May 17, 2024

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვითსმშობლის სახელობის ტაძარზე გამოვლენილი სარესტავრაციო ხარვეზების გამოსწორების პროცესში, რომელსაც შემსრულებელი კომპანია კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული სანებართვო პირობების მიხედვით ახორციელებს, დასრულდა ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები.

დროებითი ღონისძიების ფარგლებში სრულდება მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ მკლავების მყარი დროებითი გადახურვის მოწყობაც, რომელიც კედლებისა და სახურავის შეპირაპირების მონაკვეთებზე არსებული კერებიდან წყლის ინფილტრაციის პრევენციას უზრუნველყოფს. ამავდროულად აგებულია კონსტრუქცია ტაძრის საკურთხევლსა და პასტოფორიუმებზე ანალოგიური დროებითი ტიპის გადახურვების მოსაწყობად.

 

ახლო მომავალში წმ. მარინეს ეკვდერზე (დაზიანებული კრამიტების ყველაზე კონცენტრირებული არეალი) ტენტის რბილ გადახურვას მყარი სახურავი შეცვლის. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, რომლითაც ღვითსმშობლის სახელობის ტაძრის ქვედა რეგისტრებსა და საკურთხეველზე მოწყობილი კრამიტის სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შეუსაბამობა დადასტურდა, სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მოთხოვნით შემსრულებელს მიეცა მითითება ტაძარზე (ნარინის ეკვდერზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე) დამატებითი თუნუქის დროებითი გადახურვის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამავე დასკვნის შესაბამისად, შემსრულებელს მოეთხოვება ტაძრის ეკვდერებზე, კარიბჭეებზე, ნართექსზე, საკურთხეველსა და პასტოფორიუმებზე გამოყენებული კრამიტის სრულად გამოცვლა და ამ მიზნით შესაბამისი გეგმა-გრაფიკისა და სამოქმედო გეგმის მომზადება.

 

მთავარ ტაძარზე დროებითი გადახურვების მოწყობის პარალელურად შემსრულებელი გადახურვებზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოში წარმოადგენს კვლევისა და ჩარევების პროექტს, გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის საფუძველზე კომპლექსის წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ კედელზე არსებული ბზარის შევსების შემდგომ აღიკვეთა წყლის შედინების კერა, რაც ამ დრომდე კედლის მხატვრობის (ქტიტორის გამოსახულება) დაზიანებას იწვევდა.

 

საზედამხედველო მისიის დაკვირვების ანგარიშების მიხედვით, ღვითსმშობლის სახელობის ტაძრის ექსტერიერისა და ინტერიერის კრიტიკულ მონაკვეთებზე შეიმჩნევა შრობის პროცესი. ვიზუალური დაკვირვების მიხედვით, დასავლეთ მკლავის სამხრეთი კედლის დასველებული არეალი შემცირებულია. დაწყებულია ამავე მკლავის დასავლეთ კედლის სველი არეალის გაშრობაც. ლოკალიზებულია წმ. მარინეს ეკვდერის სამხრეთ და დასავლეთ კედლების სველი არეალებიც.

 

საზედამხედველო მისიის პირველადი შეფასებები ოქტომბრის პირველ რიცხვებში გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში დოკუმენტურად გადამოწმდება და მომზადდება კრიტიკული არეალების პროგრესის ანალიზი.

წაკითხვა 495 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.