ახალი ანტირეკორდი და შემაშფოთებელი პროგნოზები - რამდენ ხანს და რა ნიშნულამდე გაგრძელდება სიკვდილიანობის ზრდა

“საქართველოში ლეტალობის ყოველდღიური მაჩვენებელი შემაშფოთებლად იზრდება, თუმცა, ამის ფონზე ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოდ მზარდი არ არის.

ჯანდაცვის სპეციალისტები ამას ადამიანთა ორგანიზმში ვირუსის გაძლიერებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ახლა არსებული სტატისტიკა იმ დიდი რაოდენობით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლის შედეგია რაც 10 დღის წინ გვქონდა და შესაძლოა ასეთი ლეტალობა თვის ბოლომდე შენარჩუნდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი ანტირეკორდი და შემაშფოთებელი პროგნოზები - რამდენ ხანს და რა ნიშნულამდე გაგრძელდება სიკვდილიანობის ზრდა.

 

“14 ნოემბრის მონაცემებით, ჩატარებული 38 817 ტესტით გამოვლინდა ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა. 12 ნოემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 445 იყო და 13 ნოემბერს კი - 4 565 ინფიცირებული შეადგინა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.53%-ია, ხოლო ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა, იგივე 14 ნოემბრის მონაცემებით, შეადგენს 81 ადამიანს, რაც ახალი ანტირეკორდია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 975 პირი ემსხვერპლა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბრისას მაღალი ლეტალობის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ ყოველი გადაცემის შემდგომ ვირუსი უფრო ძლიერდება, რასაც აუცრელი პაციენტის ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება. იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა თქვა, რომ ლეტალობა, როგორც წესი, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამოვლენიდან 10-14 დღის შემდეგ იზრდება. ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას აზრით, არსებული შედეგი გასაკვირი არ არის და, სამწუხაროდ, მოსალოდნელიც იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ყოველი გადაცემის შემდეგ ვირუსი უფრო ძლიერდება და ადამიანის ორგანიზმში მეტი სიმწვავით ვითარდება. ასეთი ვირუსი კი აუცრელ ადამიანს ბევრად უფრო დიდ ზიანს აყენებს. სანამ მოსახლეობის სრულ ვაქცინაციას ვერ მოვახერხებთ, ვირუსი უფრო მეტად გაძლიერდება და მზარდი ლეტალობის მაჩვენებელიც, სამწუხაროდ, ხშირად დაფიქსირდება. აუცილებელია ჩამოყალიბდეს სპეციფიური იმუნიტეტი, რადგან არასპეციფიური ვერ ერევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

 

“საერთოდ, გარდაცვლილთა მაღალი რაოდენობა მას შემდეგ ფიქსირდება ხოლმე, რაც ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია. პირობითად ვამბობ. ვინც დღეს გარდაიცვალა, მათი ინფიცირება 10-14 დღის წინ მოხდებოდა. აქამდე ისინი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. ასე რომ, იმ დღეებში არსებული მაღალი ინფიცირების შედეგია ახლა არსებული ლეტალობის ანტირეკორდი. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი გადადების შემდეგ ვირუსი ძლიერდება ადამიანის ორგანიზმში, რასაც ვერ უმკლავდება აუცრელი ადამიანის იმუნიტეტი”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვი.

 

“მიუხედავად იმისა რომ ბოლო სამი დღის მანძილზე არ გვაქვს განსაკუთრებით მზარდი ინფიცირებულთა რაოდენობა, დღეს არსებული ლეტალობა იმ მწვავე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედეგია, როდესაც დღიურად 5 ათასზე მეტი ინფიცირებული გვყავდა ქვეყანაში. მართალია, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე არ გვაქვს დიდი რაოდენობით ინფიცირებულთა მაჩვენებელი, მაგრამ ვიცით, რომ საკმაოდ ბევრი დაავადებული გვყავდა რამდენიმე კვირის წინ. სწორედ ამის შედეგია დღეს არსებული ლეტალობა, რომელიც შესაძლოა რამდენიმე კვირის მანძილზე კიდევ გაიზარდოს. ზოგადად, როდესაც ამგვარი სტატისტიკა გვაქვს და საქართველოს მოსახლეობის მქონე ქვეყანაში დღიურად არის 4-5 ათასი შემთხვევა, რამდენიმე კვირის დაგვიანებით ეს აღინიშნება გარდაცვალების რაოდენობაზე. ჩვენ ველოდით, რომ მწვავე ეპიდვითარების ფონზე, 2-3 კვირის შემდეგ, სიკვდილიანობაც გაიზრდებოდა და ამიტომ ეს ციფრები კიდევ შეიძლება გაიზარდოს მანამ, სანამ ეპიდვითარება დარეგულირებისკენ არ წავა. ამასთან, აუცრელებში უფრო მწვავედ მიმდინარეობს ვირუსი. ასე რომ, თუ ეპიდვითარებას ქვეყანაში არ დავარეგულირებთ, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად აგრესიული და საშიში გახდეს ვირუსი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

წაკითხვა 357 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.