ვინ არის 8 შვილის დედა, რომელიც კოვიდიან პაციენტებს უსასყიდლოდ მკურნალობს

ნათია დიაკონიძე 8 შვილის დედაა. კოვიდიანი პაციენტების დახმარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავირუსი დაამარცხა. ის ოჯახებში მიდის და ვირუსისგან დასუსტებულ პაციენტებს გადასხმებს უკეთებს, ამხნევებს და შიშის დაძლევაში ეხმარება. "მე ძალიან ვამაყობ ამ მშვენიერი ქალბატონით, რომელიც ჩუმად, მშვიდად აკეთებს სიკეთეს და ყველაზე გაჭირვებულ ხალხს ეხმარება!" - წერს მასზე ერთ-ერთი მადლიერი პაციენტი, დანარჩენზე კი - თავად ნათია გვიამბობს:

- მარტოხელა დედა ვარ. 8 შვილი მყავს. ბავშვებს ბევრი სჭირდებათ, ამიტომ, ძალიან ბევრს ვშრომობ, როგორც იტყვიან, სულ "გადარბენაზე" ვარ.

ქუთაისელი ვარ. "კოვიდ-19" ახალი დამარცხებული მქონდა, როცა "ფეისბუკში" ქუთაისელი გოგონას სტატუსი ვნახე: წერდა - კოვიდიან პაციენტებს გადასხმებს უფასოდ გავუკეთებო. მე არასრული სამედიცინო განათლება მაქვს, ბავშვების გამო სწავლის დასრულება ვეღარ შევძელი, მაგრამ გადასხმებს დიდი ხანია ვაკეთებ. გადავწყვიტე მისგან მაგალითი ამეღო და დღეს ეს საქმიანობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა - მივდივარ ოჯახში, სადაც კოვიდიანი ადამიანი ცხოვრობს და სამედიცინო დახმარებას ვუწევ: ზოგჯერ მათ ვიტამინები სჭირდებათ, თუ საჭიროა, ნემსსაც ვუკეთებ და გადასხმებსაც.

ხალხი შეშინებულია. ამ დროს თბილი სიტყვა და თბილი მოპყრობა ბევრს ნიშნავს. ჩემი მაგალითიც მომყავს - ვეუბნები, რომ ვირუსი მეც მქონდა, მაგრამ მოვერიე და ახლა კარგად ვარ... სახლში ზოგჯერ ღამის 2 საათზე შევდივარ - ერთ-ერთი პაციენტის შვილს საშვი აქვს და როცა აუცილებელია, ყოველთვის მეხმარება. დღეში 15-20 გადასხმას მაინც ვაკეთებ. იყო დღე, როცა გადასხმა 30 პაციენტს დასჭირდა. ზოგჯერ ერთ ოჯახში რამდენიმე ინფიცირებულია.

- როგორ გხვდებიან ამ ოჯახებში, მადლიერებას როგორ გამოხატავენ?

- ფულს რომ არ ვიღებ, ცდილობენ სხვაგვარად მცენ პატივი. ერთ-ერთი პაციენტის ოჯახს თურმე დუშეთში სკები ჰქონია და ყოველ მისვლაზე თაფლს მჩუქნიდნენ. როცა ვატყობ, რომ ოჯახს ძალიან უჭირს. ტაქსის ფულსაც არ ვართმევ. თუმცა, ვისაც საშუალება აქვს, მცირე თანხას მჩუქნის ხოლმე.

- თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით.

- მიუხედავად დიდი პრობლემებისა და წინააღმდეგობისა, ღმერთმა რამდენი შვილიც მომცა, იმდენი გავაჩინე. ბედნიერი ვარ, რომ 8 შვილი მყავს - 4 ბიჭი და 4 გოგო. უფროსი ბიჭი 23 წლისაა, უკვე ცოლიანია. უფროსი გოგონები 17-18 წლის არიან და პატარებს ისინი უვლიან. დედ-მამაც მხარში მიდგას, დებიც შეძლებისდაგვარად ხელს მიწყობენ. მეამაყება, რომ ჩემი 4 შვილი პატრიარქის ნათლულია. მადლობა უნდა ვუთხრა კეთილ ადამიანებს, რომლებიც ჩემს მრავალშვილიან ოჯახს პერიოდულად ეხმარებიან. მეც ბევრს ვშრომობ, მთელი დღე გადარბენაზე ვარ, ძლივს ვახერხებ, რომ 10-15 წუთით შინ შევირბინო და ბავშვებს დავხედო.

- პაციენტებთან მთელი დღის განმავლობაში დადიხართ?

- დილიდან საღამომდე! ბევრი ადამიანი მელოდება და ვერ ვუღალატებ. ზოგჯერ "კოვიდი" მთელ ოჯახს აქვს და ექთნის ან ექიმის დახმარება ყველას სჭირდება.

- რა შემთხვევაში უკეთებთ გადასხმებს?

- როცა სიცხე აქვთ, ორგანიზმი გამომშრალია. პირველ დღეებში მადა ეკარგებათ, ცუდად არიან და წყალსაც აღარ სვამენ. ასეთ დროს ორგანიზმი იფიტება და სითხის რაოდენობის აღდგენაა საჭირო. ამიტომ, თუნდაც არ უნდოდეს, ინფიცირებულმა წყალი მაინც უნდა დალიოს. ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა ისიც, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმთან გარბიან, ტესტის გასაკეთებლად უზარმაზარ რიგში დგებიან და იქ მდგომარეობა უფრო ურთულდებათ. სხვათა შორის, ჩემი ერთი პაციენტის გადაყვანა უნდოდათ კოვიდსასტუმროში და არ გავაშვებინე! 75 წლის კაცია, ვირუსისგან დასუსტებული იყო, რამდენიმე გადასხმა გავუკეთე და თანდათან გამოკეთდა. კოვიდ-სასტუმროში ვინ მიეშველებოდა? ოღონდ, 4-5 დღის შემდეგ ავადმყოფს მაღალი ტემპერატურა თუ გაუგრძელდება, მერე უკვე სჭირდება კლინიკაში გადაყვანა და ფილტვების გადაღება.

- როგორც მითხრეს, ემიგრანტი ქართველებიც გთხოვენ დახმარებას.
- იტალიიდან და საბერძნეთიდან მირეკავენ, ზოგი მესენჯერშიც მწერს. ერთმა ქალმა იტალიიდან აქ თავისი გოგონა მომაბარა, რომელსაც "კოვიდი" ჰქონდა. ის ახლა უკვე კარგადაა. თურქეთში ცხოვრობს ერთი ქართველი გოგო, რომელსაც კოვიდიან მოხუცთან ჰქონდა შეხება და ძალიან ეშინოდა. დავამშვიდე და ვუთხარი, რომ წინასწარ არ ენერვიულა. მართლაც, ვირუსი მას არ შეხვდა, კარგად არის და ახლა მადლობის წერილებს მწერს. ზოგჯერ ისეთი ესემესები მომდის, ტირილს ვერ ვიკავებ. გული მეწვის, ამდენ გაფანტულ და შეშინებულ ქართველს რომ ვხედავ! მე თვითონაც, ფუფუნებაში არასდროს მიცხოვრია, მაგრამ თუ ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა აქვს, სხვა არაფერი უნდა ინატროს!
 
 
წაკითხვა 588 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 20 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.