“გასროლა, რომლის უკანაც დიდი საშიშროება დგას” - მიიღეს თუ არა ოკუპანტებმა ცეცხლის გახსნის ბრძანება

“ოკუპანტებმა ქართველების მისამართით საოკუპაციო ხაზთან უკვე ცეცხლის გახსნა დაიწყეს. 33 წლის ზაზა გახელაძეს ოკუპანტებმა ჯერ ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი დაჭრილი გაიტაცეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

შემთხვევა სოფელ სხვილოს ციხესთან, ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. უცნობია როგორია გატაცებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენად მძიმეა ჭრილობა, რომელიც მას შეიარაღებულმა ფორმიანებმა ცეცხსასროლი იარაღით მიაყენეს. “რეზონანსთან” კონფლიქტოლოგები ამბობენ, რომ ცეცხლის გახსნა რაღაც ახალი ქმედებაა, რომელიც განგაშის საფუძველს იძლევა. მათი აზრით, შესაძლოა რუსმა ჯარისკაცებმა მიიღეს ბრძანება, რომ საოკუპაციო ზოლთან მისულ ქართველებს ცეცხლი გაუხსნან და მათი შეშინება ამ ფორმით მოახდინონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “გასროლა, რომლის უკანაც დიდი საშიშროება დგას” - მიიღეს თუ არა ოკუპანტებმა ცეცხლის გახსნის ბრძანება.

 

“33 წლის ზაზა გახელაძე კი კასპის რაიონის ტერიტორიიდან, ტყეში ყოფნის დროს გაიტაცეს. ის დაჭრილია, რადგან უკანონო დაკავების დროს, მას რუსმა ოკუპანტებმა ფეხში ესროლეს. სოფელ ქვემო ჭალაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ისინი გატაცებულის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. მონიტორები იმ ადგილზეც მივიდნენ, სადაც უკანონო დაკავება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ზაზა გახელაძე ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, გახელაძე შაბათს დილით სოკოს შესაგროვებლად წავიდა და რამდენიმე საათში გაირკვა, რომ ის ოკუპანტებმა გაიტაცეს. გატაცების ადგილი მოინახულეს “ძალა ერთობაშიას” წევრებმა. დავით ქაცარავას თქმით, გატაცებულს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს და იგი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. “ჩვენს მოქალაქეს, ალბათ, რამდენიმეწლიან პატიმრობას მიუსჯიან... ზაზა გახელაძეს ოკუპანტები აბრალებენ ცეცხლის გახსნას. რუსი ოკუპანტები ბევრად უფრო აგრესიულ ქმედებებზე არიან გადასულები, ვიდრე ადრე”, - განმარტავს ქაცარავა. სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს ოკუპანტებთან მოლაპარაკებები გატაცებულის გასათავისუფლებლად”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით კი განცხადებას ავრცელებს. “საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ თავისუფლება აყრილი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად”, - ნათქვამია განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში ცეცხლის გახსნის ფაქტი არ ყოფილა და ეს საკმაოდ მძიმე მოვლენაა. ამბობს, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც გატაცების დროს საქართველოს მოქალაქეს რუსმა ოკუპანტებმა დამიზნებით ესროლეს. “პირველი შემთხვევაა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქართველების მისამართით ამ ხნის განმავლობაში ცეცხლის გახსნა პირველად გამოიყენეს. მე, მაგალითად, ასე გავიგე, რომ გაღიზიანებულმა რუსმა ოკუპანტებმა გამაფრთხილებელი აქტი განახორციელეს. რუსეთის ჯარში ვინც ნამყოფია, ყველამ კარგად იცის, რომ ბრძანების გარეშე ჯარისკაცები ერთ ნაბიჯს არ დგამენ. იქ თითო გასროლილ ტყვიას ითვლიან და ამოწმებენ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, რუსი ჯარისკაცები ამ შემთხვევაში ბრძანებას ასრულებდნენ. ოკუპირებულ ტერიორიაზე ტყვიის ასე ღიად გასროლა უკვე საგანგაშოა. ანუ მათ სროლის ბრძანება აქვთ მიღებული. მართალია მხოლოდ ფეხში დაჭრეს და მისი მოკვლა განზრახული არავის ჰქონდა, მაგრამ საკამოდ დიდი საფრთხის მატარებელია“, - ამბობს ზაქარეიშვილი და მიიჩნევს, რომ “ეს იყო გამაფრთხილებელი გასროლა, რომლის უკანაც დიდი საშიშროება დგას”, - დასძენს გამოცემა.

 

“ჩემი აზრით, ეს არის შეტყობინება, რომ სადაც რუსები არიან იქ ქართველებმა გადაადგილებაზე თავი შეიკავონ. არ არის გამორიცხული ასევე, რომ რუსეთს საპასუხო ცეცხლის გახსნა და ესკალაციის ხელახლა წამოწყება უნდა. რა ადგილზეც არის საუბარი, იქ ქართველი პოლიციელები არ იმყოფებოდნენ და როგორც ჩანს ეს სამარცხვინო აქტი უფრო თამამად განახორციელეს. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ცეცხლის გახსნა არ მოხდეს. საერთაშორისო დონეზეც კი რუსეთზე ზემოქმედება უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ შეწყდეს საკუთარი ქვეყნიდან ქართველების გატაცება და ურთიერთობა ცივლიზებულ ფარგლებში მოექცეს, სიტუაცია უარეს დონემდე მიდის. სამწუხარო ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პოზიციები ჩამოყალიბებული არა აქვს რა უნდა მოხდეს. ამ ფონზე კი რუსეთი ექსპერიმენტებს ატარებს და ახლა ცეცხლის გახსნა მოსინჯეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე თვლის, რომ გამორიცხული არაფერია და შესაძლოა რუსებს ჰქონდეთ ცეცხლის გახსნის ბრძანება, თუმცა ეს რამდენად ტენდენციურ ხასიათს მიიღებს, ამაში ეჭვი ეპარება. მისივე თქმით, ახლა სეპარატისტების მხარეს ეს ამბავი კულუარულად რომ მოიკითხო, განაცხადებენ ქართველს სანადირო თოფი ჰქონდა, მხრიდან მოიხსნა და ცეცხლი ამიტომაც გავხსენითო. ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმდება, რათა ქართული მხარე აიძულონ, მოლაპარაკების მაგიდასთან საზღვრის თაობაზე დასხდნენ. აიძულონ, რომ მიდგომები და პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალონ. მისითქმით, ფაქტი ერთია, რომ საქართველოს საგარეო კურსს არ შეცვლის. ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორები აქტიურად ვერ გვეხმარებიან. ამიტომაც არეშიძე ფიქრობს, რომ მიდგომა უნდა შევცვალოთ, რაც რუსეთის მიმართულებით გარკვეული აქტოვობების შეცვლას გულისხმობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სასწრაფოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯებია შესამუშავებელი”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“მთელი ეს ბორდერიზაცია და ე.წ. საზღვრის გაუთავებელი გაწევ-გამოწევა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველომ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალოს. ასევე პირობითი საზღვრის ე.წ. სახელმწიფო საზღვრად ქცევა. არ გაჩერდებიან, ეს პრობლემა სულ გვექნება, ვიდრე ჩვენ პოლიტიკას სტრატეგიული თვალსაზრისით არ გადავხედავთ. ზოგს მართლა ჰგონია, რომ რუსები დღეს კიდევ იმ რუკებით მოქმედებენ, რომელიც მათ აქვთ და რომელიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გულისხმობს. რუსები ხაშურამდე, კასპამდე და ქარელამდე შეეცდებიან, ჩამოვიდნენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

წაკითხვა 306 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.