ხონის მუნიციპალიტეტში ვორკშოპი თემაზე - „მედიაწიგნიერება - ციფრული უნარები სასკოლო განათლებაში“ ჩატარდა

ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის ორგანიზებით, ხონის სათემო განათლების ცენტრში ვორკშოპი თემაზე - „მედიაწიგნიერება - ციფრული უნარები სასკოლო განათლებაში“ ჩატარდა. შეხვედრას საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის თემაზე ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის გამოცდილების გაზიარებას და OWIS-ის მეთოდოლოგიის გაცნობას.

 

ვორკშოპის შესახებ FirstNews.ge-თან უფრო დეტალურად პროექტის მენეჯერმა თეონა ფურცხვანიძემ  ისაუბრა:

 

„თანამედროვე განათლებაში მედიაწიგნიერებასა და ციფრულ მოქალაქეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად ვითარდება ტექნოლოგიები, გვაქვს ხელოვნური ინტელექტი, ასევე  - აქტიური შეხება სოციალურ მედიასთან, ინტერნეტ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში შევხვედროდით საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე, პედაგოგებს და გაგვეზიარებინა გამოცდილება მედიაწიგნიერების მიმართულებით. ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ი ადამიანის უფლებებისა და მედიაწიგნიერების თემაზე ფლობს უნიკალურ მასალებს, ჩვენ ვიყენებთ "OWIS"-ის მეთოდოლოგიას, რაც გულისხმობს სწავლებას დოკუმენტური ფილმებისა და დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელოების მეშვეობით,“- განაცხადა თეონა ფურცხვანიძემ.

 

ვორკშოპი აქტიურ სამუშაო ფორმატში წარიმართა. აუდიტორიამ იხილა ნიკოლას ვეულის დოკუმენტური ფილმი „გამო(მ)იწერე,“ რომელიც ინფლუენსერებსა და ინსტაგრამის პლატფორმაზე ყალბი გამომწერების შესახებ გვიყვება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

 

1meri

 

მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, ასევე FirstNews.ge-თან ისაუბრა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ:

 

„დროულ ინერვენციად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ სკოლაში უკვე ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის მედიაწიგნიერება ცალკე საგნის სახით შედის. 21-ე საუკუნეში, როცა ინფორმაციას უდიდესი ძალა აქვს, სწორი და არასწორი ინფორმაციის განსჯას, ერთმანეთისგან განსხვავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,“- აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.

 

2xoni

 

პროექტი „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, რადიო მარნეულთან პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედია აქტორების ინფორმირებულობის გაზრდას საგამოძიებო ჟურნალისტიკის, კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების გაშუქების თაობაზე. ასევე, ახალგაზრდების, პედაგოგებისა და განათლების სისტემაში მომუშავე სხვა აქტორების ცნობიერების ამაღლებას მედიაწიგნიერების მიმართულებით.

 

3ხონი

 

კითხვაზე, თუ რატომ უნდა ვიყოთ მედიაწიგნიერები? - ჟურნალისტი (ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, კულტურის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი) გურანდა ცაგურია გვპასუხობს:

 

„,დიდი ხანია ახალი გამოწვევების წინაშე დგას კაცობრიობა და ერთ-ერთი მათგანი ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევაა, რომლითაც სავსეა ინტერნეტსივრცე. XXI საუკუნეში ადამიანები და განსაკუთრებით 14-18 წლის ახალგაზრდები, ინფორმაციას იმ მოცულობითა და სიხშირით იღებენ, რაც წლების წინ წარმოუდგენელიც კი იყო. სწორედ ეს ინფორმაცია აყალიბებს მათ რწმენებს, მოსაზრებებს, ცოდნას და განსაზღვრავს ქცევას საზოგადოებაში. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შეგვეძლოს მიღებული ინფორმაციის შეფასება და კრიტიკული გააზრება. მიხარია, რომ ქვეყანაში სულ უფრო აქტუალური ხდება მედიაწიგნიერების საკითხი, რადგან სწორედ მედიაწიგნიერი და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება ვერ გახდება დეზინფორმაციის მსხვერპლი. დღეს ნანახმა ფილმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ციფრულმა ერამ მედია პროდუქტების შექმნაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა ყველასთვის და ჩვენ არ ვართ დარწმუნებული თუ ვინ და რისთვის შექმნა ის მედია პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში. მივესალმები მსგავს შეხვედრებს, მით უფრო იმ მოსაზრებას, რომ მალე მედიაწიგნიერება დაინერგება სკოლებში, რათა დავეხმაროთ ახალგაზრდებს გახდნენ კრიტიკულად მოაზროვნენი, შეძლონ იმის ინტერპრეტაცია და გააზრება, რასაც ხედავენ, კითხულობენ და ისმენენ. დღევანდელი ვორკშოპის შემდეგ კიდევ უფრო დაზუსტებით ვიცი, რომ მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე და როცა ადამიანი მედიაწიგნიერია, ეს მას ეხმარება, სწორად გაიკვალოს გზა ინფორმაციის სამყაროში,“- განმარტა ჩვენთან საუბარში გურანდა ცაგურიამ.

 

ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მედიაწიგნიერების პროექტის გუნდი მადლობას უხდის ხონის სათემო განათლების ცენტრს სივრცის დათმობისთვის და შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.

წაკითხვა 302 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 16 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.