რითია გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდისა და რეგულაციების შემსუბუქების ტენდენცია

“საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნები რეგულაციებს ამსუბუქებენ.

ჯანმო აცხადებს, რომ კაცობრიობა ჯერ კიდევ პანდემიის შუაშია, სპეციალისტები კი მანამდე ლეტალობის მაჩვენებლის შემცირებას ელოდნენ. საქართველოში ორი დღეა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა, 9 თებერვლის მონაცემებით გარდაიცვალა 51 ადამიანი, ხოლო სამშაბათს - 54... ჯანმოს ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 19 276 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 17%-ით ნაკლებია, თუმცა, აღნიშნულ პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსს 67 953 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 7 %-ით მეტია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რითია გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდისა და რეგულაციების შემსუბუქების ტენდენცია / “ადამიანიდან ადამიანზე გადაცემისას ვირუსის ორგანიზმზე დამრთგუნველი მოქმედება იზრდება - სიკვდილიანობის ზრდა სწორედ ამის ბრალია”.

 

“1 იანვრიდან 6 თებერვლამდე პერიოდში დაინფიცირების ყველაზე მეტი, 1 874 006 ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის საფრანგეთი, 1 738 189 შემთხვევით, მესამე ადგილზეა გერმანია - 1 285 375 შემთხვევა და მათ მოჰყვებიან ბრაზილია და ინდოეთი. ვირუსს ყველაზე მეტი, 14 090, ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ინდოეთი, 7 888 გარდაცვლილით, მესამეზე კი რუსეთი, სადაც გარდაცვალების 4 686 შემთხვევა დაფიქსირდა... ჯანმოს კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ბევრ ქვეყანაში “ომიკრონის” გავრცელების პიკს ჯერ კიდევ არ გადაუვლია. ჯანმო-ს ინციდენტების მენეჯერის აბდი მაჰამუდის თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობდა, რომ “ომიკრონი” უფრო მსუბუქია, მისი აღმოჩენის შემდეგ ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც ტრაგიკულზე მეტია”. მიუხედავად ამ მონაცემებისა ქვეყნები რეგულაციებს ამსუბუქებენ, მაგალითად იტალიამ გარე სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულება გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს, მაღალია გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებელი. გარე სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულება იხსნება ესპანეთშიც”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2-პიკიანი მრუდი, ამ შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვმა შესაძლოა, 30 000-ზე მეტს მიაღწიოს. “რთულია პროგნოზირება, რამდენად იქნება მომდევნო დღეები დაღმავალი ტალღის მიმანიშნებელი, მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2- პიკიანი მრუდი. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მატების მაქსიმალური ნიშნული შესაძლებელია უფრო მაღალი რიცხვი იყოს 30 000 და მეტიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო 7 დღის განმავლობაში როგორი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი. იმედს ვიტოვებთ, რომ 2 თებერვალს იყო ინფიცირების პიკი და შემდეგი დღეების განმავლობაში თანდათან შემცირდება ეს მაჩვენებელი”, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველანაირი ეპიდემიური მონაცემით, ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ. ბოლო ორი დღის ციფრი კი მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელებამ უკონტროლო ზრდა არ განიცადა, თუმცა როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება გრძელდება”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ომიკრონთან” დაკავშირებით რისკი არის მისი ძალიან სწრაფი და მასობრივი გავრცელება. აქედან გამომდინარე, ადამიანების გარკვეული პროცენტი - ეს არის 2.7%, ვინც ჰოსპიტალში ხვდება. უდიდესი ნაწილი არის ბინაზე. ჰოსპიტალური საწოლფონდი 8 ათასზე მეტია. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალიზირებულია 6 ათასამდე პაციენტი. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, მით უფრო თუ ისინი ვაქცინირებული არ არიან”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, სიკვდილიანობის ზრდა იმისგანაა გამოწვეული, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვირუსი ძლიერდება, გარდაცვლილებში კი ძირითადად აუცრელები არიან. ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას აზრით დაახლოებით 10-12 დღე ისევ ასეთი ეპიდსიტუაცია გვექნება”, - დასძენს გამოცემა.

 

“მოხდა ზუსტად ის, რაც არ გამკვირვებია, რადგან ადამიანიდან ადამიანზე გადაცემისას ვირუსის ორგანიზმზე დამრთგუნველი მოქმედება იზრდება. სისკვდილიანობის ზრდა სწორედ ამის ბრალია. გარდაცვლილებში ძირითადად აუცრელები არიან, თორემ, რეალურად ვინც გადაიტანა, ან აიცრა ორჯერადად, ან ბუსტერით, კორონავირუსი გადაიტანეს, როგორც ჩვეულებრივი გრიპი. ვირუსი ამდენ ბრძოლაში ალბათ გამოიბრძმედა. ამის გამოა, რომ სიკვდილიანობამ იმატა, მეც რომ ვნახე, რომ ლეტალობა მომატებულია, ძალიან შევშფოთდი. უნდა ვიფიქროთ, რომ ვირუსი ისეთივე დარჩება, როგორიც იყო. მაგალითად, თავიდან ტუბერკულოზი იოლად რჩებოდა, ახლა ამდენი რაღაცა უნდა და შეიძლება ისეთი მულტირეზისტენტული შტამი ჩამოყალიბდეს, რომელსაც არაფერი აღარ შველის და პაციენტი განწირულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

 

“ანუ მიკრობებსაც და განსაკუთრებით ვირუსულ ინფექციებს მუტირება ახასიათებს და როცა გარდაქმნა ახასიათებს, ყოველთვის ცუდზე უნდა ვიფიქროთ და ნებისმიერი ახალი მუტაციის დროს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით თავდაცვას მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს, თორემ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი დღემდე ვერ შექმნეს. შესაძლოა ამ ინფიცირებულებში 51 გარდაცვალება უფრო ნაკლებია, ვიდრე 2 ათასზე 50, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ ლეტალობამ აშკარად იმატა. იძახეს “ომიკრონი” სუსტი და მსუბუქიაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვირუსი შეიცვალა, ის მუტაციას იმისთვის განიცდის, რომ გადარჩეს. ამიტომაც ის ცდილობს, რომ გადამდებლობა გააძლიეროს და მერე ვირულენტურობა, რომ მტერი ნაკლები ჰყავდეს. რაც ახლა ხდება, მუტირებული ვირუსის შემთხვევაში ჩვეულებრივი ამბავია. გამოსავალი ვაქცინაციაა და ელემენტარული წესების დაცვა, რადგან რასაც ვუყურებ, ნახევარი საქართველო უკვე პირბადის გარეშე დადის”, - დაასკვნის ხმალაძე.

 

“ომიკრონის” ფართომასტაბიანი გავრცელებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული არაა, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში მაინც, მას მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს და აქედან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში ლეტალური შემთხვევები ჯერ კიდევ მაღალია. დაახლოებით 10-12 დღე ისევ ასეთი ეპიდსიტუაცია გვექნება. შემდეგ ალბათ ნელ-ნელა გაუმჯობესება მოხდება. შეიძლება მკვეთრი გაუმჯობესებაც მოჰყვეს, როგორც სხვა ქვეყანაში. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, უახლოესი 2-3 კვირა მსგავს რეჟიმში მოუწევთ მუშაობა, როგორიც ახლაა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექიმ-ინფექციონისი ალექსანდრე გოგინავა.

წაკითხვა 301 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.