"ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი" - ილია მეორე
ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი. ხოლო ვინც მრუდე გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, დიდ დანაშაულს ჩადის, რადგან ვნებს როგორც საკუთარ თავს, ისე სამშობლოს, - ასე მიმართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია II უცხოეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
როგორც პატრიარქი საკუთარ მიმართვაში აღნიშნავს, დიასპორის თითოეული წარმომადგენელი უცხოეთში უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახეა.
,,ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, ყველას გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. მართალია, კიდევ ერთი წელი მიემატა სამშობლოსგან მოშორებით თქვენი ცხოვრების პერიოდს, მაგრამ მახარებს, რომ უცხოეთში თქვენი ყოფნა არ ნიშნავს თქვენგან და თქვენი შვილებისაგან საქართველოს დავიწყებას, არ ნიშნავს დავიწყებას ჩვენი ენის, რწმენისა და ტრადიციებისა. ამასთან, თქვენ იძენთ გამოცდილებას, ეცნობით ადგილობრივ მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ხელოვნებაში და გეძლევათ შესაძლებლობა, გაუზიაროთ იგი თანამემამულეებს. ხოლო ჩვენი ცხოვრების წესი, სულიერი ფასეულობანი, ჩვენი წარსული და აწმყო, ჩვენი ხელოვნება გააცნოთ უცხოელებს.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რასაც ეწევით, რათა დახმარება გაუწიოთ აქ მყოფ თქვენი ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს. ბევრჯერ მითქვამს, წყალობის გამცემი ხელი ცარიელი არასოდეს დარჩება და თქვენც, მატერიალურ სიკეთესთან ერთად, ღვთის წყალობაც გექნებათ. არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ იმასაც,რომ თითოელი თქვენგანი ბრძანდებით ჩვენი ქვეყნის სახე, უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე იქ, სადაც ახლა ცხოვრობთ. ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი. ხოლო ვინც მრუდე გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, დიდ დანაშაულს ჩადის, რადგან ვნებს როგორც საკუთარ თავს, ისე სამშობლოს. იყავით ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები და თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ქვეყანაში მისი დროებითი, მაგრამ ღირსეული მოქალაქენი. დროებითს ვამბობ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში დაბრუნდებით, მანამდე კი ეცადეთ, აქ შეიძინოთ მიწები და უპატრონოთ მას. სამშობლოს თქვენ უყვარხართ. სამშობლოს თქვენ ძალიან სჭირდებით. ყოვლადწმინდა სამებამ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თვისი შეწევნა და მფარველობა არ მოგაკლოთ, ამინ!“ - აღნიშნა ილია მეორემ.
სიახლეები
- "საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- "გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება"
- "ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
- "დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან"- საპატრიარქო
- "დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ