აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - "საქართველო XVI - XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე” გამოფენა გაიმართა

დღეს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "საქართველო XVI - XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე” - ამ სახელწოდებით გამოფენა გაიმართა. გამოფენას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამი ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იყო XVI-XVIII საუკუნეების ის ჰოლანდიური რუკები და გეოგრაფიული გრავიურები, სადაც საქართველო და ქართველები არიან წარმოდგენილი. სულხან სალაძის კერძო კოლექციაში დაცული 26 რუკა და გრავიურა წარმოაჩენს, რომ ისტორიულად შავი ზღვა აკავშირებდა საქართველოსა და ევროპას და ხაზს უსვამდა ე.წ. ,,დაკავშირებულობის“ იდეის მნიშვნელობას.

 

გამოფენასთან დაკავშირებით FirstNews.ge-ის კოლექციონერი და „ღია სივრცე კავკასიის“ წარმომადგენელი სულხან სალაძე ესაუბრა:

 

“ეს გამოფენა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით „ღია სივრცე კავკასიის“ მიერ ხორციელდება. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს მე-16 - მე-18 საუკუნეების 26 რუკა და გრავიურა. აქ საუბარია იმ რუკებსა და გრავიურებზე, რომლის ავტორებიც ნიდერლანდებიდან არიან, შეიძლება იყვნენ ფრანგი ან გერმანელი, მაგრამ ამსტერდამში ან ნიდერლანდების რომელიმე ქალაქშია დაბეჭდილი. ეს ერთი კულტურის, ერთი სივრცის ან ერთი ქვეყნის გააზრების საშუალებაა.

 

რატომ ნიდერლანდები? იმიტომ რომ მე-16 საუკუნიდან ნიდერლანდები ევროპაში ხდება მთავარი ქვეყანა კარტოგრაფიის მიმართულებით. გარდა ეკონომიკის, კულტურისა და ხელოვნების განვითარებისა, ვითარდება ასევე კარტოგრაფია. იქმნება ერთმანეთზე უკეთესი რუკები, გლობუსები. კარტოგრაფია ხდება როგორც ბიზნესი, უამრავი ინფორმაცია იყრის თავს ამსტერდამში და სრულიად ბუნებრივია რომ ამ პერიოდის რუკების მნიშვნელოვან ნაწილზე შეგვიძლია საქართველო ვნახოთ. ეს იქნება კონტინენტები, იმპერიები, შავი ზღვის თემატიკის რუკები, თუ რეგიონული მნიშვნელობის რუკები. ჩვენთვის ძალიან ძვირფას და მნიშვნელოვან ინფორმაციას აერთიანებს და გვაწვდის ბევრ ცნობას, დაწყებული ძველი ბერძნული და რომაული ცივილიზაციებიდან, რაც გადაჰქონდათ კარტოგრაფებს რუკებზე.

 

ამ გამოფენაზე დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს როგორც ნიდერლანდური კარტოგრაფიის მამების რუკები, როგორიცაა აბრაჰამ ორტელიუსი, ან თუ გნებავთ გერარდ მერკარტორი, ასევე ცოტა უფრო მოგვიანებით, მე-18საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ცნობილი კარტოგრაფის და გამომცემლის პიტერ ვანდერაას რუკები და ჩანახატები.

 

ზოგადად ეს რუკები არის კარგი საშუალება რომ ჩვენი ისტორია გავიაზროთ. ირადგან, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ისტორიის კვლევასა და მის მნიშვნელობაზე, უნდა იყოს მხოლოდ ერთი მიმართულება და მულტიდისციპლინური რესურსების გამოყენება და ამისთვის რუკები არის ძალიან კარგი საშუალება, რომ შევავსოთ დავაზუსტოთ და მოსაზრებები გავამყაროთ.

 

ამ რუკებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს. ბევრი მათგანი ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისათვის და დღეს ჩვენ ქუთაისში უნივერსიტეტში წარმოვადგინეთ ეს გამოფენა. გვსურს, რომ სტუდენტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება საკუთარი თვალით ნახონ ეს ორიგინალი ვერსიები და შემდეგ უკვე ეს ყოველივე კატალოგის სახით გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე და ყველა დამთვალიერებელს და დაინტერესებულ პირებს მიუწვდება ხელი.

 

საქართველოს ისტორიის შემთხვევაში მხოლოდ ვახუშტი ბატონიშვილის პერიოდიდან გვაქვს შემორჩენილი რუკები. ამიტომაც ეს რუკები 200-250 წლით უკან არის მომზადებული და ჩახატული, რაც დღევანდელ გამოფენაზე არის წარმოდგენილი .

 

ცხადია პირად კოლექციაში მხოლოდ ნიდერლანდური რუკები არ არის დაცული. იქ ასევე, არის იტალიური, გერმანული, ინგლისური, ფრანგული რუკები. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, წლის მეორე ნახევარში საზოგადოებას შევთავაზებთ ამ რუკებსაც, რადგანაც მომავალ წელს ორი მრგვალი თარიღია ჩვენთვის. ერთი ეს არის სულხან-საბას მიერ მონაწილეობით შექმნილი რუკის პირველი გამოცემისგან 100 წლის თავი და თბილისის პირველი ჩანახატის 350წელი სრულდება და შესაძლებელია სიმბოლურად დავამთხვიოთ ამას „100ევროპული რუკა და საქართველო". დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოებას ისეთივე ინტერესი ექნება, როგორც ამ გამოფენების შემთხვევაში ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში ‘’,- განაცხადა სულხან სალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამოფენა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერითა და ღია სივრცე კავკასიის (COS) ორგანიზებით ჩატარდა.

 

319653719 5592788064164536

 

მოამზადა მარიამ ობოლაძემ

წაკითხვა 287 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 16 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.