ირანში მიმდინარე ომის გამო ევროკავშირმა ენერგორესურსების შესყიდვაზე დამატებით 100 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი აცხადებს.
კონფლიქტის გავლენა ევროპის ეკონომიკაზე განსაკუთრებით ენერგორესურსების გაძვირებით გამოიხატა. ირანთან დაკავშირებულმა კრიზისმა ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხება გამოიწვია, რამაც ევროპისთვის ენერგიის იმპორტი გააძვირა.
ევროკავშირის ენერგეტიკის კომისრის, დენ იორგენსენის განცხადებით, 2026 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა ენერგორესურსებზე დამატებით 100 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს ისე, რომ დამატებითი მოცულობის ნავთობი ან გაზი არ მიუღიათ.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ირანში მიმდინარე ომის ეკონომიკურ შედეგებსაც აკრიტიკებს. მისი განცხადებით, კონფლიქტი მძიმე გავლენას ახდენს როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე, ისე მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.







