,,რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაგეგმილია რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება.
„რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული, რომ შექმნილიყო ეს პოზიცია იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრს ჰყოლოდა ვიცე-პრემიერი, რომელიც კოორდინირებას გაუწევდა ამ საკითხს და იქნებოდა ისეთი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი, რომელიც ასეთ კომპლექსურ საკითხს გაუძღვებოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. მთავრობა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის მეშვეობით იქნება თავად ამ საკითხების განმახორციელებელიც და კოორდინატორიც“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.









