ლონდონის ქუჩებში პირველი რობოტაქსები გამოვიდა. სერვისი ბრიტანულ ტექნოლოგიურ კომპანია Wayve-სა და Uber-ის თანამშრომლობით ამოქმედდა და გაერთიანებულ სამეფოში საზოგადოებისთვის ავტონომიური მგზავრობის პირველი შემთხვევაა.
საწყის ეტაპზე სერვისში დაახლოებით 15 ელექტრომობილი Ford Mustang Mach-E იქნება ჩართული, რომლებიც Wayve-ის ხელოვნური ინტელექტის სისტემით არის აღჭურვილი. Uber-ის მომხმარებლებმა შესაძლოა UberX-ის, Uber Comfort-ის ან Uber Electric-ის შეკვეთისას რობოტაქსით მგზავრობა შემთხვევით მიიღონ, დამატებითი საფასურის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები თავად იმართება, სალონში ამ ეტაპზე მძღოლი მაინც იმყოფება. Transport for London-ის მიერ ლიცენზირებული სპეციალისტი მგზავრობის პროცესს აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში მანქანის მართვაში ჩარევა შეუძლია.
კომპანიები რობოტაქსების სრულად უმძღოლო რეჟიმში გადასვლას სამომავლოდ გეგმავენ, თუმცა ამისთვის დამატებითი მარეგულირებელი ნებართვებია საჭირო.
როგორც საერთაშორისო მედია წერს, ლონდონში რობოტაქსების გაშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპაში ავტონომიური ტრანსპორტის განვითარებისთვის, სადაც ამ ტექნოლოგიის დანერგვა აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით უფრო ფრთხილი ტემპით მიმდინარეობს.







