ქუთაისში ქალთა ფონდის ,,სოხუმი’’ ორგანიზებით აქცია გაიმართა

დღეს, ქუთაისში ქალთა ფონდის ,,სოხუმი’’ ორგანიზებით, აქცია ,,სოლიდარობა უკრაინელ დედებს და ბავშვებს’’ გაიმართა. აქციას ფონდ ,,სოხუმის’’ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს.

 

,,ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდებიდანაც ჩანს ვინ ვართ და რატომ ვდგავართ აქ. ფონდი ,,სოხუმი’’ აფხაზეთიდან დევნილმა ქალებმა დააარსეს. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ომი, ყველამ გამოვიარეთ ეს საშინელება და გულგრილი ვერ დავრჩებოდით იმ მოვლენების მიმართ, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენი სურვილია მშვიდობა. გვსურს მალე დასრულდეს ეს საშინელი დღეები უკრაინაში,’’- განაცხადა ფონდ ,,სოხუმის’’ საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა ლალი შენგელიამ FirstNews.ge-თან საუბარში.

 

,,ფონდ ,,სოხუმის’’ სახელით მზად ვართ არა მხოლოდ სიტყვით, არა მხოლოდ მორალური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული ტვირთით და ფინანსური დახმარებით, გვერდით დავუდგეთ უკრაინელ დედებს და ბავშვებს. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვიზრუნოთ გმირი ერის დედებისთვის და გმირი ხალხის ღირსეული მომავლისთვის. მშვიდობა უკრაინას და მშვიდობა საქართველოს,’’- აღნიშნა ფონდ ,,სოხუმის’’ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, ეკატერინე გამახარიამ.

 

8 მარტს ქალთა სოლიდარობის აქცია, ფონდ „სოხუმის“ ტრადიციაა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის კვირეულში იმართება.

 

ქალთა ფონდი „სოხუმის“თანამშრომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდანაა და 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, როცა ქართულ მოსახლეობას იძულებით დაატოვებინეს საკუთარი სახლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) სტატუსით.

 

დევნილობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის მოგვარება მხოლოდ გაერთიანებით და ერთმანეთის მხარდაჭერით არის შესაძლებელი. სწორედ ეს იყო ქალთა ფონდ „სოხუმის“ შექმნის მიზანი, რომელიც უკვე 25 წელია, აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.

წაკითხვა 402 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.