April 26, 2024

ქობულეთში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ...

"მოწინააღმდეგის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ქობულეთში გამოკვლეული საბრძოლო ჰერბიციდების გაფრქვევა საბჭოთა გენერლებს ისევე ჰქონდათ ჩაფიქრებული, როგორც ამას ამერიკელები ვიეტნამის ჯუნგლებში აკეთებდნენ"

ნატოს ქვეყნებში მცენარეთა დასაავადებლად და მოსავლის გასანადგურებლად განკუთვნილი ბიოლოგიური იარაღის ნიმუშებზე საიდუმლო ექსპერიმენტები ქობულეთში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

ხრუშჩოვის ბრძანებით 1958 წელს გახსნილი ინსტიტუტებიდან ერთ-ერთის ქობულეთის ფილიალში იმ ჰერბიციდებზეც მუშაობდნენ, რომლებსაც მთავარი მოწინააღმდეგის - აშშ-ის კარტოფილის მოსავალი მთლიანად უნდა გაენადგურებინა...



1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ხელის­უფლებამ ნიკიტა ხრუშჩო­ვის­ ბრძანებით დახვრიტა და სისხლ­ში ჩაახშო თბილისში, რუს­თა­­ველის პროსპექტზე გამართული მიტინგი, რომლის მონაწილეები კრემლის ახალი ხელმძღვანელობის მიერ სტალინის კრიტიკას აპროტესტებდნენ. ამ ტრაგიკულ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე, 1956 წლის 15 თებერვალს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო გასაიდუმლოებული გადაწყვეტილება, დაეჩქარებინა კვლევითი მუშაობა იმ ბიოლოგიური ნივთიერებების შესაქმნელად, რომლებსაც გამოიყენებდნენ სავარაუდო მოწინააღმდეგის სასოფლო-სამეურნეო მოსავლისა და შინაური­ ცხოველების­ დასაინფიცირებლად და გასანადგურებლად, რაც მას დიდ ეკონომიკურ ზიანს მოუტანდა და მის საბრძოლო პოტენციალს შეასუსტებდა.

 

1958 წლის 7 აგვისტოს დადგენილებით საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ექვსი ახალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუ­ტი შექმნა, რომელთაგან სამი - ცხოველების, სამი კი მცენარეთა ბიოლოგიური ნივთიერებებით განადგურების მეთოდებს დაამუშავებდა.
 
 
 
ბუნებრივია, გამოქვეყნებულ დოკუმენტებში პირიქით იყო მითითებული - რომ ამ კვლევით ინსტიტუტებს მცენარეთა და ცხოველთა ბიოლოგიურ დაცვაზე­ უნდა ემუშავათ, თუმცა სადაც დაცვაა, იქვეა თავდასხმაც, ანუ თუკი მენაღმეს ნაღმის გაუვნებლება შეუძლია, მას, რა თქმა უნდა, ამ ნაღმის ჩადებასაც ასწავლიან.
 
 
 
ამ ექვსი ინსტიტუტიდან ერთ-ერთ იყო ფიტოპათოლოგიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მოსკოვთან მდებარეობდა, მისი ერთ-ერთი ფილიალი კი საქართველოში, ქობულეთში გახსნეს, სადაც სხვადასხვა საბრძოლო ჰერბიციდს იკვლევდნენ.
 
 

იმ დროს პირველი "ცივი ომი­" ზენიტში იყო და ბიოლოგიური იარაღის შექმნაში საბჭოთა კავშირს არც მისი მთავარი სავარაუდო მოწინააღმდეგე­ - აშშ ჩამორჩებოდა. 1963-67 წლებში პენტაგონმა ვიეტნამის­ ჯუნგლებს­ თვითმფრინავებიდან­ (რის­თვისაც, ძირითადად, ჩვენი თა­ნამემამულის, მიხეილ გრი­გორა­შვილის მიერ კონსტრუირებულ სამხედრო-სატრანსპორტო თვით­მ­ფრინავს - C-123 Provider-ს­­ იყენებდნენ) 72 მლნ ლიტრამდე დეფოლიანტი დაასხა, რათა ხეებს ფოთლები ჩამოსცვენოდა და ჯუნგლებში ჩამალულ ვიეტნამელ კომუნისტთა შეირაღებული რაზმების აღმოჩენა გაადვილებულიყო.

1968 წლის გაზაფხულზე აშშ-ის­ იუტის შტატში მოულოდნელად ერთბაშად 6,4 ათასი სული ცხვარი დაეცა. რვათვიანი დუმილის შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა აღიარეს, რომ ცხვრების დახოცვის ადგილის სიახლოვეს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საგამოცდო საიდუმლო პოლიგონი იყო და ცდის ჩატარებისას ქარმა მოულოდნელად იცვალა მიმართულება.
 
 
 
ამ და სხვა ინციდენტების მიმართ აშშ-ის საზოგადოებამ განსაკუთრებულად უარყოფითი რეაქცია გამოავლინა, რის გამოც აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ნიქსონი იძულებული გახდა, ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებით ყველანაირი კვლევა შეეწყვიტა, 1970 წელს კი ამ საშიში იარაღის მარაგი მთლიანად გაენადგურებინა.
 
 
 
ბიოლოგიურ იარაღთან დაკავ­შირებული ინციდენტები არც საბჭოთა კავშირს აკლდა. საბრძოლო ჰერბიციდების გამოცდისას არხანგელსკის ოლქში ლოსებიც კი დაიხოცნენ, მაგრამ აშშ-ის თავისუფალი მედიისგან განსხვავებით, საბჭოთა პროპაგანდა ასეთ ინციდენტებს არ ახმაურებდა.
 
 

თუკი ამერიკელმა სამხედ­როე­ბმა საზოგადოების ზეწოლის გამო თითქმის შეწყვიტეს ბიოლო­გიურ­ იარაღზე მუშაობა, 1970-იანი­ წლებიდან საბჭოთა კავშირი, პირიქით, ბიოლოგიური საბრძოლო ჰერბიციდებისა თუ ვირუსების შექმნა-წარმოების საქმეში მსოფლიოს უპირველესი ქვეყანა გახდა.

 


ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის ქობულეთის ფილიალში, მაგრამ ცხადია, რომ სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა საბრძოლო ჰერბიციდებით განადგურების საბჭოთა საიდუმლო პროგრამის განხორციელებაში ქობულეთის ლაბორატორიებში წლების განმავლობაში მიმდინარე კვლევებმა თავისი წვლილი შეიტანა.

 

 

https://www.kvirispalitra.ge/

წაკითხვა 898 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 02 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.