ინფიცირებულების ნაწილი ქუჩაშიც დადის, მაღაზიაშიც და... სტუმრადაც

“კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაწილი, ვინც სახლში მკურნალობს, ხშირად არღვევს კარანტინის წესებს - შეუზღუდავად დადის ქუჩაში, მაღაზიაში და ზოგჯერ სტუმრადაც.

ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ საუბრობდა. დღეს კი მსგავსი ფაქტების შესახებ სოციალური ქსელებითაც ვრცელდება ინფორმაცია. რა შედეგები მოყვება მსგავსი ფაქტების გაგრძელებას და რა ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო ამგვარი ქმედებების თავიდან ასაცილებლად?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ინფიცირებულების ნაწილი ქუჩაშიც დადის, მაღაზიაშიც და... სტუმრადაც.

 

“ნუ დადიხართ კოვიდ დადებითები გარეთ და ნუ უქმნით საფრთხეს გარშემომყოფების ჯანმრთელობას! ყველას სახელი და გვარი ვიცი, ვინც ხართ კოვიდ დადებითები და ნუ მიმიყვანთ იმ ზომამდე, რომ შესაბამისი უწყებები ჩავაყენო საქმის კურსში და კანონის სრული სიმკაცრით გაგებინოთ პასუხი! დაიცავით იზოლაცია-კარანტინის წესები!” - ვკითხულობთ “ფეისბუქში” ერთ-ერთი მომხმარებლის გამოქვეყნებულ პოსტში. მისივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში 20-30 კოვიდ დადებითის მიერ ხდება მინიმუმ 5-ჯერ მეტი კონტაქტი. ისინი გადაადგილდებიან სამსახურებში, მაღაზიებში, აფთიაქში და ამ დროს არ უკეთიათ ნიღაბი არც მომხმარებლებს და არც თანამშრომლებს. აღნიშნული ფაქტს აღმაშფოთებელსა და გაუგონარ უპასუხისმგებლობას უწოდებს ინფექციონისტი მარინა ენდელაძე. მისი თქმით, ეს მდგომარეობა სრულიად ხალხის შეგნებაზეა დამოკიდებული და ქვეყანა ვერ შეძლებს ბინაზე მყოფი პაციენტების გაკონტროლებას, რადგან ისინი ბევრნი არიან და ყველას თვალთვალი ფაქტიურად შეუძლებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ამ სიტუაციის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია, ბინაზე ძალიან ბევრია დატოვებული სამკურნალოდ. კარებზე პოლიციას ხომ ვერ დავაყენებთ, რომ არ გავიდნენ?! ეს არის ადამიანის თვითშეგნებაზე დამოკიდებული. ამგვარი ქმედებები გამოიწვევს ვირუსის მეტ გავრცელებას, რადგან გადამდებლობა მაღალი აქვს ამ ვირუსს. ეს არის ადამიანთა პასუხისმგებლობა და აუცილებელია, რომ თავად მოსახლეობაც ყურადღებით იყოს. თუკი ვინმეს მსგავს შემთხვევაზე ექნება ინფორმაცია, უნდა აუწყოს შესაბამის ორგანიზაციებს და დადგინდეს უმაღლესი ჯარიმის ფორმა დასჯის თვალსაზრისით. ეს პაციენტები აღრიცხვაზე არიან, მაგრამ თითოეულ კართან რა ხდება, ამას ვერავინ გააკონტროლებს. ამიტომ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თვითშეგნება და პასუხისმგებლობის გრძნობა”, - განაცხადა ენდელაძემ, რომლის თქმით, მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად ჯარიმების შემოღებაა საჭირო”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“თუკი ვინმეს მსგავს ფაქტზე გამოიჭერენ, აუცილებლად მაქსიმალური ჯარიმა უნდა დაეკისროს. შეიძლება შემუშავდეს სისტემა, რომ მოხდეს ინფორმაციის გადაცემა ამ პირების შესახებ და ეს თავად საზოგადოების ჩართულობითაც უნდა მოხდეს. ეს არ ეხება 20-30 ოჯახს - ასეთი ოჯახები მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობითაა და მათი კონტროლი ძალიან რთულია”, - ამბობს ენდელაძე. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი “ფეისბუქ” მომხმარებელი თავის ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას სწორედ უკონტროლოდ მოსიარულე კოვიდ ინფიცირებულს აკისრებს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ასეთმა მოწანწალე კოვიდ დადებითმა დამიღუპა ოჯახი და ახლა ჩემს შვილებს აღარ ჰყავთ მამა. მას რომ ჰგონია თავად უძლებს და მართავს თავის დაავადებას, ჩემი მეუღლე შეიწირა ვიღაცის დაუდევარობამ. მეც ვუჩივლებ ვიზეც გავიგებ, რომ გარეთ დადის”, - ნათქვამია კომენტარში. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯერ კიდევ 10 აგვისტოს საუბრობდა ამ პრობლემაზე. იგი აცხადებდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირების ნაწილი საქალაქო ტრანსპორტითაც სარგებლობდა, რომელიც მაშინ შეზღუდული ჯერ კიდევ არ იყო. „მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით”, - ამბობს ცერცვაძე, რომლის თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ამავე დროს, სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვის შენარჩუნებას”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი კიდევ ვის ხელეწიფება, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, რომ 12 დღის მანძილზე დაიცვან თვითიზოლაცია, არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ სახლი, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას”, - აღნიშნავს ცერცვაძე, რომლის განმარტებით, “თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტი არ აღმოიფხვრა, პირბადეების ტარება რომც კარგად გავაკონტროლოთ, მაინც გაგვიჭირდება ახალი შემთხვევების კონტროლი”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 283 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.