ეს პროტესტი არ არის რომელიმე პარტიის აქცია. ჩვენ ყველას გვინდა დემოკრატიული და მშვიდობიანი ცვლილება და ამ ცვლილების უფლების წართმევა ხდება დღეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი წერეთელმა თსუ-ს პირველ კორპუსთან, საპროტესტო აქციის დაწყების წინ მედიასთან განაცხადა.
გიგი წერეთლის თქმით, დღევანდელი აქცია საპროტესტო კამპანიის დასაწყისია.
„დღევანდელი აქცია, პრაქტიკულად, არის კამპანიის დასაწყისი. 28 ნოემბერს დაგეგმილია დიდი და მნიშვნელოვანი აქციის ჩატარება. რაც დღეს ხდება საქართველოში, დემოკრატიის მოშლისა და დესტრუქციის თვალსაზრისით, მართლაც წარმოუდგენელია იმის ფონზე, რომ ჩვენ ვიყავით ჩემპიონი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე და დღეს ვართ აუტსაიდერები, პარტიები იკრძალება და, ფაქტობრივად, პოლიტიკური ცხოვრების შეზღუდვა ხდება, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ პატიმრებზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელსაც ოდნავ პრეტენზია მაინც აქვს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე იყოს, იქნება პროტესტი და იქნება ამის გამოხატულება. ამაზე უფრო მშვიდობიანი და დემოკრატიული გამოხატვა ბევრ ქვეყანაში არ არის და დღევანდელი ხელისუფლება მგონი ამას კარგად ვერ ხვდება.
მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ხალხს აწუხებს, ხალხი ამას ხედავს და ეს პროტესტი არ არის რომელიმე პარტიის აქცია. ამ პროტესტის მიზანია, რომ ვიღაცამ მოისმინოს ეს, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია და თუ ის არ ისმენს, მაშინ კიდევ უფრო მწვავდება ვითარება, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ უნდა. ჩვენ ყველას გვინდა დემოკრატიული და მშვიდობიანი ცვლილება და ამ ცვლილების უფლების წართმევა ხდება დღეს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.








