„დამალული“ მცოცავი ოკუპაცია

„მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდას, ჭვრინისისა და ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფახულანისა და მუჟავას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე“ - ეს არის ამონარიდი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 22 მაისსგავრცელებული განცხადებიდან.

ერთი კვირის განმავლობაში საოკუპაციო ძალები დაუბრკოლებლად მუშაობდნენ შიდა ქართლის სოფლებში და არც ერთ სახელმწიფო უწყებას ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ოკუპაციის ხაზთან, დიდი ხანია, არც ჟურნალისტებს უშვებენ და არც სამოქალაქო აქტივისტებს, ამ ვითარებაში კი ინფორმაციის მიღების ერთადერთ წყაროდ ადგილობრივი მოსახლეობა რჩება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს უარის მიზეზად მათსავე უსაფრთხოებას უსახელებს, მაგრამ ეს არგუმენტი გაუგებარია მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ვითარების გარკვევა ადგილზე უნდათ. მაგალითად, სოფელ ტახტისძირში ვიდრე მოსახლეობამ ხმაური არ ატეხა, ყველა სახელმწიფო უწყება ჩუმად იყო.

 

რამდენიმედღიანი ხმაურის შემდეგ ხელისუფლება ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლა. ამ დროს ყველაზე გავრცელებული კომენტარია: ავამოქმედეთ ცხელი ხაზი და საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩავაყენეთო. საერთაშორისო დამკვირვებლები ისედაც ყოველდღე მოძრაობენ ოკუპაციის ხაზთან და მათ უკეთესად იციან, რა ხდება კონფლიქტის ზონაში. ასე იყო 21 მაისსაც. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, სოფელ ქსუისიდან, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები გამოჩნდნენ, საოკუპაციო ღობეებთან ბუჩქნარი გაჩეხეს და მოსახლეობას უთხრეს, ჩვენ სათვალთვალო კამერებს ხედვას უშლის და ტერიტორია იმიტომ გავასუფთავეთო, ესე იგი ქართული სოფლის დაზვერვაში ხელი გვეშლებოდაო. სუსმა ამ დროსაც ევროკავშირის მისია ჩააყენა თურმე საქმის კურსში, ჟურნალისტებს კი სოფლისკენ მიმავალი გზა ისევ გადაუკეტა. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ, დიდი ხანია, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შემოღობვა მიმდინარეობს და წინააღმდეგობის გამწევი არავინაა.

 

22 მაისს მერეთში შესვლას ცდილობდა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავაც, თუმცა მან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები მხოლოდ დრონის მეშვეობით დაათვალიერა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას აგრძელებს და საქართველოს საზოგადოებას ოკუპაციის შესახებ ინფორმაციას უმალავს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელო ბანერებისა და ე.წ. ცეცხლსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების - მიმართულებით.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროსავე განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები საქართველოს წინააღმდეგ და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას, რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიას აფასებს ღია თავდასხმად საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე:

 

„ყველა ზემოხსენებული მიმართულებით რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები წარმოადგენს მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედებით“.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთისგან გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.

 

საგარეო უწყება დასახმარებლად საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, ადგილობრივი საზოგადოება კი ჩაკეტილი კონფლიქტის ზონის გამო მოკლებულია ზუსტ ცნობებს მცოცავი ოკუპაციის შესახებ.

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 59 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.