პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა დღეიდან, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge – ექნებათ.
ქუთაისის საგანმანათკებლო რესურცენტრი სასკოლო ფორმებთან დაკავშორებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს როდიდან სად შეძლებთ ფორმების შეძენას.
,,ძვირფასო დირექტორებო და მშობლებო,ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი ოჯახებისა და სკოლებისთვის. სწორედ ამიტომ, სასწავლო პროცესის წარმატებით დაწყებისთვის აუცილებელია, ყველა დაინტერესებულ მხარეს სრულყოფილი და სანდო ინფორმაცია ჰქონდეს.
სასკოლო ფორმა მხოლოდ ჩაცმულობის სტანდარტი არ არის. ის სასკოლო კულტურის, დისციპლინისა და სასწავლო გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და სოციალური თანასწორობის კუთვნილების განცდის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესში გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას სასკოლო ფორმების მიღების, შეძენისა და მოქმედი წესების შესახებ.
ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია 6 კატეგორია, რომელთა მოსწავლეებსაც სასკოლო ფორმა სასწავლო წელიწადში ერთხელ უფასოდ გადაეცემათ:
მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვები;
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული მოსწავლეები;
თავშესაფრების მომსახურებაში ჩართული მოსწავლეები;
ბავშვთა სახლში განთავსებული მოსწავლეები;
უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.
ახალი სტატუსის მიღება
თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილება.
რა ღირს სასკოლო ფორმა?
სასკოლო პიჯაკი — 45 ლარი;
სასკოლო შარვალი — 25 ლარი;
სასკოლო ქვედაკაბა — 25 ლარი.
შესაძლებელია თუ არა ფორმების ადგილზე მოზომება და ზომაზე მორგება? -დიახ!
სარეალიზაციო პუნქტში ადგილზე გექნებათ შესაძლებლობა, ბავშვებს ფორმები მოაზომოთ და მათთვის ყველაზე კომფორტული ზომა შეარჩიოთ.
როგორ ხდება გადახდა?
ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით — ტერმინალის საშუალებით ან შესაბამის კოდზე თანხის გადარიცხვით.
გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი.
შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება? -დიახ!
ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა ქალაქ ქუთაისში?
სარეალიზაციო პუნქტები:
სსიპ ქალაქ ქუთაისის №9 საჯარო სკოლა — თამარ მეფის ქ. №51;
ქალაქ ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის №32 საჯარო სკოლა — ავტომშენებლის ქ. №2.
გაცემის პერიოდი: 1–10 სექტემბერი
სამუშაო საათები: 11:00–19:00
ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
როდის შემოვა II–VI კლასების ფორმები?
II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში;
V და VI კლასების ფორმები შემოვა ნოემბრის დასაწყისში.
გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი რესურსცენტრიდან მიღებულ ინფორმაციას და დაიცვათ მითითებული ვადები.
გისურვებთ წარმატებულ, მშვიდ, სასიამოვნო და ნაყოფიერ ახალ სასწავლო წელს! ” -ნათქვამი გავრცელებულ ინფორმაციაში.







