"ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება"
ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან აბსოლუტურად ღია საუბარი შედგა მიმდინარე პრობლემებზე.
„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს ისტორია და გეოგრაფია კი არ ყოფს, არამედ, აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველზე, ამ ფუნდამენტზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორული მემკვიდრეობის და ისტორიის გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასევე მინდა მოგმართოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვმართებს პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და უნდა გავატაროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი