May 19, 2024

სამ თვეში შეიძლება ახალი “აფეთქება” მოხდეს - პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე დაეცა

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, რამაც, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ეპიდსიტუაცია შესაძლოა საგრძნობლად გააუარესოს.

სპეციალისტები პარალელს ავლებენ შარშანდელ მოვლენებთან, როდესაც ზაფხულში ქვეყნის მოსახლეობის ანალოგიური “მოდუნებიდან” 3 თვეში ეპიდემიის კატასტროფული აფეთქება მივიღეთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამ თვეში შეიძლება ახალი “აფეთქება” მოხდეს - პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე დაეცა.

 

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტ “ჰელსმეტრიკთან” ერთად ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელზე დაკვირვება ხორციელდება. მათი კვლევით კი, საქართველოში პირბადეების ტარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 75% იყო. შემდეგ ეს 66%-ზე ჩამოვიდა, ხოლო ორშაბათის მონაცემებით კი 43% გახდა, რამაც, გამყრელიძის თქმით, შესაძლოა ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება გამოიუწვიოს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ პირბადეების ტარების მაჩვენებლის დაახლოებით 32%-იანი კლება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, ამან კი საზოგადოების ყურადღება მოადუნა. ადამიანებმა ჩათვალეს, რომ რადგან ინფიცირებულთა და სიკვდილობის რაოდენობა მაღალი არაა, ყველაზე უარესმა პერიოდმა გადაიარა და გადაწყვიტეს, რომ შესაძლებელია ნაკლებად ვიფრთხილოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ახლაც თუ წესების და პირველ რიგში პირბადეების ტარების იგნორირება გავაგრძელეთ, ეს შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. გასაგებია, რომ ადამიანები შეზღუდვებისგან, მოლოდინისგან, პირბადის ტარებისგან დაიღალნენ. კოვიდ-19-სგან დაღლილობა ცუდი ფენომენია და ბევრი ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ რეალურად კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთი მწარე გაკვეთილი უკვე გვქონდა, როდესაც ზაფხულში ანალოგიურად რეგულაციების დაცვა პრაქტიკულად არ ხდებოდა და ნოემბერ-დეკემბერში ეპიდმიის კატასტროფული აფეთქება მივიღეთ. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, წლის ბოლომდე ვერ მოვახერხებთ, რომ ვაქცინაციით საკმარისი რაოდენობა - მოსახლეობის 60% მოვიცვათ იმისათვის, რომ პირბადეების ამ ტარების მაჩვენებელს ყურადღება არ მივაქციოთ. დღესდღეობით კი ესაა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომლითაც ჩვენ ვსაზღვრავთ თუ საფრთხე რამდენად გროვდება. იმ პირობებში, როცა კომენდანტის საათისა და ფართომასშტაბიანი შეკრებების გარდა პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა შემსუბუქებულია, ეს უმნიშვნელოვანესი რეგულაციაა, რომელიც სიტუაციის კონტროლის საშუალებას გვაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დაიღალნენ, ეს წესი მაინც უნდა დაიცვან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

წაკითხვა 390 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.