიონში“ ქართველი სასულიერო პირების ყოფნა და დე ფაქტო ხელისუფლების უმოქმედობა, რადგან, მისი განცხადებით, „2008 წლის აგვისტომდე ლენინგორის რაიონი (ახალგორი) საქართველოს ადმინისტრაციული ერთეული იყო, დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ კი, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში გადავიდა“.

 

 

ხუბაევას თქმით, „ლენინგორის რაიონში“ მდებარე ქალთა მონასტერში მსახურობენ ქართველი მღვდლები, რომლებიც უხეშად ექცევიან ჟურნალისტებს და სხვა პირებს და აცხადებენ, რომ ეს მათი ტერიტორია - ახალგორია და არა ლენინგორი.

 

 

ხუბაევა იმასაც აცხადებს, რომ ქართველი მღვდლები მონაწილეობდნენ „ოსი ხალხის გენოციდში და 90-იან წლებში და 2008 წელს, თავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ლოცავდა ქართულ არმიას ცხინვალზე შეტევის წინ“. ხუბაევა ამბობს, რომ ილია მეორე იზიარებდა ზვიად გამსახურდიას იდეოლოგიას „საქართველო ქართველებისთვის“ და დღესაც რჩება „ქართული ფაშიზმის იდეოლოგად“.

 

 

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებითვე, საქართველოს ეკლესიის მიერ ნიქოზის და ცხინვალის ეპისკოპოსად დანიშნული სასულიერო პირი [მეუფე ისაია] წირვის დროს მოიხსენიებს ილია მეორეს და საქართველოსთვის ლოცულობს, მისი საქმიანობა კი მიმართულია „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ: „ის, თითქოს, იმყოფება თავის კანონიერ ტერიტორიაზე. ეს უნდა აღიკვეთოს. უნდა გავაგებინოთ, ვინ არის სახლში პატრონი“.

 

 

ხუბაევას თქმით: „სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვთ, მივიდნენ და მოსთხოვონ დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე იმყოფებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თუ ასეთი დოკუმენტები არ აქვთ, უნდა შესთავაზონ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისთვის დოკუმენტების შეტანა. გარდა ამისა, შეიძლება მათ შესთავაზო ალანიის ეპარქიის შემადგენლობაში შესვლა და თუ ეს არ აწყობთ, ლოგიკური იქნება შეთავაზება, რომ სამხრეთი ოსეთი დატოვონ და გადავიდნენ ქვეყანაში, რომელსაც ემსახურებიან“.

 

 

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, მას მხოლოდ საკითხის გადასაჭრელად წინადადების დაყენება შეუძლია, აღსრულება კი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა.

 

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 57 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 22 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.