April 26, 2024

კორონავირუსი ავღანეთში - ბაზებზე ჯერჯერობით სიმშვიდეა

“ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ქართველი სამხედროს თქმით, ახალი კორონავირუსი ჩOVID-19 ჯერჯერობით არც ერთ ბაზაზე არ გამოვლენილა, თუმცა მუდმივად იღებენ პრევენციულ ზომებს და პანდემიის გათვალისწინებით, მზად არიან. ჟურნალ “არსენალს” ქართველი სამხედროები უყვებიან, როგორი ვითარებაა ბაზაზე. “არსენალს~ ასევე შესაძლებლობა ჰქონდა, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ავღანელ სამხედრო თარჯიმანს, სამი აბდულას გასაუბრებოდა”, - წერს ჟურნალის “არსენალი” სტატიაში სათაურით კორონავირუსი ავღანეთში - ბაზებზე ჯერჯერობით სიმშვიდეა.

 

“მაღალი პასუხისმგებლობით, გამკაცრებული ჰიგიენის ნორმებით, მუდმივი კონტროლით ვხვდებით ვირუსს. გაგვაფრთხილეს, რომ ეს ვირუსი ჩვენამდეც მოაღწევს და მზად უნდა ვიყოთ, რათა მსუბუქი ფორმით გადაიაროს... ნატოს სტანდარტების თანახმად, ყველა შენობის შესასვლელში დგას სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი ხელების დასამუშავებლად, ასევე, ტემპერატურის გასაზომი დისტანციური თერმომეტრები. იმის გათვალისწინებით, რომ ავღანეთში ვირუსის რამდენიმე შემთხვევაა დადასტურებული და ჩვენი ბაზის ტერიტორიაზე ავღანელები სხვადასხვა საქმისთვის შემოდიან, ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. ბაზის ტერიტორიაზე გაძლიერებულია მართვისა და კონტროლის მექანიზმები. შენობები, ავტომანქანები, სამხედრო და სამედიცინო ტექნიკა, სასადილოები, სავარჯიშო დარბაზები, სველი წერტილები - ყველაფერი სათანადოდ მუშავდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას 35 წლის სამხედრო მოსამსახურე ანა.

 

“ინფორმაციას გვაწვდიან მუდმივად, როგორც საინფორმაციო ვიდეორგოლებით, ასევე შენობის კედლებზე გაკრული ინსტრუქციებით, რომელთა შესრულება სავალდებულოა ყველასთვის, განურჩევლად წოდებისა და ეროვნებისა. ეს ეხება ავღანელებსაც, რომელთაც ბაზაზე უწევთ ყოფნა. გამოყოფილია საკარანტინო ან თვითიზოლაციისთვის საჭირო სივრცეები, სადაც საეჭვო ქვეყნებიდან დაბრუნებული სამხედროები უნდა დარჩნენ საჭირო დროის განმავლობაში. სხვა შეზღუდვა ჯერჯერობით არ დაწესებულა, ყველაფერს – ვარჯიშს, მორიგეობას ჩვეული რეჟიმით ვაგრძელებთ. სამედიცინო პერსონალს მოგვცეს დამატებითი ინსტრუქციები, როგორ უნდა ვიმოქმედოთ თუნდაც ვირუსის მსუბუქი ფორმით დაინფიცირების შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს კვებისა და ძილის რეჟიმი, რომ ორგანიზმს იმუნიტეტი არ დაუქვეითდეს”, - დასძენს რესპონდენტი.

 

“ყველა ღონისძიება ტარდება კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, მეთაურობას მუდმივი კონტაქტი აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით. რამდენიმე დღის წინ ჩვენს სამხედრო ექიმებს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ავთანდილ აბაშიძე ესაუბრა. ვიცი, რომ ასევე დაუკავშირდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ სამხედრო ექიმებს, გორსა და ქუთაისში მდებარე სამხედრო ჰოსპიტლების ხელმძღვანელებს და ყველა გზა განიხილეს. ყველაფერი თავდაცვის მინისტრის ბრძანებისა და ინსტრუქციების შესაბამისად კეთდება. აქ ყველანი ოჯახის უფროს წევრებზე ვღელავთ. ზოგს ასაკოვანი დედ-მამა გვყავს, ზოგს - ახლობელი, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს და ვიცით, რომ ეს ადამიანები რისკ-ჯგუფებში არიან. იმედია, საქართველოში ეპიდემია უკონტროლო ხასიათს არ მიიღებს. მუდმივი კონტაქტი გვაქვს მათთან და ვიცით, საქართველოში რაც ხდება. კვების პროდუქტების მომარაგებაზე ეტყობათ, რომ პანიკაში არიან, თვითიზოლაციის წესების დარღვევა კი დიდი უპასუხისმგებლობაა! იმედია, ჯარიმების ამოქმედებით ასეთი შემთხვევები შემცირდება. ჩვენ დაცული ვართ, ყველა ზომა მიღებულია, გვაქვს მედიკამენტების მარაგი. თუ ვინმეს ვირუსი დაემართება, იმედია, მსუბუქად ჩაივლის...”, - ამბობს 32 წლის სამხედრო მოსამსახურე ლაშა.

 

“ვინც იცის ამ ვირუსის შესახებ, მათ პანიკა აქვთ, ვინც არ იცის, მშვიდად არიან და გავრცელების საფრთხე მათ შორის უფრო მეტია, რადგან რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. ჰიგიენის პრობლემა მძიმედ დგას ბევრ პროვინციაში, რადგან ცხოვრების უმძიმესი პირობებია – არ არის წყალი, გათბობა, სრულფასოვანი კვება. მე ჩემ გარშეო ყველას ვეუბნები, ეს არ არის “თალიბანი”. ამერიკა, ნატო და ავღანეთის შეიარაღებული ძალები ვერ გიშველიან, საკუთარ თავს თვითონ უნდა უშველოთ-მეთქი. კი მისმენენ, მაგრამ ვერ იგებენ. შესაბამისად, ვერც იმ წესებს იცავენ, რასაც ექიმები ურჩევენ. ეპიდემიის აფეთქებას ველოდებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თარჯიმანი სამი აბდულა.

 

“ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფიროზუდინა ფირუზას მტკიცებით, პირველი შემთხვევა 25 თებერვალს გამოვლინდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უფრო ადრეც იქნებოდა, მაგრამ ეს მძიმე შემთხვევა იყო და მთავრობამ გვერდი ვერ აუარა, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ სამსახურებს საფრთხე რომ არ დამუქრებოდათ. პირველი დაინფიცირებული ჰერათის პროვინციაში გამოვლინდა, თუმცა ვერ გაარკვიეს, ვისთან ჰქონდა კონტაქტი, ამიტომ მთელ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა... მეორე დღესვე გაირკვა, რომ ქალაქ ყუმში სამ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომლებმაც ეს ინფექცია ირანიდან ჩაიტანეს. იმათ რამდენიმე დღეში გამოუვლინდათ სიმპტომები, ეს კი ნიშნავს, რომ იმავე დღეებში რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე იყო დაინფიცირებული, რადგან ჩვენთან თავისუფლად დადიან, მიირთმევენ, ცხოვრობენ და მუშაობენ ჯგუფურად. სწორედ ამიტომ ერთი დაავადებული ხშირად მთელ სოფელსა და ქალაქს აავადებს”, - განაგრძობს ავღანელი თარჯიმანი.

 

“მას შემდეგ, რაც ეპიდემიამ სამანგანში, ბალჰასა და კაპისეში იფეთქა გაზაფხულის დიდი დღესასწაულები, მაგალითად, ნოვრუზი გადაიტანეს... შემცირდა მლოცველები მეჩეთში, რაც სასულიერო პირებს არ მოსწონთ, რადგან ეს არის მოსახლეობის კონტროლის მექანიზმი, რომელსაც კარგავენ. თუმცა ისევ და ისევ ვლაპარაკობ შედარებით განვითარებულ პროვინციებსა და ქალაქებზე. სხვაგან, სადაც მოლები უკიდეგანო ძალაუფლებით სარგებლობენ, მლოცველთა შემცირებას არ ველით, რაც ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის წინა პირობა იქნება. სამედიცინო განათლება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია. ქაბულის გარეთ ქალაქებსა და პროვინციებში ზოგან ამბულატორიაც კი არ არის, რომ არაფერი ვთქვათ ლაბორატორიაზე, სადაც სისხლის ანალიზის ჩაბარება შეიძლება... ეს არის ქვეყანა, სადაც უამრავ პროვინციაში სკოლებიც არ არსებობს და თაობები ისე იხოცებიან, წერა-კითხვას ვერ სწავლობენ. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ საშიში ვირუსი იქამდე ვერ ჩააღწევს, თუმცა თუ პანიკის ფონზე ქაბულში თავმოყრილი ადამიანების მიგრაცია დაიწყო, ისინი თავიანთ პროვინციებში გაავრცელებენ ვირუსს და ძნელი იქნება ვარაუდი, ვინ გადარჩება და ვინ - ვერა, - დაასკვნის სამი აბდულა და შეკითხვაზე - “ფიქრობთ, რომ ავღანეთის ხელისუფლება ვირუსთან ბრძოლისთვის მზად არის?” - პასუხობს:

 

“არა, ეს ილუზია არ მაქვს. ალბათ, მათთვის მთავარია, ქაბულში მაინც აკონტროლონ სიტუაცია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები არიან, თორემ ჰერათის, ლოგარის, სამანგანის, ბადგისის, კაპისასა და დაიკუნდისნაირ პროვინციებზე მაინცდამაინც არ იდარდებენ, რადგან თავს იმართლებენ, “თალიბანთან" მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ დასუსტებული ვართ და ასეთი დონის მსოფლიო პანდემიისთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი ჩვენ კი არა, განვითარებულ ქვეყნებს არ აქვთო... ერთი მხრივ, ვერც გაამტყუნებ, არ არის ეს საფუძველს მოკლებული, თუმცა, ამავე დროს, ეს საშუალებას აძლევთ, უფრო გულგრილად მოეკიდონ ეპიდემიასთან ბრძოლას”.

 

“საქმე ის არის, რომ ახლა ამის კონტროლისთვის არც სხვა ქვეყნებს სცალიათ, რადგან მსოფლიო ერთობლივად ებრძვის ამ საშიშ ვირუსს. ახლა იწყება ყაყაჩოს მოსაყვანი სამუშაოები... ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, ავღანეთში კარანტინის დაწესება, რადგან არ არსებობს ძალა, რომელიც ამ დროს აქაურებს სახლში გააჩერებს... ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ “თალიბანი” და ჩვენი ხელისუფლება დაზავდნენ. ვერც ერთი ავღანელი, რომელსაც სკოლაში მაინც უვლია, ვერ დაიჯერებს, რომ “თალიბანის” წევრები არ იომებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზია პატიმრების გათავისუფლება. როგორც ვიცი, მათი ნაწილი უკვე გამოვიდა ციხიდან... თუ საერთაშორისო მისიები დატოვებენ ავღანეთს ძალიან მალე მათ გაძლიერებულ ტერორისტულ ძალებთან მოუწევთ ბრძოლა, მანამდე კი შესუსტდება ის ინსტიტუტები, რომელთა ასე თუ ისე განვითარება შევძელით ამერიკის დახმარებით... დაუჯერებელია, რომ ადგილობრივი თავდაცვის ძალები "თალიბანის" მეომრებს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ. კორონავირუსის გავრცელების გამო დროებით შეფერხდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესი, პანდემიის ჩაცხრობამდე კი, შესაძლოა, "თალიბანს" ნერვებმა უმტყუნოს...”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

წაკითხვა 602 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 02 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.