როგორ დავამარცხოთ პანდემია - მითები და რეალობა ვაქცინაციის შესახებ

კორონავირის პანდემიამ ბევრი ცვლილება შეიტანა ქვეყნებისა და ადამიანთა ცხოვრებაში. თანამედროვე მედიცინამ შეძლო გამკლავებოდა ახალ გამოწვევას. შეიქმნა COVID19- ის საწინააღმდეგო არაერთი ვაქცინა, თუმცა შექმნის ხანმოკლე პერიოდის გამო, მოსახლეობა მათდამი მაღალი ნდობით არ გამოირჩევა.

ვირუსოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელები ვაქცინაციას მიიჩნევენ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური საშუალებად, რომელიც აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას, შემდგომში საშიში ვირუსებისა თუ ბაქტერიებისთვის სათანადოდ გასამკლავებლად. ვაქცინების მეშვეობით დაიძლია არაერთი ინფექცია და ამ პროცესმა მთელს მსოფლიოში მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხი გააუმჯობესა.

 

მოსახლეობაში კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ, მათი გამოჩენის დღიდან არაერთი მითი გაჩნდა, რასაც ხელს უწყობს ყალბი ახალი ამბების გამოქვეყნება სოციალურ მედიაში. გაწვდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაფუძნებით, პასუხებს საზოგადოების ერთ ნაწილში გავრცელებულ მითებზე, რომლებიც ვაქცინაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს და შედეგად კი მაღალია ქვეყანაში ინფიცირების, დაავადების რთულად მიმდინარეობისა და ლეტალობის შემთხვევები.

 

მითები და რეალობა

 


1. მითი: COVID-19 ვაქცინა საფრთხის შემცველია მისი სწრაფად შექმნის გამო.

რეალობა: COVID-19-ის ვაქცინა მართლაც რეკორდულად მცირე დროშია შექმნილი, რაც უპრეცედენტო თანამშრომლობისა და ინვესტიციების შედეგია; ვაქცინა შეიქმნა უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით.

 

2. მითი: COVID-19-ის ვაქცინა შეცვლის ჩემს დნმ-ს.


რეალობა: COVID-19-ის ვაქცინა ვერ შეცვლის თქვენს დნმ-ს. პირველი ვაქცინები, რომლებიც დამტკიცდა გადაუდებელი გამოყენებისათვის, შეიცავს საინფორმაციო რნმ-ს [messenger RNA (mRNA)]. იგი უჯრედებს აძლევს ინსტრუქციას შექმნას „სპაიკ-ცილა“, რომელიც COVID-19-ის ზედაპირზეც გვხვდება. როდესაც იმუნური სისტემა ამოიცნობს სპაიკ-ცილას, იწყება იმუნური რეაქცია ანტისხეულების გამომუშავებით. ეს პროცესი ასწავლის ადამიანის ორგანიზმს როგორ დაიცვას თავი მომავალი ინფექციისგან. mRNA არ შედის უჯრედის ბირთვში, სადაც ინახება ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა). mRNA ორგანიზმიდან გამოიდევნება, როგორც კი თავის ფუნქციას შეასრულებს.

 

3. მითი: ვაქცინაციის შედეგად შეიძლება დაავადდე COVID 19-ით.

რეალობა: თქვენ ვერ დაავადდებით COVID 19-ით ვაქცინაციის შედეგად, რადგან ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს!

 

4. მითი: ბუნებრივი იმუნიტეტი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეშვეობით გამომუშავებული იმუნიტეტი.

რეალობა: ზოგიერთი დაავადების ბუნებრივად გადატანის შემთხვევაში შეიძლება გამომუშავდეს ხანგრძლივი იმუნიტეტი, მაგრამ ეს ამავდროულად ნიშნავს, რომ გადაიტანოთ ამ დაავადებასთან დაკავშირებული სირთულეები. COVID-19-ის გადატანის შემთხვევაში, ორგანიზმის ბუნებრივი იმუნური პასუხი შესაძლოა უფრო ხანმოკლე გამოდგეს, განსხვავებით ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული იმუნიტეტისა. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი იმუნიტეტის შეძენის გზას ავირჩევთ, საზოგადოებას ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა გაცილებით ხანგრძლივად მოუწევს, დაავადებით კიდევ უფრო ბევრი ადამიანი გარდაიცვლება და მოსახლეობის ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშ დადგება.

 

5. მითი: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ხშირია გვერდითი მოვლენები.

რეალობა: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ინექციის ადგილას გარკვეული სახის ტკივილი ან გაღიზიანება, ასევე მცირედი გვერდითი მოვლენები სავსებით ნორმალურია. ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. რამდენიმე დღის განმავლობაში შემცივნება, დაღლილობა ან სხეულის ტკივილი იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი იმუნურ პასუხს გამოიმუშავებს.

 

რატომ მიიჩნევენ ექიმები ვაქვინაციას კორონაპანდემიის დამარცხების ერთადერთ საშუალებად?

 

პანდემიის დასამარცხებლად პირბადის ტარება, დისტანციის და ჰიგიენის დაცვა მნიშვნელოვან წესებადაა მიჩნეული, თუმცა მთავარი, რომელიც მსოფლიოს უნდა დაეხმაროს ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს მოსახლეობის ვაქცინაციიაა.


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე FirstNews.ge- თან საუბარში ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას ძალიან რთულს უწოდებს და დასძენს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენელბლის და ვაქცინაციის ტემპის დავარდნის გამო შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციის საკითხზე იმსჯელოს უწყებათაშორისმა საკოორდინციო საბჭომ:

 

„თუ მომდევნო კვირეებში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი დარჩა და ვერ მივიღეთ ვაქცინაციის კარგი შედეგი, მაშინ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანამ აირჩიოს სავალდებულო ვაქცინაციის გზა გარკვეულ ჯგუფებში. აქ საუბარი არ არის ყველასთვის სავალდებულო ვაქცინაციაზე. ბევრი ქვეყანა ირჩევს ამ გზას, ვაქცინაცია სავალდებულო შესაძლოა იყოს სამედიცინო პერსონალისთვის, საბიუჯეტო დაწესებულებების მოხელეებისთვის, მასწავლებელებისთვის, იმ ხალხისთვის, რომლებსაც აქვთ მეტი კომუნიკაცია და შესაბამისად, მეტ რისკჯგუფს წარმოადგენენ, როგორც ინფიცირების, ასევ ვირუსის გავრცელების. შესაძლოა ეს დადგეს გადასაწყვეტ საკითხთა შორის“.

 

ივანე ჩხაიძის განმარტებითვე, სიკვდილიანობის გაზრდა, პირდაპირკავშირშია ინფიცირების მაჩვენებლის ზრდასთან და თუ მოიმატებს ვირუსის გავრცელება, ამას სამი–ოთხი კვირის შემდეგ მოჰყვება ლეტალობის გაზრდა: „სამწუხაროდ ვაფიქსირებთ, რომ ოქტომბერში ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, რამაც შესაძლო ნოემბერში ლეტალობის გაზრდა გამოიწვიოს“.

 

კოვიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვისა და მათ შორის, აცრისკენ მოუწოდებს მოსახლეობას, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანიც, ექიმი–რეანიმატილოგი ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის სავალალო შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას.

 

„ლეტალობის ციკლი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მაღალია, სამწუხაოდ, თუმცა შემიძლია ერთი გითხრათ, თუ არ დავარღვევთ კოვიდსაწინააღმდეგო ღონისძირბებეს, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, შესაძლებელია გარდაცვალება შემცირდეს. პანდემიის დამარცხების რამდენიმე გზა არსებობს, ერთ –ერთი ეს არის პროფილაქტიკური ღონისძიება – ვაქცინაცია. ვაქცინაციას შეუძლია ადამიანების მასობრივად გადარჩენა, ამიტომ ჩემი მოსაზრებით ეს აუცილებელია. ეპიდვითარება, როდესაც რამდენიმე ათასს ცდება დავირუსების მაჩვენებელი, ეს არ არის კარგი, რადგან ინფიცირებულთა ეს რაოდენობა პირდაპირ ნიშნავს რომ პაციენტების უმეტესობა, რომლებიც სჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, რაღაც პროცესში ხდებიან მძიმე, მათ ნაწილს ჭირდება რეანიმაციული მომსახურება, მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებიც არ დაექვემდებარებიან მკურნალობას, დგება ლეტალობ,"- აცხადებს ჩვენთან საუბარში ლევან რატიანი.

 

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის გასაუმჯობესებლად ყველაზე მძლავრი იარაღი, რაც გაგვაჩნია, ეს არის ვაქცინაცია.

 

„საქართველოში, სადაც მოსახლეობის 60% აცრილია, ეს არის აჭარის რეგიონი და თბილისი, ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი დაბალია, დაინფიცირების სტატისტიკა იკლებს და გაცილებით ნაკლებია დაავადების მწვავედ მიმდინარე ფორმები, ამიტომ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, საზოგადოებას, მოვუწოდო ანტივაქსერებს, რომლებიც ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე და ვთხოვო მათ, რომ ნუ წირავენ იმ ადამიანებს ვინც მათ გვერდით ცხოვრობს, დღეს ვაქცინაცია არის ერთადერთ მძლავრი იარაღი ჩვენს ხელში ვირუსის დასამარცხებლად“– განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

 

რატომ მოუწოდებენ ვაქცინირებულები სხვას აცრისკენ

 

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აცრას მნიშვნელონად მიიჩნევენ თავად ვაქცინირებული მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ და ყოველდღიურად აქვთ ურთიერთობა ათეულობით ადამიანთან. ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის თქმით, ვაქცინაციის საკითხს სახელმწიფო სერიოზულად უნდა მიუდგეს.

 

„XXI საუკუნეში ცოტა უცნაურადაც კი მიმაჩნია აცრის ეჭვქვეშ დაყენება. რაც მთავარია ჩვენ გაგვიმართლა, ამ სენს , პანდემიას მთელი მსოფლიო ებრძვის და გვაქვს ვაქცინა. ის არგუმენტი, „რომ ავიცრა რა მომივა 5 წლის შემდეგ“, ეს ისედაც არავინ იცის. რომ არ ავიცრა და კორონა შემხვდეს, ვიცი რაც მომივა, გადავრჩები! ვგულისხმობ იმას, რომ ჩემს ირგვლივ ადამიანები კვდებიან. შესაძლოა, ვიღაცას მართლა ეშინია, ყველა ანტივაქსერი არ არის. ამ საკითხს ხელისუფლება სერიოზულად უნდა მიუდგეს, რადგან სხვისი აუცრელობა მეც მავნებს, ქვეყანას აჩერებს. ბევრი აუცრელი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არ გაიხსნა, წითელი ზონა ხარ, არ გიღებს არავინ, არ ჩამოდის არავინ, გაჩერდა ეკონომიკა, ტურიზმი... ყველაფერთანაა მიბმული. ეს აუცრელობა უკვე დანაშაულია, მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის კი არა, არამედ ქვეყნის წინაშე,“ - აცხადებს FirstNews.ge- თან საუბარში დათო ლიკლიკაძე.


ცხოვრების ჩვეული რიტმის აღსადგენად, ვაქცინაციას მიიჩნევს საუკეთესო საშუალებად, ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლალი უშვერიძეც:


„დღეს როდესაც საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, დიდი გამოცდის და განსაცდელის წინაშე დგას. რეგულაციების დაცვა და აცრა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას და მომავალ თაობას ამ დიდი პანდემიისგან. მე ავიცერი, რათა დაცული იყოს ჩემი და ჩემი მოსწავლეების უსაფრთხოება და მშვიდ გარემოში ჩავატარო გაკვეთილები. საჭიროა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საქმეს. იმედია აცრა დაგვიცავს და გადაგვარჩენს,“- აცხადებს ლალი უშვერიძე.

 

სტატია მომზადებულია პროექტის „ვაქცინის შესახებ დადებითი ინფორმაციის მიწოდებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“ ფარგლებში.

 

პროექტი „ვაქცინაციის შესახებ დადებითი ინფორმაციის მიწოდებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“ ხორციელდება „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“- DRIVE Democracy მცირე გრანტების მხარდაჭერით.
 
 
DRIVE Democracy ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებასა და გაძლიერებას, არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაზრდასა და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას.
წაკითხვა 817 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.