,,თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ომები, დაპირისპირება, შუღლი, ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს რწმენა და ზნეობრივი ფასეულობები. ასეთ დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, კაცთა შორის მშვიდობისკენ სწრაფვა, ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც დროის წარმავლობის მიუხედავად, არ იცვლება”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს, როგორებიცაა ოჯახის ინსტიტუტი, ტრადიციული ღირებულებები.
„ქრისტიანობამ მოგვცა უამრავი მოღვაწე და წმინდანი, დიდი და თავდადებული ადამიანი. მას შემდეგ მრავალმა ქარტეხილიანმა საუკუნემ განვლო, მრავალი დიდი თუ მცირე ქვეყანა აღიგავა პირისაგან მიწისა და ჩაიკარგა დროის მდინარებაში, მაგრამ ქრისტეს რწმენით ნასაზრდოებმა და ქრისტიანული ღირებულებებით შეჭურვილმა ქართველმა ერმა მაინც შეძლო შეენარჩუნებინა სარწმუნოება, ენა და მამული. ქრისტიანულმა აზროვნებმა და რწმენამ შესძინა სულ სხვა სულიერი და ზნეობრივი შინაარსი ევროპულ ცივილიზაციას. ჩვენი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და ისტორიით ოდითგანვე, სხვადასხვა კულტურის და ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ბიზანტიის, ქრისტიანული აღმოსავლეთის და ევროპის მდიდარი საღვთისმეტყველო და ინტელექტუალური და კულტურული აზროვნებს საერთო სივრცეში. ამ კავშირით ქართველმა ერმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნა თვითმყოფადობა, ამავე დროს, კი გამორჩეული წვლილი შეიტანა მსოფლიო ქრისტიანობის სულიერ საგანძურში.
თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ომები, დაპირისპირება, შუღლი ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს რწმენა და ზნეობრივი ფასეულობები. ასეთ დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, კაცთა შორის მშვიდობისკენ სწრაფვა, ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც დროის წარმავლობის მიუხედავად არ იცვლება. დიდიად მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს, როგორებიცაა ოჯახის ინსტიტუტი, ტრადიციული ღირებულებები და რაოდენ სასიამოვნოა, თქვენო აღმატებულებავ, რომ თქვენ თქვენს სიტყვაში განსაკუთრებით აღნიშნეთ ამ ფასეულობის შესახებ. ოჯახი არის ის გარემო სადაც ადამიანი სწავლობს სიყვარულს, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, პატივისცემას და სხვაზე ზრუნვას. ოჯახი არამხოლოდ პირადი სივრცე, არამედ ზნეობის და იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს. დღეს, საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება, რომ ეკლესიამ, საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეძლონ მსჯელობა ასეთ თემებზე. ეს დიდიად შეეწევა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქრისტიანული სწავლების უფრო ღრმად გააზრებას, ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერას და მომავალი თაობების მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
გისურვებთ, რომ კონფერენციის მუშაობა სწორედ ამ ხედვით წარიმართოს და კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს საქართველოს, როგორც ოცსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ქვეყნის ადგილი და მნიშვნელობა ევროპულ ცივილიზაციაში“- განაცხადა პატრიარქმა.








