გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სამუშაოების შეფასების მიზნით, საქართველოს ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 22 ივლისის მოწვევის შედეგად, საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მისიის შემადგენლობაში არიან ICOMOS-ის მრჩეველი არქიტექტურის მიმართულებით ალკივიადეს პრეპისი, ICCROM-ის პროგრამების განყოფილების მენეჯერი (კედლის მხატვრობის სპეციალისტი) მაგარი ვალერი და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პროგრამების სპეციალისტი ირენა კაკეტი. მისია საქართველოში 2 დეკემბრამდე დაჰყოფს.

 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მისიის მიზანია, შეაფასოს გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 და 2022 წლებში კონსერვაციის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოები, ღვთისმშობლის ტაძრის მკლავებში კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციისთვის გამოყენებული მეთოდები და მასალები, ასევე – საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები.

 

მოწვეული ექსპერტები გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს და სწორედ მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ქართველ ექსპერტებთან კონსულტაციით შეიმუშავებს შემდგომ სამოქმედო გეგმას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

 

„შეგახსენებთ, ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის 13 მაისს დაიწყო და აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდა. ტაძრის მკლავებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვით, აუცილებელი იყო ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად, ვინაიდან აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობდა, რაც აფერხებდა ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნიდა კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციით, საჭირო იყო ახალი დროებითი გადახურვა (რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნებოდა), რაც გაკეთდა კიდეც მიმდინარე წლის ზაფხულში. რაც შეეხება კედლის მხატვრობას, მასზე ზრუნვა UNESCO-ს ექსპერტების პირველივე მისიის საქართველოში ჩამოსვლიდან (2021 წლის ივნისი) დაიწყო და კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში შეჩერდა.

 

დროებით გადახურვასაც და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებსაც სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა (ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი).

 

აღსანიშნავია, რომ იტალიელ სპეციალისტთა ეს ჯგუფი კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათში 13 თვის წინ ჩამოვიდა და ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავის ყველაზე დაზიანებული მხატვრობა ჩამოცვენა/განადგურებას გადაარჩინა. მათ შორის იყო მაცხოვრის სახეც. ნიშანდობლივია, რომ მხატვრობის ეს ნაწილი დღესაც უცვლელად არის შენარჩუნებული, რაც გამოყენებული მეთოდის სისწორეზე მეტყველებს.

 

დადასტურებულია, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც, იუნესკოს სპეციალისტების რჩევით, ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციში.

წაკითხვა 382 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 30 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.