May 16, 2024

რატომ გაიზარდა სიკვდილიანობა ინფიცირების შედარებით შემცირების მიუხედავად

“კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შედარებით შემცირების ფონზე, ლეტალობა მაინც საგანგაშოა.

მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ სიკვდილიანობის მატება კორონავირუსულ აფეთქებას ორი-სამი კვირის შემდეგ მოსდევს ხოლმე, თუმცა, ნაწილი დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციას და ადამიანების კლინიკაში დაგვიანებით მისვლას უკავშირებს. ოთხშაბათის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 834 პირი ემსხვერპლა. ამავე დღეს ინფიცირების 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 30 603 ტესტი ჩატარდა.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.23%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.80%”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გაიზარდა სიკვდილიანობა ინფიცირების შედარებით შემცირების მიუხედავად / “მაჩვენებელი, რომელიც ყველაფერს ამბობს, ესაა სიკვდილიანობა - სიტუაცია რთულია”.

 

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა, აჭარა - 82, იმერეთი - 99, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 33, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 88, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 395, აჭარაში - 82, იმერეთში -157. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პირი, მათგან თბილისში - 148, აჭარაში - 15, იმერეთში - 15. რაც შეეხება ვაქცინაციას, სულ აცრილია - 149191, დღიურად ოთხშაბათის მონაცემით, აცრილია - 5251. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე ლადო კახაძ “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ადამიანი კორონავირუსისგან დაცვას პირველი ვაქცინის გაკეთებიდან სამი კვირის განმავლობაში შეძლებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ესეც ინდივიდუალურია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური იმუნობიოლოგიური დაცვითი მექანიზმი აქვს, ვაქცინის გაკეთება ამ სისტემის მობილიზაციას და მაქსიმალურად ამ რესურსის, ანუ თავდაცვის საქმეში ჩაყენებას ახდენს, ამიტომაც ვაქცინაციის შემდეგ შესაძლებელია, რომელსაც მთელი ასწლეულობის ისტორია ქადაგებს, რომ რეინფიცირება მოხდეს. მაგრამ ვაქცინის უპირატესობა ისაა, რომ ორი რამე გამოირიცხება, პირველი - დაავადების მძიმედ მიმდინარეობა და მეორე - ლეტალური გამოსავალი, ანუ, რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრა აბსოლუტურად მინიმიზირებული უნდა იყოს და სიკვიდლიანობა. რაც შეეხება იმუნური ჯარისკაცების გაჩენას, ეს ყველაზე აქტიური ფაზაა და პირველი ვაქცინაციის შემდეგ სამი კვირის განმავლობაში ეს სისტემა მწყობრში მოდის, ზოგიერთმა ვაქცინამ დამატებითი ვაქცინაცია მოითხოვა, რომ ეს კომპონენტი უფრო გაძლიერდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

 

“მე, როგორც ზოგადი განათლების ექიმი, ვეთანხმები იმას, რომ ტალღას (2-3 კვირაში) მოყვება ლეტალობის მაჩვენებლის ზრდა, თუმცა, ეს მაინც დიდი ციფრია. სამწუხაროდ, გარდაცვალება შეუქცევადი პროცესია და ყველა განიცდის. ამ უბედურებამაც უნდა გვასწავლოს რამ მიგვიყვანა აქამდე, ანუ მეცნიერება პოსტ ფაქტუმ მაინც აუცილებლად უნდა ჩაეძიოს, რომ გათვალისწინებული იქნას ყველა ის სივერაგე, რომელსაც ეს ვირუსი სთავაზობს”, - ამბობს კახაძე. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ანტისხეულები პირველი აცრიდან ორი კვირის განმავლობაში ვითარდება, თუმცა, მეორე ვაქცინა აუცილებელია. “პირველივე აცრის გაკეთებისას ერთ-ორ კვირაში ე.წ. ანტისხეულები ვითარდება, მაგრამ მეორე ვაქცინა აუცილებლად საჭიროა, ყოველ შემთხვევაში იმ ვაქცინების რაც საქართველოშია და ამ მეორე ვაქცინის შენდეგ ათი დღიდან ორ კვირამდე გვჭირდება, რომ უკვე პრაქტიკულად კარგი იმუნიტეტი გამოგვიმუშავდეს, თუმცა, ესეც ძალიან იდივიდუალური” - განმარტავს სურგულაძე. რაც შეეხება სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს, სურგულაძე აცხადებს, რომ ესაა დაგვიანებული დიაგნოსტიკის, დაგვიანებული მკურნალობისა და საავადმყოფოში დაგვიანებულად მისვლის მიზეზებით გამოწვეული.

 

„ეს არავითარი ახალი შტამის გამო არაა, ესაა დაგვიანებული დიაგნოსტიკა და პაციენტების დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია და დაგვიანებულად საავადმყოფოში მისვლა. სხვა მიზეზი ამდენ გარდაცვლის არ აქვს, მართლა არ მთავრდება - ავიღოთ ბოლო ერთი თვის განმალობაში ერთ მილიონ მოსახლეზე ეს მონაცემი და პრაქტიკულად ლიდერები ვართ. რა თქმა უნდა, ინდოეთში ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, მაგრამ იქ მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს. რა მნიშვნელობა აქვს პიკი იქნება თუ არა, თუ დროულად მოხდა დიაგნოსტირება, საავადმყოფოში გადაყვანა და ადეკვატური მკურნალობის დაწყება, რა თქმა უნდა, პრობლემა არაა. ყოველდღიურად ტესტების ერთი რაოდენობა უნდა კეთდებოდეს, ჩვენთან კიდევ ძალიან ბევრი პოლიკლინიკაა, სადაც ტესტები უნდა გაკეთდეს, შაბათ-კვირას ისვენებენ, რომელი მუშაობს, ამ ინფორმაციას ვერ მიიღებ, იმიტომ, რომ სამინისტროს ცხელ ხაზს არ აქვს სინფორმაცია, თუ ტესტები სად კეთდება. უნდა დარეკო დაავადებათა კონტროლის ცენტრში, სადაც დარეკვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ტესტები უნდა გაკეთდეს და აქედან გამომდინარე ვერ გეტყვით გადავიარეთ თუ არა პიკი, ეს არავინ არ იცის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

 

“კომენდანტის საათი ხუთიდან ოთხამდე გადაიტანეს, დარწმუნებული ვიყავი, რომ 12-მდე გადაიტანდნენ, მაგრამ ანეკდოტურ ნაბიჯებს დგამენ. გავხსენით სახმელეთო საზღვრები, ძალიან კარგი, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს, საზღვრების ძალიან მკაცრი კონტროლი და ტესტირების რაოდენობის გაზრდა, მინიმუმ 40 ათასი უნდა გაკეთდეს და ჩვენთან შაბათ-კვირას, 23 ათასამდე კეთდება. ამიტომაც, როცა არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, არსებული ეპიდსიტუაციის შეფასება ძალიან რთულია, დიდია რაოდენობა იმ ადამიანების, როცა კორონავირუსი თებერვალ-მარტში ჰქონდათ გადატანილი და ისევ ავადდებიან, თუმცა მსუბუქი ფორმით. მაჩვენებელი, რომელიც ყველაფერს ამბობს ესაა სიკვდილიანობა, გვეუბნება, რომ სიტუაცია რთულია”, - დასძენს სურგულაძე.

 

“რაც შეეხება კორონავირუსის გლობალურ მასშტაბებს, მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით 3.5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 78 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 15% და 7%-ით ნაკლებია. ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გასული კვირის განმავლობაში, ყველაზე მეტად ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში შემცირდა, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა აფრიკისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 364 668 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 26%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია - 420 981 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 7%-ით მეტია. მესამე ადგილზეა არგენტინა 219 910 ახალი შემთხვევით, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი შეერთებული შტატები (153 587 ახალი შემთხვევა) და კოლუმბია (150 517ახალი შემთხვევა) არიან”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 359 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.