April 27, 2024

დაგვიანებული პასუხები და არასრულყოფილი ინფორმაცია - რა პრობლემები აქვს ქუთაისის მერიის მომსახურების ელექტრონულ სერვისებს

2020 წელს შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას ელ. სერვისების საშუალებით სთავაზობს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. - ყველა მოქალაქესა თუ იურიდიულ პირს, ნებისმიერი სახის კორესპონდენციის გაგზავნა შეუძლია.

 

ms.gov.ge - დისტანციური თანამშრომლობის ელექტრონული პლატფორმაა მათთვის, ვინც სარგებლობს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. ნებისმიერ ფიზიკურ/იურიდიულ პირს შესაძლებლობა ექნება განცხადება დაარეგისტრიროს ონლაინ, რის შემდეგაც საპასუხო კორესპონდენციის დაბრუნება დისტანციურად მოხდება. საჯარო ინფორმაციის დისტანციურად მიღების განაცხადის დაფიქსირება: http://kutaisi.gov.ge/ge/nebartvebi - ამ ბმულზე ხდება.

 

რამდენად კარგად მუშაობს აღნიშნული ელექტრონული სერვისი? რა პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები?

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით FirstNews.ge არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა, რომელთაც რამდენიმე პრობლემა დაასახელეს.

 

„ქუთაისის სერვისების მომხმარებელი არ ვარ, თუმცა როდესაც კონკრეტული პროექტის ფარგლებში მიმართვა გავაკეთეთ, ვადები საკმაოდ გაიწელა და პასუხი  დაგვიანებული იყო. ის ინფორმაციაც, რაც მივიღეთ საკმაოდ მიზერული და არა სიღრმისეული იყო, სამწუხაროდ,“- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში „ალუმნების“ კურსდამთავრებული ბექა ძოწენიძე.

 

ინფორმაციის მიღების დაგვიანებაზე  საუბრობს, ასევე, პროექტ  Drive Democracy- ის მონაწილე სალომე ჩიტორელიძე

 

„ჩემი გამოცდილებით, გეტყვით, რომ პროექტის Drive Democracy-ის ფარგლებში დაგვჭირდა ინფორმაციის გამოთხოვება.  ელექტრონულად გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია საკმაოდ დაგვიანებით მივიღეთ. როდესაც დამჭირდა მუნიციპალიტეტიდან ელექტრონულად ინფორმაციის მიღება დროულად ვერ მივიღე და მოწოდებული ინფორმაციაც არ იყო ამომწურავი,“- აცხადებს სალომე ჩიტორელიძე.

 

მუნიციპალიტეტის სერვისით, ხშირად სარგებლობს ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი მათე ჩაფიჩაძე, ეს იქნება მის სამსახურეობრივ თუ სამოქალაქო აქტივობასთან დაკავშირებით.

 

„განსაკუთრებით პრობლემები იყო პანდემიის პირველ ხანებში, როდესაც საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს შეფერხებები ჰქონდათ და ინფორმაციის მოწოდება 15-20 დღის შემდეგ ხდებოდა. რაც შეეხება, უშუალოდ სერვისით სარგებლობის პროცესს, my.gov.ge-ს კანცელარიას ვიყენებ და მქონდა მოლოდინი, რომ ამ პროგრამით გაშვებული წერილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში აისახებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და აღნიშნული წერილის უშუალოდ მუნიციპალიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა დამჭირდა.  შესაბამისად დაიკარგა დრო. მიღებულ პასუხებში ინფორმაციის შეუსაბამობა იყო. გაგზავნილ წერილზე პასუხი კარგად არ იყო დამუშავებული და რამდენჯერმე დამჭირდა, რომ განმეორებით მიმემართა.

 

როგორც ჩემთვის ცნობილია მუნიციპალიტეტი მუშაობს იმისათვის,  რომ ეს სერვისი უფრო მეტად დაიხვეწოს და ხარვეზები აღმოიფხვრას. დაინერგა sms სისტემა, რომელიც წერილის გაგზავნის შემდეგ ინფორმაციას ყველა ეტაპზე მოგვაწვდის  და გვეცოდინება პასუხის შესახებ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული ხელს შეუწყობს იმას, რომ მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისებით სარგებლობა მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს,“- აცხადებს ჩვენთან საუბარში მათე ჩაფიჩაძე.

 

FirstNews.ge-მ აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობაც გამოკითხა. საზოგადოებაში აზრი ორადაა გაყოფილი. გამოკითხვისას ნაწილი გვეუბნება, რომ მერიის სერვისებს, ინფორმაციის გამოთხოვის საკითხზე იშვიათად მიმართავს, ნაწილი კი ამბობს, რომ სერვისების მუშაობით უკმაყოფილოა.

 

„წლებია ვაყენებ ჩვენს პრობლემას ყველა შეხვედრაზე... განცხადებითაც მიგვიმართავს გადახურვის და ფასადის პრობლემაზე, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. სიტყვიერად გვპასუხობენ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ იციან, მაგრამ საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია. საბინაო სამსახურის სერვისსაც არაერთხელ მივმართეთ თხოვნით,“- აცხადებს ჩვენთან საუბარში ქუთაისში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი.

 

„რამდენჯერაც მივმართეთ დროულად ვერ მივიღეთ ინფორმაცია, ან ასჯერ უნდა დარეკო და სხვადასხვა  სამსახურებში გადაგამისამართებენ... აქვთ კი გამართული სერვისები? და საკითხავია აკეთებენ რამეს?“- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ქუთაისის მკვიდრი.

 

FirstNews.ge დაინტერესდა თუ რომელი სერვისებია მოქალაქეებისთვის ქუთაისის მერიაში ელექტრონულად ხელმისაწვდომი?

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რამდენი განცხადება შევიდა მათთან? (არის თუ არა სტატისტიკა?) და ძირითადად რა სერვისებზეა მოთხოვნა?

 

ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ქუთაისის მერიისგან გამოვითხოვეთ. დოკუმენტში  აღნიშნულია, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

 

http://www.kutaisi.gov.ge/ - განთავსებულია ინფორმაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების და საჯარო ინფორმაციის შესახებ.

 

http://my.kutaisi.gov.ge/ - ელექტრონულად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიმართვის საშუალება.

 

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. - ელ. ფოსტით კორესპონდენციის სერვისი.

 

https://ms.gov.ge/home - ელექტრონულად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიმართვის საშუალება.

 

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში სულ  19 540 განცხადება შემოვიდა. ყველა სერვისი ხელმისაწვდომი და მოთხოვნადია, თუმცა მოთხოვნების უმეტესობა ორ სერვისზეა : http://www.kutaisi.gov.ge/ და ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

 

განცხადება ინფორმაციის გამოთხოვაზე  FirstNews.ge -მ 19 მაისს გაგზავნა, პასუხი კი 9 ივნისს მიიღო. კითხვაზე თუ რატომ გვიანდება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე პასუხი, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე ყოფნისას ასე გვიპასუხა:

 

„როცა პანდემია დაიწყო, არავინ იყო მზად ონლაინ მუშაობისთვის, რადგან მსგავსი ტიპის საქმეს შიდა კომუნიკაცია სჭირდება. წერილი რომ შემოდის, მას ერთი ადამიანი არ ამზადებს. ეს ხომ სისტემაა. ონლაინ მუშაობა ძალიან რთულია, რადგან თანამშრომელს შესაძლოა, სახლში სამუშაო პირობები არ ჰქონდეს, თუნდაც ინტერნეტის მხრივ.

 

თუ დაგვიანდა წერილი, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამის დაჩქარების მიზნით ჩვენ sms - სისტემაზე გადავედით, რადგან ფოსტით იგზავნებოდა წერილები, რაც აფერხებდა პროცესს. მოქალაქეს პასუხი sms -ით მისდის და საჭირო აღარაა მისი მერიაში მისვლა,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

საჯარო მმართველობის რეფორმის სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებით რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა - ,,ნათელი მომავალი“  კვლევა განახორციელა. წარმოდგენილი კითხვარის მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობის შეფასება იყო, სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის შესახებ.

 

როგორც კვლევიდან ჩანს გამოკითხულთა 37% მუნიციპალიტეტს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვების მიზნით მიმართავს.

 

3e4

 

კითხვაზე, ელექტრონული სერვისის მიღების მოთხოვნის შემდეგ  მიგიღიათ თუ არა უკუკავშრი მუნიციპალიტეტისგან? გამოკითხულთა 57% პასუხობს, რომ მიუღია, 29%-კი - არა. ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებულ ელექტრონულ სერვის 38.3% კარგად აფასებს, იგივე პროცენტული რაოდენობა კი საშუალოდ.

 

565

 

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტეისგან საჯარო ინფორმაციის მიღება როგორც ჩანს, გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge იმედოვნებს, რომ სტატიაში აღნიშნული პრობლემები და ხარვეზები სამომავლოდ მოგვარდება. 

 

 ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 1325 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 13 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.