"ჯიუტად აგრძელებენ ღმერთის გამოცდას, ასეთ ხალხს რისი იმედი გაქვთ?" - დეკანოზი თამაზ ლომიძე
დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.
სასულიერო პირი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მიდგომას ღმერთის გამოცდას უწოდებს. მისივე თქმით, ღმერთის ასეთი გამოცდა ამაპარტავნებაა და ის სავალალო შედგებს მოიტანს.
როგორც თამაზ ლომიძე აღნიშნავს, ღმერთიც იმას იცავს, ვინც გონივრულად და თავმდაბლურად იქცევა და მის წყალობას, ამ შემთხვევაში კი ვაქცინას, ხელს არ ჰკრავს.
"ღმერთის გამოცდის ქრონოლოგია საქართველოში:
როცა გავრცელდა Covid 19, პირველ ეტაპზე აბსოლუტურად ადეკვატურად მოიქცა უმრავლესობა - კარანტინსაც დაემორჩილნენ, სახლშიც ჩაიკეტნენ და პირბადეც გაიკეთეს. შედეგიც სახეზე იყო: საქართველოში თითქმის არ გვყავდა ვირუსით გარდაცვლილი. მაგრამ, უმალ გამოჩდნენ მაცდური, რელიგიური თუ არარელიგიური ფანტაზიორები და მოყვნენ ზღაპრებს, რომ თურმე რაღაც ზეციური თუ გენეტიკური რჩეულობის გამო ქართველებს ვირუსი არ ეკარებათ. დაიჯერა ხალხმა და დაიწყეს ღმერთის გამოცდა. თქვეს: საქართველოში ვირუსი ვერ შემოვაო და თავისუფლად შემოვიდა და გავრცელდა კიდეც. შემდეგ თქვეს: ვირუსი საერთოდ არ არსებობსო და თავად შეხვდათ და ზოგიერთი გარდაიცვალა ამ ვირუსით. შემდეგ თქვეს: ვირუსი არსებობს, მაგრამ მორწმუნეს, მლოცველს და მაზიარებელს არ ეკარებაო და ვინც ამას ქადაგებდა, სწორედ ის დაავადდა ვირუსით მძიმედ, თავად სასულიერო პირები, მღვდელმთავრები და მღვდლები დაავადდნენ, ბევრი გარდაიცვალა კიდეც. შემდეგ მოიღო წყალობა ღმერთმა და მეცნიერებამ შექმნა აცრა. ამათ კი ისევ თქვეს: არ ავიცრებით, რადგან აცრა ანტიქრისტეს ბეჭედი და ღმერთის ღალატიაო. შემდეგ სიკვდილის ცელმა მაინც რომ შეაშინა, თქვეს: ავიცრებით, ოღონდ ჩინური ვაქცინით არა, გერმანული ან ამერიკული გვინდაო. ახლა თავზესაყრელად აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა, ფაიზერი გამოუყენებელი რჩება, წამალი ფუჭდება და ესენი კვლავ არ იცრებიან. ამასობაში 8664 ადამიანი იმსხვერპლა კორონა ვირუსმა, სულ ახალგაზრდები, თოთო ბავშვები, ორსულები, შუახნის ხალხი, მოხუცები. 8664 ადამიანი ამ პატარა ქვეყნისთვის ცოტა გგონიათ?! აცრილ, შეგნებულ ქვეყნებში თითქმის აღარ კვდება ხალხი და ესენი კი კვლავ ჯიუტად აგრძელებენ ღმერთის გამოცდას - ჯიუტად არ იცრებიან. დღეს კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა. ასეთ ხალხს ნეტავ რისი იმედი გაქვთ? არ მიპასუხოთ, ღმერთისო. ღმერთის იმედი ჰქონდათ იმ აუცრელ გარდაცვლილებსაც. იცოდეთ, რომ ღმერთიც იმას იცავს, ვინც გონივრულად და თავმდაბლურად იქცევა და მის წყალობას ხელს არ ჰკრავს. თქვენი ნებაა, გააგრძელეთ ღმერთის ასე გამოცდა და ნახავთ ეს ამპარტავნება სადამდე მიგიყვანთ" - წერს დეკანოზი დეკანოზი თამაზ ლომიძე
სიახლეები
- ფრიდონ ინჯია პარლამენტს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს
- "ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება" - გია ხუხაშვილი
- „ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“ - ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
- პაპუაშვილმა „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს
- "ლაზარე გრიგორიადისს სპეცრაზმის თანამშრომლები მივარდნენ, ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, მანამდე სცემეს, ძირს დააწვინეს და ურტყეს, აგინებდნენ - დაზიანებები სახეზე და თავზე აქვს, ბორკილებისგან დაწითლებული აქვს ხელები " - ადვოკატი