April 27, 2024

„უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება“ - ჩემი, შენი და ჩვენი ახალი რეალობა

ფილმის სათაური - COVID 19- ვირუსი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ჟანრი - სამეცნიერო ფანტასტიკა

ქვეყანა - ჩინეთი, იტალია, ესპანეთი (მოკლედ ევროპა, აზია) აშშ, ბრაზილია ანუ მთელი მსოფლიო

მონაწილეობენ - ექიმები (ინფექციონისტები), პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და საზოგადოება

მთავარი რეჟისორი -ღამურა ;)

 

დიახ, ძალიან ბევრ ჩვენგანს, როდესაც კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა თავი ფილმში ეგონა და ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს რეალობა ჩვენს თავს ხდებოდა.  კორონავირუსმა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაგვისროლა. მართალია ზომბებად არ გადავქცეულვართ, მაგრამ ამ ფართომასშტაბიანმა პანდემიამ გარკვეული გავლენა მოახდინა ჩვენს ფსიქოლოგიაზე.

 

როცა ვირუსი ჯერ კიდევ ჩინეთში მძვინვარებდა და ფესვებს იდგამდა, ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით, რომ სიტუაცია ასე გამძაფრდებოდა. თუმცა, მედიაში გავრცელებული  შემზარავი ვიდეოების ნახვის შემდეგ, მოსახლეობაში პანიკა გამძაფრდა. ვირუსის ძალა კი იქამდე ვერ შევიგრძენით, სანამ მსოფლიოს ქვეყნებში არ გავრცელდა. ყოველდღე ვეცნობოდით სიახლეებს, თუ როგორ იზრდებოდა დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი. მთავრობებმა „უხილავ მტერთან“ საბრძოლველად, საზოგადოება სახლშიც კი გამოკეტეს.

 

პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება და არც ის ვიცით ამ ყველაფრის ბოლო როდის იქნება. მილიონობით დაინფიცირებული და ასიათასობით გარდაცვლილი - ასეთია არსებული რეალობა.

 

საქართველოს მთავრობამ და ექიმებმა შეძლეს და გაუმკლავდნენ ვირუსის პირველ ტალღას, მაქსიმალური ზომები მიიღეს, რეგულაციები დააწესეს, რომლებიც ვირუსის შესაკავებლად სასარგებლო აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ინფექციოლოგები გვაფრთხილებენ, რომ არ უნდა მოვდუნდეთ, ფხიზლად ვიყოთ, რადგან ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება, ნიღბებითა და შიშებით.

 

დიახ, ფაქტია, კორონავირუსმა შეცვალა ჩემი, შენი და ჩვენი რეალობა.  შეიცვალა ცხოვრების სტილი, სამუშაო გარემო. გვსურს გაგაცნოთ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი  ექიმის რეალობა, რომელიც ასევე, განსხვვავებული გახდა.

 

FirstNews.ge  ექიმ-ინფექციონისტს ქეთევან მანაგაძეს ესაუბრა:

 

გაგვეცანით...

- მე გახლავართ ექიმი-ინფექციონისტი. სამედიცინო სფეროში ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ვმოღვაწეობ. ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა, რადგან ვმუშაობ, როგორც ბავშვთა ინფექციონისტად, ასევე, პირველივე დღიდან, ჩართული ვარ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში და ამ პროგრამით შევდიოდი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

 

- როგორი იყო თქვენი რეაქცია - (რა იფიქრეთ) როდესაც ჯერ კიდევ ჩინეთში გავრცელდა კორონავირუსი და ყოველდღიურად იზრდებოდა გარდაცვლილების რიცხვი?

- ვინაიდან, ჩინეთში გამოჩენილი ახალი კორონავირუსის შესახებ მსოფლიომ არაფერი იცოდა კატასტროფულად იზრდებოდა დაავადებულთა რიცხვი, ლეტალობა ძალიან მაღალი იყო, რის გამოც მსოფლიო პანდემია გამოცხადდა, ქვეყანა მოიცვა ისტერიამ, რა თქმა უნდა, ემოციურად დავიტვირთე და შიშიც დამეუფლა.

 

- როგორ და რისთვის ემზადებოდით საქართველოში, როცა ჩინეთში კორონავირუსი გავრცელდა?

- საქართველო, მისი მთავრობა და სამედიცინო სფერო ღირსეულად შეხვდა მსოფლიოს ამ გამოწვევას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის, მისი მოადგილის პაატა იმნაძის, მსოფლიო დონის პროფესიონალის თენგიზ ცერცვაძის ერთიანი ძალისხმევით, მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და გზამკვლევის მეშვეობით საქართველომ მოახერხა დაავადების გავრცელების შემცირება და შეძლო ნაკლები ლეტალური გამოსავლით ემართა ეს ახალი დაავადება.

 

- როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე? (როგორ და რით იწყება და როგორ მთავრდება?)

- ჩემი სამუშაო დღე იწყება პაციენტების მიღებით, მათზე მზრუნველობით, მკურალობით, დანიშნულების მიცემით, ფსიქოლოგიიური მხარდაჭერითა და მთავრდება პაციენტების ზარებზე პასუხით.

 

- როგორი იყო პაციენტებთან მუშაობა? გაიხსენეთ მძიმე პაციენტები, რომლებიც ვირუსს ებრძოდნენ.

- პაციენტებთან მუშაობა საკმაოდ რთული იყო, მე ძირითადად ბავშვებთან გავატარე. მათი ერთ ოთახში გაჩერება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ეკიპირების დროს შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა, ვინაიდან თავს არ ვეკუთვნოდი. საბედნიეროდ, პაციენტის მართვა არ გამჭირვებია თენგიზ ცერცვაძის მიერ შემუშავებული გზამკვლევის გამო, რომელიც თვით აშშ-მაც აღიარა მოგვიანებით.

 

- როგორი იყო დღე, როდესაც თქვენი კლინიკიდან პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეთ... (აღგვიწერეთ თქვენი, თქვენს ირგვლივ მყოფების ემოციები და თავად პაციენტისაც)

- პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტის სტაციონარიდნ გაწერა ერთ-ერთი ბედნიერი და იმედის მომცემი დღე იყო. დავამარცხეთ კორონავირუსი და მთელი მედპერსონალი იმედის თვალით შევცქეროდით გამოჯანმრთელებულ პაციენტს და ერთმანეთს. ყველა ჩვენგანში რწმენა ჩაისახა, იმის, რომ სამომავლოდ უფრო მეტს განვკურნავდით. ეს ყველაფერი ჩვენთან მოხდა და შესაძლოა ჩვენც პოტენციური პაციენტები გავმხდარიყავით.

 

- რამე განსაკუთრებული მოვლენა თუ გახსენდებათ ამ ხნის განმავლობაში, რამაც აღგაფრთოვანათ?

- არ შეიძლება არ აღვნიშნო 2 მაისობა -„გვირილობა“, როდესაც „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება”, ჟურალისტები და ჩვენი ჩოხოსნები მოვიდნენ, მოგვილოცეს დღესასწაული, სიმღერითა და გვირილებით წაგვახალისეს, გვაგრძნობინეს, რომ ჩვენს გვერდით იყვნენ.

 

110017235 2769252809969639 3718328280986797412 n

 

- როგორია თქვენი პროგნოზები? რამდენად დამარცხებადია კორონავირუსი და შეძლებს თუ არა მსოფლიო ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს?

- კორონავირუსი დღესდღეობით დამარცხებული არ არის, სანამ ვაქცინა არ შეიქმნება. პროგნოზი საიმედოა, ვინაიდან მსოფლიო დონის მეცნიერები მუშაობენ და ისინი თავის სიტყვას იტყვიან. ქვეყანა აუცილებლად ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს, თუმცა მოდუნების უფლება და საშუალება არ გვაქვს. უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები, უნდა ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. ჩვენ კი უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს.

 

- ბოლო პერიოდში კვლავ იმატა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა საქრათველოში? რა პროგნოზები გაქვთ?

- კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ბოლო კვირის განმავლობაში საგრძნობლად იმატა, ამის მიზეზი საზოგადოების ყურადღების მოდუნება და ინდიფერენტულობაა. დაინფიცირების რისკი მატულობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ბოლო კვირამ, კიდევ ერთხელ, გვიჩვენა რომ მოდუნების უფლება არ გვაქვს. კომფორტის ზონაზე ფიქრი და საუბარი ნაადრევია. მკაცრადაა გასათვალისწინებელი მთავრობისა და ჯანმოს რეკომენდაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭირდება ინფექციის მეორე ტალღის გამკლავება. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება დიდი დაგვიგროვდა, სამედიცინო რესურსი არ გვეყოფა.

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 1150 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 26 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.