ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს საკრებულოს ,,ქართული ოცნების" დეპუტატები და კაფე-ბარ ,,სავანეს" მფლობელები დაუპირისპირდნენ.

ირაკლი და გიორგი ტურაბელიძეებს საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან ჰქონდათ კითხვა თუ რატომ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობა კაფე/ბარ ,,სავანეს" დანგრევას, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

 

"ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის, სასამართლოს მიმართეთ," - ასე უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ "სავანეს" მფლობელებს.

 

კაფე/ბარის მფლობელებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ მათ პასუხი მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისგან სჭირდებათ, რადგან ქალაქის მერი მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად არ ხვდებათ. 

 

"მერიაში არაერთხელ მივედით, მერთან შეხვედრა გვსურდა, მაგრამ არ შეგვხვდა. რატომ არ ესწრება საკრებულოს სხდომებს მერი და მოქალაქეების კითხვებს რატომ გაურბის?", - განაცხადა გიორგი ტურაბლიძემ.

 

სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად ადგილზე დაცვის თანამშრომელი გამოიძახეს და ძმებ ტურაბელიძეებს საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე ,,სავანეს" შენობის დანგრევის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ 16 ნოემბერს მიიღო. მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. მერია კაფის დემონტაჟს და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა. ამ უკანასკნელში მოსამართლემ მერიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

მანამდე კი, 4 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზეა აშენებული და ის სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო საკუთრება ვერ იქნება. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

წაკითხვა 205 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 29 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.