რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი

“ქვეყანაში კვლავ პროტესტია, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მარშიც შედგა, თუმცა, ოპოზიციონერი ლიდერები კვლავ თავს იკავებენ და არ აქტიურობენ ისე, როგორც ადრე. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, დადგეს დრო და წინა პლანზე პოლიტიკოსები ვიხილოთ, ნაწილს კი მიაჩნია, რომ უკვე ოპოზიციური პარტიების საქმიანობა აქციების ბედ-იღბალზე თითქმის გავლენას არ ახდენს და პროტესტანტები მათ ლიდერებს ასპარეზს არ დაუთმობენ.

8 თებერვალს მონუმენტთან “საქართველოს მატიანე” აქციაზე დაკავებულების მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებსაც თან ჰქონდათ ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. წინა დღით, 7 თებერვალს, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მარში გაიმართა, ლოზუნგით “დაიცავი განათლება”. მარშის მონაწილეები მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს შეუერთდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი.

“რატომ არ აქტიურობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები? როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, ჩანს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გააქტიურებას აპირებენ. “ჩანს, რომ პოლიტიკოსების ნაწილი პროტესტში ერთვება, გუშინ მარშზე რამდენიმე პოლიტიკოსი იყო. ამასთან, ჩანს, რომ უფრო აქტიურად ჩართვას აპირებენ”, - განაცხადა მან. კითხვაზე, რატომ ერიდებოდა ოპოზიცია პროტესტის სადავეების ხელში აღებას, ჩიტაძემ გვითხრა: “თითქოს უფრო სამოქალაქო სექტორს მიანდეს და ახლაც ასეა. ოპოზიციონერები აქციებში მონაწილეობენ, ოღონდ ძირითადად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. ერთი პერიოდი, ხალხმრავალი გამოსვლებისას ინტერესთა კონფლიქტი იყო, რომ პოლიტიკოსების გამოსვლები არ გვინდაო. მოსახლეობის ნაწილი ერთ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს, ნაწილი მეორეს და სამოქალაქო სექტორზე ეს პრობლემა არაა. არ გამოვრიცხავ დადგეს დრო, რომ პოლიტიკოსები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ, ვიცი, რომ მოლაპარაკებები მიდის ერთიანი ფრონტით ბრძოლის თაობაზე”, - განაცხადა ჩიტაძემ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ჯერჯერობით თავს იკავებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე მგონი ჯერჯერობით თავს იკავებენ, როგორც ოპოზიციონერები, ისე პროტესტიდან აღმოცენებული ლიდერები. აქციები თბილისში უკვე ტრადიციად იქცა და მის დასაწყისში მგონი ოპოზიციონერებს აგდებდნენ კიდეც - ვაშაძე გააგდეს. აქციის მონაწილეების მხრიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიუღებლობა არის და არ გამოვრიცხავ, რომ არც ამ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ დიდი სიმპათია აქციებისადმი. მიუღებლობის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, ყველა ქვეყანაში და ყველა დროს პატივმოყვარე ადამიანია და როცა აქცია ისე მიდის, რომ პოლიტიკოსებს გარიყავს, ეს ნიშნავს, რომ მათი სახელისთვისაც და სახრავისთვისაც მათ მიმართ პატივისცემა ამ აქციებს არ აქვთ და მათთვის ეს პროტესტი არ გამოდგება, ანუ შიდა კონკურენცია იქმნება პოლიტიკოსებსა და აქციებს შორის. პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ აქციების მართვის სადავეები პოლიტიკოსებმა აიღონ. აქციებს თუ საიმისოდ გაუჭირდება, რომ პოლიტიკოსები მოიმხრონ, მაშინ შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ თუ აქციები აგრძელებენ ისე ყოფნას, როგორც არიან, მაშინ პოლიტიკოსები მათ არ სჭირდებათ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ახლა პროტესტის მომატებაც და დაკლებაც პოლიტიკოსებთან არაა დაკავშირებული, ან თარიღია, ან ამინდია, ან ვიღაც ჩამოვიდა. უკვე პოლიტიკოსების საქმიანობა აქციების ბედ-იღბალზე თითქმის გავლენას არ ახდენს და რატომ უნდა დაუთმოს აქციებმა პოლიტიკოსებს ასპარეზი? რაც შეეხება პროტესტს გაზაფხულზე, მოგეხსენებათ, გაზაფხულზე ყველაფერი ყვავდება და ალბათ აქციებიც აყვავდება. ყველა ქვეყანაში აქციების რესურსი უამრავია. ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება არჩევნებით მოდის, იქაც არის მეორე ნაწილი, რომელიც შედეგებმა გაანაწყენა - აშშ-ში რესპუბლიკელების მოსვლამ დემოკრატები გაანაწყენა. ქვეყანაში აქციების მომწყობთა რესურსი ყოველთვისაა, გააჩნია განწყობილებას, ტალღას, მთლიანი საზოგადოების ტენდენციას”, - დაასკვნის საყვარელიძე.

“ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე პროტესტი გააქტიურდება, თან თუ ამას გარე და შიდა ფაქტორებიც დაემატა. “ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე პროტესტი უფრო გააქტიურდება, ეს დამოკიდებულია ასევე საგარეო ფაქტორებზე, ირანის და რუსეთის პოზიციების დასუსტების ფონზე. ქვეყნის შიგნითაც საჭიროა ახალ ლოზუნგებზე მუშაობა, მოსახლეობასთან შეხვედრა და ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება. სწორი სტრატეგია-ტაქტიკის ქონისა და კარგი ლოზუნგების შემთხვევაში, შიდა ტალღა მოიმატებს. მარტო ძირს ოლიგარქია და ივანიშვილის რეჟიმი საკმარისი არაა. ბევრს ივანიშვილის რეჟიმი არ მოსწონს, რაც მუნიციპალური არჩევნების დროს გამოჩნდა, მაგრამ ხალხი აგიტაციის ქვეშაა. კითხვები აქვს - ოპოზიცია რომ მოვიდეს, უკეთესობისკენ რა შეიცვლება”, - თვლის ჩიტაძე, რომლის აზრით, “საჭიროა ძლიერი ალტერნატივა და სწორი სტრატეგია-ტაქტიკა” , - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 140 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.