May 19, 2024

"დამთავრდეს წყენა, სიძულვილი, დადგეს საყოველთაო სიყვარულის და სიკეთის გაცემის დრო" - ახალი წლის მოლოდინები

წლის ბოლო თვე, ცივი და სუსხიანი დეკემბერი, თუმცა ყველაზე ფერადი, მხიარული, მოლოდინებით სავსე და ჯადოსნურია...

ნაძვის ხის ლამაზი სათამაშოებით მორთვა, ფერად-ფერადი განათებები, საახალწლო წვიმები, მაშხალები, ბავშვები, რომლებიც წითელ-თეთრ სამოსში გამოწყობილ თოვლის ბაბუას ელოდებიან,–  ეს ყველაფერი საახალწლო განწყობის დასაწყისია. ამ დროს, ყველა საახალწლო სამზადისში ერთვება და თვალებანთებულები ახალ წელს ელიან.

 

არც ისე დიდი ხანია, რაც თანამედროვე საახალწლო ტრადიციები დამკვიდრდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ამერიკული კულტურის გავრცელებას ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც.

 

რას ნიშნავს ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის ახალი წელი? რასთან ასოცირდება? რა ემოციებს იწვევს? რა მოლოდინები აქვთ მათ? FirstNews.ge გთავაზობთ გამოკითხვას.

 

ალუ გამახარია - ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის” დირექტორი

 

სუფთა პრაგმატულად, ჩემთვის ახალი წელი ნიშნავს მიმდინარე დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთის იმ ზღვარს, როცა უკან მოიხედავ და საკუთარ თავს ეკითხები – აბა რა გავაკეთე ამ განვლილ წელს, რა სარგებელი მოვუტანე ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, რა წვლილის შეტანა შევძელი, ომით გახლეჩილი ქვეყნის საზოგადოებების (პირველ რიგში მხედველობაში მაქვს ქართული და აფხაზური) დაახლოებისა და შერიგების საქმეში? რა გამომივიდა და რა არა. მილევად წელს ძალაუნებურად ადარებ შარშანდელს!

 

ახალი წელი ის მომენტია, როცა ერთიანად აანალიზებ დროს წინა „ახალი წლიდან“ დამდეგ ახალ წლამდე! ბუნებრივია, იხსენებ ამ პერიოდში რა იყო კარგი და რა ცუდი?

 

ახალი წელი ყოველთვის ასოცირება ახალ იმედებთან (!), ოჯახთან, საახალწლო სუფრასთან შეკრებილ შვილებთან და შვილიშვილებთან, ლამაზად გაწყობილ ნაძვის ხესთან და დედოფალივით თეთრი „პერანგით“ შემოსილ ჩიჩილაკთან! ახალი წელი ასოცირდება იმ სურვილებთან, რაც უნდა უთხრა შვილებსა და შვილიშვილებს, ნათესავებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს...

 

გგონია რომ ასრულებ კიდევ ერთი გვერდის წერას იმ დიდი წიგნისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება წერ და არ იცი როდის დაასრულებ, „რამდენი გვერდიანი“ გამოგივა!...

 

ჩემი მოლოდინები ყოველთვის ოპტიმისტურია – ვფიქრობ, ახალ მაინც დავასრულო ჯერ კიდევ ძველი ჩანაფიქრების განხორციელება! მოხდეს რაღაც საოცრება და ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, ერთმანეთის გულები დავიბრუნოთ ქართველებმა და აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა, დამთავრდეს წყენა, სიძულვილი, დადგეს საყოველთაო სიყვარულის და სიკეთის გაცემის დრო! ქვეყანამ დაიწყოს ადრე არნახული განვითარება, წინსვლა, სამშობლოს დაუბრუნდეს „საშოვარზე“ გადახვეწილი თანამემამულეები და გაბრწყინდეს საქართველო, მის ღვიძლ აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად!

 

ქეთევან ცხაკაია - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ სპექტრის ხელმძღვანელი

ჩემთვის ახალი წელი არის როგორც ახალი ეტაპის დასაწყისი, ისე განვლილის - შეფასებისა და შეჯამების საშუალება.  დამოკიდებულება ახალი წლის მიმართ განსხვავებულია ცხოვრების ყველა ეტაპზე, რაც სავსებით გასაგებია, რადგანაც წლებთან ერთად გვემატება გამოცდილება და იცვლება 

ემოცია - ის, რომ ამ დღეს ყველა ცდილობს გაუზიარონ ერთმანეთს სიკეთე, აჩუქონ  სითბო და, თუნდაც კეთილი და ლამაზი სიტყვით, გაუხალისონ დღე ახლობლებს, მეგობრებს და, საერთოდ, უცნობ ადამიანებს, მხოლოდ ამის გამოც კი აუცილებელია ახალი წლის აღნიშვნა.  

განსაკუთრებული მოლოდინის წინაშე დგას დღეს მთელი კაცობრიობა. ძალიან საპასუხისმგებლო და გარდამტეხი მოვლენების მონაწილეები აღმოვჩნდით. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ კორონავირუსთან ბრძოლაში და ახალი შემართებითა და გამოცდილებით გავაგრძელებთ ცხოვრებას. 2021 წელი გამარჯვების წელი იქნება!

 

ქეთევან კინწურაშვილი- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

ახალი წელი უპირველეს ყოვლისა დღესასწაულია, სადღესასწაულო განწყობა, რომელსაც ვერანაირი ნეგატიურიც კი ვერ აფერმკრთალებს. მაგრამ, თუ  ცივი გონებით ვიმსჯელებთ, მაშინ ახალი წელი განვლილი წინა წლის  შემაჯამებელი, ხარვეზების გამოვლენის და ახალი ინიციატივების დაგეგმვის  დღეა. ახალი წლიდან ნებსით თუ უნებლიეთ ცდილობ რაღაც ახალი შემოვიდეს შენს ცხოვრებაში.

 

ახალი წელი ასოცირდება რეალურ იმედებთან და ოცნებებთან, თუმცა ასეთი დამოკიდებულება არ გამორიცხავს იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაშიც  კი ყოველი ახალი წლისთვის ერთნაირი სურვილი მქონდეს. ეს ფიქსირებული სურვილია: შვილების, შვილიშვილების, ახლობელი ადამიანების  ჯანმრთელობა, ბედნიერება   და წარმატებები თავიანთ საქმიანობაში და ჩემს აფხაზეთში დაბრუნება.

 

ემოცია - სავარაუდოდ ახალი წელი ყველა ადამიანში ერთნაირ დადებით ემოციას იწვევს, თუმცა მქონია შემთხვევები, როცა მომისმენია, რომ  ამბობენ : „არ მიყვარს ახალი წელიო“. ჩემთვის ეს ემოცია  გაუგებარია.

 

მოლოდინი - დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი პანდემია დატოვებს ჩემს ქვეყანას და ზოგადად მთელს მსოფლიოს. ამის  იმედს ანმტკიცებს ის რომ, უკვე შეიქმნა ვაქცინა და ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა  ვაქცინაციის პროცესის სწორად წარმართვისთვის. უმთავრესი მოლოდინი ეს არის, რომ ადამიანები შეძლებენ გაუმკლავდნენ პანდემიას, რომელმაც ძალიან ბევრი კარგი ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა, აგვირია დღის წესრიგი, სახლებში გამოგვკეტა და ცხოვრება გაუსაძლისი გაგვიხადა,  ფიზიკური ადამიანური ურთიერთობების გარეშე.

 

ასევე, საზოგადეობის ოპოზიციური ნაწილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და  ქვეყანას მისცემს საშუალებას განახლებული,მრავალპარტიული პარლამენტით და იქ მიღებული გადაწყვეტილებებით ღირსეულად გაუმკლავდეს მრავალ არასასურველ გამოწვევას და უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების შანსი მისცეს ჩვენს ხალხს.

 

უმთავრესია სამსახურებრივი საქმიანობა ჩემს უნივერსიტეტში- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის წევრიც საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ გავხდი ჩემს კოლექტივთან ერთად.  სოხუმიდან დევნილი სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის ხსენებას კი პირდაპირ აფხაზეთთან მივყავართ. ჩემს, ჩვენს აფხაზეთთან, რომლის  დაბრუნების  საკითხი სანუკვარია თითოეული აფხაზეთელისთვის. ცხადია, ამ წლისთვის ნაკლებად რეალისტურია, მაგრამ ოცნების სურვილი ხომ მაქვს? მაშინ მინდა ვიოცნებო, რომ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ჩავეხუტო ჩემს სოხუმს, შევაღო ჩვენი სახლის კარი და ჩემი სახლის აივანზე გაკიდული უცხო ხალხის სარეცხი შეიცვალოს ჩემი შვილების და შვილიშვილების თეთრეულით. ძალიან მინდა,ტკივილამდე მინდა რომ ამ მოლოდინის ასრულებას დიდი დრო არ დასჭირდეს......

 

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

წაკითხვა 633 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 04 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.