,,მათი მიზანია, საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა"-ზვიად შალამბერიძე
,,თანამედროვე სამყაროში პოლიტიკა შეიცვალა. თუ ადრე სახელმწიფოებზე ზეწოლა ხშირად ხდებოდა პირდაპირი კონფლიქტებით, სამხედრო დაპირისპირებით ან ღია პოლიტიკური კრიზისებით, დღეს სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვა მეთოდები – უფრო დახვეწილი, უფრო გრძელვადიანი და ბევრად უფრო რთულად შესამჩნევი,” – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალამბერიძის თქმით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ასეთი მექანიზმები, რომ არ აჰყვეს ემოციებს და მოვლენებს ერთ მთლიან სურათში შეხედოს, რადგან ძლიერი საზოგადოება სწორედ კრიტიკული აზროვნებით გამოირჩევა.
„დღეს სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენა ხშირად ხდება არა ერთი დიდი დარტყმით, არამედ მრავალი მცირე შეტევის მეშვეობით. ეს შეიძლება იყოს კრიტიკული ანგარიშები, მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიები, პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც დროდადრო ჩნდება სხვადასხვა პლატფორმაზე და თანდათან ქმნის საერთო ფონს. თითოეული ასეთი ეპიზოდი შეიძლება ცალკე აღებული უმნიშვნელოდაც კი გამოიყურებოდეს, მაგრამ როდესაც ისინი სისტემურად, დროულად და მეთოდურად ჩნდება, საბოლოოდ იქმნება საზოგადოებრივ განწყობებზე გავლენის მცდელობა. მსოფლიოში ეს პრაქტიკა კარგად არის ცნობილი. გლობალურ პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია მეთოდები, რომლებიც ეფუძნება საზოგადოებრივი განწყობების, საინფორმაციო სივრცის და პოლიტიკური პროცესების სიღრმისეულ შესწავლას. ზუსტად არის განსაზღვრული, რომელ თემებზე შეიძლება საზოგადოების მგრძნობელობა იყოს მაღალი, როგორ უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რა დროს უნდა გაჩნდეს ახალი განცხადება ან ახალი ბრალდება, რათა თანდათან შეიქმნას ეჭვისა და დაძაბულობის ატმოსფერო.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, როგორც საზოგადოება კარგად გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. ხშირად ასეთი შეტევების მიზანი არ არის ერთი კონკრეტული განცხადება ან ერთი ანგარიში. მათი მიზანია, რომ საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი, გაჩნდეს გაურკვევლობა და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა. სწორედ ამიტომ ასეთი პროცესები განსაკუთრებით ეფექტური ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება მათზე რეაგირებს ემოციურად იწყებს და იწყებს ამავე თემების გაუთავებელ გამეორებას. ასეთ შემთხვევაში პროვოკაციის ავტორები აღწევენ მთავარ მიზანს. ისინი თავად კი არ ავრცელებენ ნარატივს, არამედ ამას უკვე საზოგადოება აკეთებს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ რამეს გავუსვათ ხაზი. ძლიერი საზოგადოება არის ის საზოგადოება, რომელიც ხედავს არა მხოლოდ ცალკეულ მოვლენას, არამედ მთლიან სურათს“- განაცხადა შალამბერიძემ.
სიახლეები
- ,,ხველა არ არის დაავადება – ის არის დაცვითი რეფლექსი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სასუნთქი გზების გაწმენდაში” – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
- „აკაცუკებს“ ტყუილად გიხარიათ – მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია ესეც"- ირაკლი ზარქუა
- თურქეთის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
- თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს