საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი პოლიციელი. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ნარკოტიკებით ვაჭრობასთან შესაძლოა იყოს დაკავშირებული.
შემთხვევა ათენის კოლონოსის რაიონში მოხდა.
Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ შეტყობინება საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან დატოვებული საეჭვო ჩანთის შესახებ მიიღო. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩანთის შემოწმება დაიწყეს, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
ბერძნული გამოცემა ,,Proto Thema”-ს ცნობით, ჩანთაში ნარკოტიკული ნივთიერებები, ზუსტი სასწორი და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მოწყობილობა დეტონატორითა და დისტანციური მართვის მექანიზმით იყო აღჭურვილი.
აფეთქების შედეგად დაშავდა ორი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსის მმართველი, რომელმაც საეჭვო ჩანთის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
ერთ-ერთ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, ოთხივე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ერთ-ერთი ვარაუდით, ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა პირებმა ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა განზრახ მოათავსეს, რათა მისი შიგთავსის ხელში ჩაგდება სხვებისთვის სახიფათო ყოფილიყო.
ჯერჯერობით დაუდგენელია, ვინ დატოვა ჩანთა საცხოვრებელ კორპუსში და რა გზით ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. სამართალდამცველები ასევე ამოწმებენ, ხომ არ იყო აფეთქება წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა.
პოლიციის განცხადებით, შემთხვევა ამ ეტაპზე ტერორისტულ აქტად არ განიხილება. გამოძიებას მკვლელობების საგამოძიებო განყოფილება აწარმოებს.








