ამ გვერდის ამობედვა

"კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა

„კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა. განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა".

მონაცემების გაუარესების მიუხედავად, საქართველო 53 ქულით რეგიონში მოწინავეა.

 

"კორუფციის აღქმის ინდექსი" ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100-ბალიანი სისტემით, როცა 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. 2023 წელთან შედარებით, საქართველოს უკეთესი შედეგი ჰქონდა 2016-2022 წლებში. მათ შორის, ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2016 წელს.

 

"საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე - ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე", - წერია კვლევაში.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ ევროკომისიის გაცემული რეკომენდაციებისა და პირობების შესრულება საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

 

ორგანიზაციის რეკომენდაციებია:

  • ანტიკორუფციული ბიურო იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა. ხელმძღვანელი კი პრემიერის ნაცვლად, დანიშნოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით;
  • "გატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა";
  • შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი და დაიწყოს გამოძიება მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული რისკების შესახებ;
  • გატარდეს ზომები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით.
წაკითხვა 139 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 30 2024