შეაფერხებს თუ არა ივლისში დაანონსებული მასობრივი ვაქცინაცია ინდური შტამის საქართველოში გავრცელებას

“დელტა” ვარიანტის, ანუ ინდური შტამის საქართველოში გავრცელება გარდაუვალი იქნება - მიიჩნევენ ქართველი ეპიდემიოლოგები.

ამის თქმის საფუძველს სპეციალისტებს ევროპაში არსებული ვითარება აძლევს. ამ ეტაპზე საქართველოში ახალი შტამის 18 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. ინფიცირებულები, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდნენ. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კორონავირუსის “დელტა” ვარიანტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები თავისა და ყელის ტკივილი, ასევე ცხვირიდან სისველეა. რაც შეეხება ხველებას, ცხელებას, გემოსა და ყნოსვის დაკარგვას - ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებლები იშვიათია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეაფერხებს თუ არა ივლისში დაანონსებული მასობრივი ვაქცინაცია ინდური შტამის საქართველოში გავრცელებას.

 

“Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 668 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 809 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 859 PSR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 811 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 179-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.36%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 672 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 775-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 096 პირი ემსხვერპლა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდის და სამედიცინო პერსონალის მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს, შესაბამისად, ქვეყანა ინდური შტამის რისკებს ადეკვატურად გაუმკლავდება. ამასთან, დღეს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ინდური შტამის მოცულობა დაახლოებით 8%-ია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეფერხება არც საწოლფონდის მიმართულებით, არც ოჯახის ექიმების მიმართულებით და მათი კომპეტენციების მიმართულებით. ასევე, თქვენ ხედავთ, რომ ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და ეტაპობრივად კიდევ უფრო ძლიერდება, ემატება როგორც ვაქცინები, ასევე ვაქცინაციისთვის საჭირო დაწესებულებები და ბრიგადები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ კუთხით რამე რისკები არსებობდეს. ჩვენი სავარაუდო მოცულობები ინდურ შტამთან მიმართებაში არის ის, რომ ის დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით არის დაახლოებით 8%, თუმცა, დადასტურებული ინფორმაციით, გვყავს 18 ინფიცირებული”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდურ, ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ შტამებს ერთნაირი კლინიკური სურათი აქვს. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული შტამებით გამოწვეული კოვიდინფექცია უფრო ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“იქნება ეს ინდური, ანუ “დელტა” შტამი, “ალფა” ანუ “ბრიტანული შტამი”, ან “ბეტა”, ე.წ. სამხრეთ აფრიკული კოვიდი, ყველას, თითოეული ამ შტამით გამოწვეულ კოვიდს აქვს ერთნაირი კლინიკური სურათი. განსხვავება იმაშია, რომ ამ შტამებით გამოწვეული კოვიდი უფრო ადვილად და იოლად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში”,- აღნიშნავს გამყრელიძე. ივლისის თვიდან ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მასობრივი იმუნიზაციისთვის მობილიზებულია ამცრელი ბრიგადებიც. “ქვეყანაში აბსოლუტური მზაობაა, ეს პროცესი მიმდინარეა. როგორც დაანონსებულია, ივლისის თვიდან უკვე დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია ქვეყანაში, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი, როგორც ამცრელი ბრიგადები, ასევე ამცრელი ბრიგადებისთვის საჭირო გადამზადებები და ტრენინგები. ასევე, ის საჭირო მოცულობები, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”, - აღნიშნავს ტიკარაძე. ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული კორონავირუსის შემთხვევების 10% მოდის “ინდურ შტამზე”, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა”, - დასძენს გამოცემა.

 

“მისი თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამია დომინანტური. როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ე.წ. ბრიტანული და ინდური შტამების ერთმანეთისგან განსხვავება სიმპტომებით ძალიან რთულია. “ჯერჯერობით, “ბრიტანული შტამია” დომინანტური. თეორიულად შესაძლოა, გახდეს “ინდური შტამი” დომინანტური, რადგან 10%-შია, მაგრამ ჯერ ეს არ ვიცით. პირველი, რითაც განსხვავდება, ეს არის უფრო იოლი გადადების და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. ის ცალსახად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული “ჩინური შტამი”. ბოლოს გამოჩნდა ცნობები უკვე, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე “ბრიტანული შტამი”. ჯერჯერობით სიმპტომებით ვერ გავიგებთ, ის ე.წ. ინდური შტამია თუ ბრიტანული. ერთადერთი ინდურზე შეიძლება ეჭვი მივიტანოთ იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აღმოსავლეთის ქვეყნებში... არის ცნობა, რომ ექსპერიმენტულ კვლევებში “ინდური შტამი” დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს, ვიდრე სხვა შტამები, მაგრამ ეს ადამიანებზე ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ჯერჯერობით, ჩვენთან “ბრიტანული შტამია”, რომელიც ცალხად დამტკიცებულია, რომ დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს, ვიდრე სტანდარტული “ჩინური შტამი”, - განმარტავს ცერცვაძე, რომლის თქმით, “ეს ჩვენს თავზე უკვე გამოვცადეთ საქართველოში”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 351 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.