ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტში ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და კახა კალაძეს. რეზოლუციაზე კენჭისყრა დღეს გაიმართება.
ევროპარლამენტარი დანიუს ჟალიმასი აცხადებს, რომ საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერებაზე ევროკავშირის პასუხი აქამდე არასაკმარისი იყო. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დააწესოს მიზნობრივი სანქციები და სავიზო შეზღუდვები, მათ შორის იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც, მისი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიებს ხელს უწყობენ.
ჟალიმასი ასევე მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლებასა და დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებას.
უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე) აქამდე არასაკმარისი იყო. ამერიკამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა დაასანქცირეს ქართველი ხალხის რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირები, თუმცა ევროკავშირი, როგორც ერთიანი კავშირი, ჩამოორჩა ამ პროცესს. ჩვენ ეს ხარვეზი უნდა აღმოვფხვრათ. პირველი: უნდა დავაწესოთ მიზნობრივი სანქციები და ვიზების აკრძალვა, განსაკუთრებით იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ხელს უწყობენ პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიებს. მეორე: საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტულ, ხელშესახებ ნაბიჯებზე ამ კურსის შეცვლისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს პირდაპირი მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, იმავდროულად კი მოითხოვოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ევროპულ გზას შორდება. როსვოლი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები და პოლიტიკურ ძალებთან დიალოგი დაიწყოს.
ევროკავშირი პარტია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები და ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარესთან. თავის მხრივ, ევროკავშირის კარი ღიაა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე კონსტრუქციული დიალოგისთვის საქართველოსთან, ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავლის მოსაძებნად. “ქართული ოცნების” პირობებში საქართველო შორდება დემოკრატიულ ნორმებს და მისი ხალხის მიერ არჩეულ ევროპულ გზას. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის, – განაცხადა ევროკომისარმა.
ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში და ქვეყანა რუსული დიქტატურისკენ მიჰყავს – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილმა “მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, დაიმორჩილა მართლმსაჯულება, დევნის ოპოზიციას და სურს თავისი ოპონენტების პოლიტიკური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადება”.
,,ეს აღარ არის უბრალო პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა. ამ ყველაფრის მსხვერპლია მიხეილ სააკაშვილიც. ადამიანი, რომელიც იბრძოდა საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და წინ აღუდგა რუსულ აგრესიას, დღეს დაპატიმრებულია იმ ადამიანების მიერ, რომელთაც სურთ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა. დაუყოვნებლივ, უპირობოდ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი! გაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი! ევროკავშირს მივმართავ: მოდით, შევწყვიტოთ მხოლოდ დაგმობა. დროა გადამწყვეტი, კოორდინირებული ქმედებებისა ივანიშვილის, მისი ქონებისა და იმ ადამიანთა მთელი ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ამ რეპრესიულ სისტემას ინარჩუნებენ. საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს და ევროპას, და არა ივანიშვილს და პუტინს” – თქვა მან.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას სებასტიან ტინკინენმა ევროკავშირს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მმართველი პარტია, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს, „ქართული ოცნებიდან ქართულ კოშმარად იქცა“, ხოლო ევროპა პროცესების „უბრალო მაყურებლად“ არ უნდა დარჩეს.
ახლა მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს. დროა, ყველამ გაიღვიძოს. მმართველ პარტიას „ქართული ოცნება“ ჰქვია, მაგრამ ის ქართულ კოშმარად იქცა. ეს კოშმარი არ დასრულდება, თუ უბრალო მაყურებლებად დავრჩებით. ევროპა მკაცრი უნდა იყოს ამ რეჟიმის მიმართ. დააწესეთ სავიზო აკრძალვები, დაადეთ სანქციები. ვუთხრათ „არა“ მინი-რუსეთს, – განაცხადა ფინელმა ევროპარლამენტარმა.
„ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ და ხელისუფლებას საქართველოს „საბჭოთა წარსულში დაბრუნება“ სურს, – ამის შესახებ კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბრეიზას თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობა და ქვეყანაში არსებული სასამართლო სისტემა ამის დასტურია, ხოლო ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც, მისი შეფასებით, „პუტინს წარმოადგენენ“.
მკაფიოდ უნდა ითქვას: ქართული ოცნება“ სინამდვილეში რუსული ოცნებაა. პაპუაშვილს და სხვებს საბჭოთა დროში დაბრუნება სურთ. მათ სურთ, მთელი საქართველო დელორიანში მოათავსონ და წარსულში დაბრუნდნენ, რადგან პოლიტიკური პარტიები იკრძალება. რაც შეეხება მათ სასამართლო სისტემას – ამის კომუნისტებსაც კი შეშურდებოდათ. ეს ჯგუფი უნდა დაიშალოს, რადგან საქართველო თავისუფალი ერია, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი ევროპული ერი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი რეჟიმის დაცემა მაშინ იწყება, როდესაც თავისუფალი სამყარო ხალხს ნათლად აჩვენებს, რომ მოქმედების დროა. დროა, სანქციები დაუწესდეს იმ ადამიანებს, რომლებიც პუტინს წარმოადგენენ, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ავტორიტარული მმართველობისკენ „კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა“. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკალისტერის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გვერდით დაუდგეს ქართველ ხალხს, რომელიც ევროპული ინტეგრაციისთვის იბრძვის.
კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელად – სწორედ ასე დაახასიათა ევროკომისიამ საქართველო 2025 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას. სამწუხაროდ, თითქმის ერთი წლის შემდეგ, ოცნების რეჟიმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს შეფასება მართებული იყო. ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ დავუდგეთ გვერდით ქართველ ხალხს, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით იბრძვის ევროპული ინტეგრაციის მიზნისთვის, – განაცხადა მაკალისტერმა.
ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისთვის „კოშმარად იქცა“ და ხელისუფლების მოქმედებებს ბელარუსის რეჟიმს ადარებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბრანდშტეტერის თქმით, ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის, ევროპულ ფონდებს ქვეყნიდან აძევებს და „მოსკოვის ბრძანებით მოქმედებს“.
ამასთან, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ელენე ხოშტარია, გათავისუფლდება, ხოლო მათ, „ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურა“, პასუხისგება მოუწევთ.
,,ქართული ოცნება” ქართველი ხალხისთვის კოშმარად იქცა. ქართველი ოლიგარქი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს. ეს ჩვენ ნანახი გვაქვს ბელარუსში — ორი დიქტატორი, პუტინისადმი ლოიალური ორი რეჟიმი, მძევლად ქცეული ორი ადამიანი. ორივე რეჟიმი აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, ორივე მოსკოვის ბრძანებით მოქმედებს და ორივე პუტინივით კლავს საკუთარი ერის მომავალს. მათ უბრალოდ თავისუფლების ეშინიათ. ეშინიათ სიტყვის თავისუფლების და ახლა, პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად, „ქართული ოცნებაც“ ავიწროებს და აძევებს ევროპულ ფონდებს, როგორებიცაა კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები. ამ ორგანიზაციებმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, და ირონიულია, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი სწორედ ამ ორგანიზაციებში მუშაობდა და სწავლობდა — ანუ მათ ისწავლეს დემოკრატია იმისთვის, რომ მოგვიანებით ის დაენგრიათ. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ემხობა. ყველა პოლიტპატიმარი, ელენე ხოშტარიას ჩათვლით, თავისუფლებაზე გამოვა, ხოლო მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ ღალატისთვის, – თქვა სიტყვით გამოსვლისას ჰელმატ ბრენდშტატერმა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი ხალხის შიშით პოლიტიკურ პარტიებს კრძალავს, მშვიდობიან მომიტინგეებს ძალადობით უპირისპირდება და ჟურნალისტებს აპატიმრებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველებმა „იგემეს თავისუფლება და ევროპა“ და მასზე უარს არ იტყვიან, ამიტომ ევროკავშირმა საქართველო არ უნდა მიატოვოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს.
რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს. რამდენად უნდა ეშინოდეს საკუთარი ხალხის, რომ სცემდეს მშვიდობიან მომიტინგეებს, აპატიმრებდეს ჟურნალისტებს და ქიმიურ საშუალებებს იყენებდეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ სწორედ ამის მოწმენი ვართ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი თითქოს საბჭოთა კავშირის აღდგენის უცნაურ სურვილში გადავიდა — მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს: თვითონ ქართველებს არ სურთ, კვლავ ჰომო სოვიეტიკუსად იქცნენ. მათ არ სურთ უბრალოდ თავის დახრა და გაჩუმება. ქართველებმა იგემეს თავისუფლება, იგემეს ევროპა და მასზე უარს არ იტყვიან. სწორედ ამიტომ არ უნდა ვთქვათ არც ჩვენ უარი საქართველოზე; სწორედ ამიტომ უნდა დავუდგეთ გვერდით დაკავებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი; სწორედ ამიტომ უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს, და სწორედ ამიტომ უნდა დავაბრუნოთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია — ჩვენი ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებზე. იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, – განაცხადა კრამერმა.
საქართველო „დაკარგული“ არ არის და ქართველების უმრავლესობას კვლავ ევროპული მომავალი სურს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთი აირჩია ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფით“ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესონ.
ზოგიერთს ჰგონია, რომ საქართველო დაკარგულია. ამბობენ –მოდით რეალისტები ვიყოთ და შეეგუეთ სიტუაციასო. ბევრს ეგონა, რომ ჩვენ, ლიეტუველებიც დაკარგულები ვიყავით, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ქართველებს ფარი-ხმალი არ დაუყრიათ. უმრავლესობას კვლავ ევროპული მომავალი სურს. სწორედ ამიტომმ არის დღეს ჩვენი გზავნილი მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი. რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები, დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში. ციხეში სვამენ მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის იბრძვის. ეს გასაკვირი არ არის. ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთი აირჩია ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფით. პუტინიზმი დამარცხდება! საქართველოში ბიძინიზაცია დამარცხდება! რუსეთი არავისთვის არ არის მომავალი. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ უნდა დაიცადონ. თავისუფლების სურვილი შიშზე ძლიერია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით უნდა ვიდგეთ, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.








